in

ძველი ლეგენდის თანახმად დღეს რაგბი დაიბადა

რაგბის მოყვარულებს გილოცავთ. ამ სპორტის ისტორია 1823 წლის 7 აპრილს იწყება.

ლეგენდის თანახმად, რაგბი 1823 წლის 7 აპრილს დაიბადა. 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა, რომელიც ინგლისის ქალაქ რაგბის ფეხბურთელთა გუნდში თამაშობდა, წესი დაარღვია, ბურთს ხელი სტაცა და მეტოქის კარის მიმართულებით გაიქცა, რითაც დასაბამი დაუდო სპორტის ახალ სახეობას.
დღეისათვის რაგბის დაარსების ეს ისტორია უარყოფილია, მაგრამ რაგბის მთავარი ჯილდო მსოფლიო თასი, სწორედ უებ ელისის სახელს ატარებს. რაგბის კოლეჯის კედელს კი უებ ელისის მემირიალური დაფა ამშვენებს წარწერით: “დაე, ეს დაფა გვახსენებდეს უილიამ უებ ელისის დიდებულ საქციელს, ვინც გაბედა წესის დარღვევა, ხელში აიტაცა ბურთი და გაიქცა. ასე წარმოიშვა თამაში რაგბი 1823 წელს.”

სინამდვილეში თანამედროვე რაგბისა და ფეხბურთის წინამორბედი, მართლაც ერთი თამაში იყო სახელწოდებით football. თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს ქალაქ რაგბის სკოლის რამდენიმე მოსწავლემ პირველად დაწერა თამაშის წესები. აქედან მომდინარეობს თამაშის ოფიციალური სახელწოდება – rugby-football. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ოფიციალურად ჩამოყალიბდებოდა, გუნდები მატჩის წინ თანხმდებოდნენ, როგორ ეთამაშათ – ფეხბურთის თუ რაგბი-ფეხბურთის წესებით. განსხვავება ის იყო, რომ რაგბიში შეიძლებოდა ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა, ფეხბურთში – მხოლოდ დაჭერა.

1863 წელს ფეხბურთში საბოლოოდ აიკრძალა ხელით თამაში. 1871 წელს დაფუძნდა ინგლისის რაგბის კავშირი (RFU), რომელმაც 21 ინგლისური კლუბი გააერთიანა. კავშირმა შეადგინა და გამოაქვეყნა თამაშის ოფიციალური წესები. იმავე წელს გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩი შოტლანდიისა და ინგლისის ნაკრებებს შორის. 1873 წელს რაგბის კავშირი შეიქმნა შოტლანდიაში. 1875 წელს –ირლანდიაში, 1886 წელს დაფუძნდა რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRFB, შემდეგ – IRB), რომელმაც დაიწყო ზრუნვა წესების საყოველთაო სტანდარტიზაციისათვის.1934 წელს შეიქმნა სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია (FIRA) 1900, 1908, 1920, 1924 წლებში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა. 1997 წელს სოკი-ის სესიაზე რაგბი კვლავ აღიარეს სპორტის ოლიმპიურ სახეობად. რაგბის წესები თამაშის განვითარების კვალობაზე იცვლება. რაგბი ყველაზე დიდხანს, 1995 წლამდე რჩებოდა სამოყვარულო სპორტად. ამ სახეობის მესვეურნი შიშობდნენ, რომ ფულისთვის თამაში წარყვნიდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ტრადიციულ ურთიერთობებს, ამავე მიზეზით, რაგბის საერთაშორისო საბჭომ მსოფლიოს თასის გათამაშების გამართვა, მხოლოდ დაარსებიდან 100 წლის თავზე, 1996 წელს გადაწყვიტა. მანამდე ერთადერთი საერთაშორისო ტურნირი, ისიც მხოლოდ ევროპის გუნდებისთვის, ხუთი ერის პირველობა იყო, რომელიც 1921 წლიდან იმართება. ამჟამად მას ექვსი ერის პირველობა ჰქვია. მონაწილეობენ: ინგლისი, შოტლანდია, ირლანდია, უელსი, საფრანგეთი და იტალია. მსოფლიოს თასის გათამაშებამდე სანაკრებო რაგბის მთავარი მოვლენა იყო ტურნე – ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნული გუნდი რამდენიმე თვით მიემგზავრებოდა სხვა ქვეყანაში, სადაც ხვდებოდა პროვინციების გუნდებს, მთავარი კი იყო რამდენიმე შეხვედრა ორი ქვეყნის ნაკრებებს შორის – ე. წ. ტესტ-მატჩი. ტურნეების ხანგრძლივობამ და მატჩების რაოდენობამ დროთა განმავლობაში იკლო, მაგრამ ტრადიცია დღემდე არ შეცვლილა: ყოველი წლის ივნისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდები მიემგზავრებიან სამხრეთში, ნოემბერში კი პირიქით.

20-ე საუკუნის 60-იან წლებში ტარდებოდა ევროპის ჩემპიონთა თასის გათამაშება საკლუბო გუნდებს შორის. მორაგბე ქალთა შეჯიბრება მსოფლიოს თასისთვის პირველად 1991 წელს შეიქმნა. რაგბის საერთაშორისო საბჭო (International Rugby Board – IRB) დაარსდა 1886 წელს. დამფუძნებელი ქვეყნები: ირლანდია, უელსი და შოტლანდია. 1986 წლამდე საბჭოში სულ 8 წევრი იყო (დაფუძნებელთა გარდა: ავსტრალია, ახალი ზელანდია, ინგლისი, სამხრეთი აფრიკა და საფრანგეთი). აერთიანებს 95 ქვეყნის ფედერაცია და 6 რეგიონალურ ორგანიზაციას.საქართველოში რაგბის რამდენიმე საჩვენებელი მატჩი 1919, 1940 და 1948 წლებში გაიმართა.

პირველი ქართული კლუბი 1959 წლის 15 ოქტომბერს დააფუძნა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფრანგმა ემიგრანტმა ჟაკ ასპეკიანმა. 1961 წლის დეკემბერში გივი მრელაშვილის თაოსნობით შეიქმნა პირველი ოფიციალური ორგანო – თბილისის რაგბის საქალაქო სექცია, რომელიც 1964 წელს თბილისის რაგბის ფედერაციად გადაკეთდა. პირველი შეჯიბრება თბილისის პირველობა, ოთხი გუნდის მონაწილეობით გაიმართა 1962 წელს. ჩემპიონობა პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა მოიპოვა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: კარიმ უნიკალური რეკორდი დაამყარა – ატლანტამაც

ბარსას ბანერი ბერნაბეუსთან: კლასიკოს მოუთმენლად ველით