საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ¼ ფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა და ამაში მეტოქეც დაეხმარა. 84-ე წუთზე ჰარი კეინმა პენალტი ცაში დაარტყა და გაყაიმების რეალური შანსი გაანიავა. საფრანგეთის ნაკრები ოთხეულშია და ტიტულის დასაცავად მიიწევს, რაც მუნდიალებზე ხშირი არ არის – მხოლოდ ორჯერ მოახერხა მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ მეორედ გაჩემპიონება. ჯერ 1938 წელს იტალიამ და მერე 1962 წელს ბრაზილიამ.
დარჩენილი ოთხი გუნდიდან სწორედ საფრანგეთი მიიჩნევა მთავარ ფავორიტად. დიდიე დეშამს კი ნაკრებში ტოვებენ მინიმუმ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატამდე, ზინედინ ზიდანის მიწვევა გადაიფიქრეს.
საფრანგეთი – ბოლო 24 წელიწადში პირველი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონია, რომელიც ნახევარფინალში გავიდა.
საფრანგეთი ზედიზედ მეორე მსოფლიო პირველობაზე გავიდა ნახევარფინალში.
დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე 17 მატჩიდან 13 მოიგო როგორც მწვრთნელმა. მარტო სკოლარის (14) და შენს (16) აქვთ უფრო მეტი მოგება.
ინგლისს მხოლოდ 1 მოგება აქვს საფრანგეთთან ბოლო 24 წელიწადში. 9 მატჩი ითამაშეს.
ინგლისი ტოპ ტურნირს 56 წელია ვერ იგებს. ერთადერთი გამარჯვება 1966 წლის საშინაო მუნდიალზე მოდის.
ინგლისი მხოლოდ ერთხელ მივიდა ნახევარფინალამდე 21-ე საუკუნეში. სამჯერ გავარდა ¼ ფინალში.
გრიზმანი ამ მუნდიალზე საუკეთესოა შექმნილი მომენტების და მოსალოდნელი ასისტების მხრივ. არავის არ გაუკეთებია მასზე მეტი საგოლე პასი.
გრიზმანს 28 ასისტი აქვს ნაკრებში და ზიდანსა და ანრის გაუსწრო. ეს საუკეთესო შედეგია ბოლო 50 წელიწადში.
ჰარი კეინი პირველი ფეხბურთელია 21-ე საუკუნეში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში გაიტანა კიდეც და გააფუჭა კიდეც პენალტი.
კეინმა გაიტანა მე-8 გოლი მსოფლიო ჩემპიონატზე და რონალდოს, მარადონასა და ნეიმარს დაეწია. ინგლისელთაგან უფრო მეტი გარი ლინეკერს აქვს გატანილი.
კეინმა 53-ე გოლი გაიტანა ინგლისის ნაკრებში და რუნის რეკორდი გაიმეორა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ყატარში ჩავა საფრანგეთისა და მაროკოს ნახევარფინალზე.
კეინი: „ამას ვერსად დაემალები. მტკივნეულია. სრულიად დაცარიელებული ვარ. მომიწევს ამასთან ერთად ცხოვრება, ვიღებ პასუხისმგებლობას. ჩვენი მომენტები უკეთესი იყო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი დეტალებამდე დადის“.
რაისი: „საუკეთესო გუნდმა წააგო. ვერ ვიხსენებ კრეატივს საფრანგეთისგან, ორი გოლის გარდა“.
ჯუდ ბელინგემი: „ჩვენ უკეთესები ვიყავით და ვდომინირებდით. ჩვენმა დაცვამ ჩაკეტა მათი ვარსკვლავები“.
მაგუაირი: „გამოფიტული ვარ. განსაკუთრებული მადლობა საუთგეითს და ფანებს, რომლებსაც ჩვენი სჯეროდათ“.
საუთგეიტი: „ტურნირზე მოსაგებად ჩამოვედით და უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერს სწორად ვაკეთებდით“.
დეშამი: „დიდი მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ. საფრანგეთმა ისევ აჩვენა საკუთარი თავი“.
GIPHY App Key not set. Please check settings