საქართველოს ქალ ძალოსანთა ნაკრების ნატურალიზირებული უკრაინელი წევრი ანასტასია გოტფრიდი ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრებში გამოუცხადებლობაში ადანაშაულებს.
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ჰოტფრიდი განმარტავს, რომ ძალოსნობის ფედერაციამ არგუმენტად ის მოიყვანა, რომ მას დოპინგ-ტესტი არ ჰქონდა გავლი. გოტფრიდი ამბობს, რომ ის უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო დოპინგ-ტესტს ვერ ჩააბარებდა და საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეეძლო ტესტის გავლა.
“საომარ მოქმედებამდე საქართველოს ფედერაციასთან მქონდა შეთანხმება, რომ თბილისში ჩამოვიდოდი 10 მარტს. ნაყიდი მქონდა ბილეთებიც. შვილთან და ქმართან ერთად მზად ვიყავი შეკრებაზე ჩამოსასვლელად. 12 აპრილს კი ფედერაცია შეიკრიბა და ვიღაცამ ხელმძღვანელობიდან გადაწყვიტა, რომ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას ამოფარებულიყო.
შარშან ევროპის ჩემპიონატამდე საქართველოში ვიყავი შეკრებაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ გამომიძახა და ჩამოვედი.
ფედერაციის წევრებისთვის არ არის საკმარისი არგუმენტი, რომ ომი დაიწყო და ჩემთვის უკრაინიდან ჩამოსვლა იმ მომენტში, როგორც ჩემთვის ისე ჩემი შვილისთვის სახიფათო იყო. რაც შეეხება დოპინგ-ტესტს, ამის ორგანიზება უკრაინაშიც შეიძლებოდა, რადგან 5-ში უკვე შემეძლო კონტროლის გავლა და მხოლოდ განაცხადის გაკეთება იყო საჭირო საერთაშორისო ანტისადოპინგო სააგენტოში. აქამდე დოპინგ-ტესტს და შეკრებასაც უკრაინაში გავდიოდი და პირდაპირ ტურნირებზე მივემგზავრებოდი. პრობლემები მაშინ არ იყო.
საომარ მოქმედებებში ვემზადებოდი. ამ დროსაც მაქვს დიდი შანსი, რომ მოვიგო ეს ევროპის ჩემპიონატი და დავეხმარო საქართველოს, უკრაინას და ჩემს ოჯახს.ევროპის ჩემპიონატისთვის განაცხადის შესატანად კიდევ ერთი კვირა რჩება. იმედია ეს პრობლემა მოგვარდება. ფედერაციას არ სურდა ქმართან და შვილთან ერთად ჩამოვსულიყავი. ბავშვს ვერ დავტოვებდი. ჩემი ქმარი იბრძოდა და მას ველოდებოდი რომ ჩამოსვლა შემძლებოდა. 21 აპრილს ჩამოვდივარ და ფედერაციასთან შეხვედრას ვაპირებ”, – თქვა ანასტასია გოტფრიდმა.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პასუხი
თავდაპირველად მოგახსენებთ, რომ გოტფრიდი არის საქართველოს მოქალაქე, მას აქვს საქართველოს პასპორტი, მისი გამარჯვების შემთხვევაში აღიმართება საქართველოს დროშა და ჟღერდება საქართველოს ჰიმნი.
გოტფრიდი სიუჟეტში მოხსენიებულია უკრაინელ სპორტსმენად და ისეა გადმოცემული, თითქოს უკრაინაში მიმდინარე ომში მყოფ უკრაინელ სპორტსმენს და საომარ მოქმედებებში ჩართულ მის მეუღლეს ფედერაცია, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს და მათ მდგომარეობას არ ითვალისწინებს.
ჩვენი ფედერაცია ყოველთვის ღიად გამოხატავდა უკრაინელი ხალხის მიმართ მხარდაჭერას როგორც პირად საუბრებში უკრაინელ კოლეგებთან, ისე ტელეეთერებით. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ უკრაინის ძალოსნობის ფედერაციასთან და მათ მხარში ვუდგავართ ისე, როგორც თავად გვთხოვენ. არაერთხელ დავგმეთ რუსული აგრესია, თუმცა ანასტასია გოტფრიდთან დაკავშირებით ტელეეთერით ყველაფერი სხვაგვარად წარმოჩინდა.
ანასტასია გოტრფიდი, ისევე როგორც სხვა ძალოსნები, უნდა იყვნენ რეგულარულ დოპინგ კონტროლზე. წელს საქართველოს ნაკრების წევრებმა უკვე 30-მდე დოპინგ ტესტი ჩააბარეს, რომელთა შორის ზოგი დაგეგმილი იყო, მეტი წილი კი მოულოდნელი.
გასაგები მიზეზების გამო უკრაინაში ეს ტესტები ვერ ჩატარდებოდა და იმის ახსნა, თუ რატომ არის საჭირო ტესტი დაგეგმილი, თუ მოულოდნელობის ეფექტით, შორს წაგვიყვანს. ერთი რამ ცხადია, მსოფლიოში მიდის ბრძოლა დოპინგის წინააღმდეგ, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ არის ძალოსნობა და საქართველოს ნაკრებს ნებისმიერი დოპინგ სკანდალი შესაძლოა, ძვირად დაუჯდეს. საფრთხის ქვეშ შესაძლოა მთელი ფედერაცია და მისი ყველა წევრი სპორტსმენი აღმოჩნდეს.
აღსანიშნავია, რომ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია და ეროვნული ფედერაციაც ძალიან კრიზისულ მდგომარეობაშია. დგას ძალოსნობის, როგორც ოლიმპიური სახეობის ყოფნა-არყოფნის საკითხი. ჩვენი ფედერაცია კი 2012-13 წლების შემთხვევათა სიმრავლის გამო, განსაკუთრებული საფრთხის ქვეშაა. ასე რომ, ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.
ანასტასია ხშირად იმეორებს, რომ დოპინგის ჩასაბარებლად დრო კიდევ აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი დრო. ერთი ან ორი ტესტი საკმარისი რომ იყოს, მაშინ ნაკრების წევრებს 30-მდე ტესტი არ ექნებოდათ ჩაბარებული. ტესტირება უნდა იყოს ტაქტიკურად გათვლილი და ხშირად მოულოდნელობის ეფექტი უნდა ჰქონდეს. ანასტასიას კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში არცერთი დოპინგ-ტესტი არ გაუვლია.
სიუჟეტში ანასტასიას მხრიდან რამდენიმე ცრუ ბრალდება გაისმა, მათ შორის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ნაკრებში რომ უნდა ჩამოსულიყო დეკემბრიდან იყო ინფორმირებული და მოთხოვნილი, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო, ჩამოსვლაზე უარი განაცხადა. თავდაპირველად ჩამოსვლა 17 თებერვლამდე გადადო და საქართველოს ნაცვლად კონფლიქტის ზონაში, დონეცკის ოლქში წავიდა და ანტიდოპინგურ განაცხადშიც ადგილი შეცდომით მიუთითა, რაც დაუშვებელია. მოგვიანებით თარიღი 10 მარტამდე გადადო.
მოგეხსენებათ, რომ ამ პერიოდში ომიც დაიწყო და გოტფრიდის უკრაინიდან გამოყვანაში ჩაერთო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპორტის სამინისტრო და საქართველოს საელჩო უკრაინაში. მას ბევრჯერ დაუკავშირდნენ და შვილთან ერთად გამოყვანა შესთავაზეს, თუმცა მისგან პასუხი ვერ მიიღეს და საბოლოოდ ზარებსაც აღარ პასუხობდა.
კიდევ ერთი ცრუ ბრალდება უკავშირდება იმას, რომ არ შეიყვანეს ევროპის ჩემპიონატის განაცხადში. ის, რომ ანასტასია განაცხადში თავიდანვე შეყვანილი იყო, ვადასტურებთ ევროპის ფედერაციის ვებგვერდზე განთავსებული განაცხადით. ეს განაცხადი კეთდება ორი თვით ადრე.
საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია და ეთიკის კომიტეტი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. მას შემდეგ, რაც სრული მოკვლევა დასრულდება ფედერაცია განცხადებასაც გააკეთებს.”
GIPHY App Key not set. Please check settings