ხვიჩა კვარაცხელიამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, მაგრამ მისი აქტიურობა, მცდელობები, მაგარი გოლი და პსჟ-ს უკეთესი თამაში მაინც არ აღმოჩნდა საკმარისი, არც თუ საუკეთესოდ მოათამაშე „ლივერპულის“ წინააღმდეგ – პარიზელებმა თამაშის მიწურულს ალოგიკური გოლი გაუშვეს და 0:1 წააგეს.
ხვიჩა ძირითად შემადგენლობაში იყო და 77-ე წუთზე გაიყვანეს.
მე-20 წუთზე ჩვენიანმა გოლი გაიტანა, საჯარიმოში მიიღო ბურთი, მარჯვენა მხარეს და მეურვეობის მიუხედავად მარცხენა ფეხით ლამაზად მოჭრა შორეულ კუთხეში, ალისონის გაშლილი ნახტომი საკმარისი არ ყოფილა. პარიზი ზეიმს მიეცა, მაგრამ ამასობაში VAR ამოწმებდა და ჩვენიანს ბურთის მიღების მომენტში სანტიმეტრებით მცველზე წინ დგომა დაუფიქსირდა.
კვარამ მერე კიდევ ორჯერ სცადა გატანა, მაგრამ ამ და სხვა უამრავ შემთხვევაშიც მოწოდების სიმაღლეზე იყო მეკარე ალისონი, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა.
მეორე ტაიმში ხვიჩამ შესანიშნავად დაარტყა კუთხეში მის მიერვე მოპოვებული ჯარიმა საჯარიმოს გარედან, მაგრამ ისევ ალისონი წაეპოტინა ბურთს.
მოკლედ, მთავარი მოქმედი გმირი ხვიჩა იყო: იყო ყველგან, იყო დრიბლინგები, შორეული დარტყმები, გამუდმებული მოძრაობა.
შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.8; Whoscored – 7.2.
givemesport – 8.5 (საუკეთესო თავის გუნდში).
ხვიჩას სტატისტიკა:
4 კარში დარტყმა
2 წარმატებული დრიბლინგი
48/42 ზუსტი პასი (88%)
2 საკვანძო პასი

პსჟ – ლივერპული 0:1
გოლი: ელიოტი (87)
განმეორებითი მატჩი 12 მარტს „ენფილდზე“ გაიმართება. მანამდე, 8 მარტს, პსჟ ლიგა 1-ის 25-ე ტურში გასვლაზე „რენს“ შეხვდება.
GIPHY App Key not set. Please check settings