in ,

ჩემი შვილი ამბობს, მამა ევროპის ჩემპიონატზე ორ გოლს გაიტანსო. ლუქსემბურგთანაც თქვა და კი გავიტანე…

ბუდუ ზივზივაძემ საუკეთესო სეზონი დაასრულა და ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ემზადება. იმის მიუხედავად, რომ 30 წლის თავდამსხმელს “კარლსრუეში” თავდაპირველად მხოლოდ შეცვლაზე ათამაშებდნენ (ზოგჯერ არც ათამაშებდნენ) და ვის გაშვებაზეც ღიად საუბრობდნენ, სეზონის მეორე ნახევარში მწვრთნელი თავის კლასში მაინც დაარწმუნა და იმდენი მოახერხა, ბოლოს 12 გოლით მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

რაც მთავარია, ამით ქართველი გულშემატკივარიც გაახარა. ხოლო ეროვნულ ნაკრებში რაც გააკეთა, ლუქსემბურგთან პლეი ოფში შესრულებული დუბლით, ესეც კარგად გვახსოვს და ამას ყველა “მოვუყვებით შვილებს”. თუმცა, ბუდუ იმედოვნებს, რომ მთავარი მოსაყოლი ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა იქნება…

ყველა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზეა კონცენტრირებული

ვილი სანიოლმა ევრო 2024-ისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც თქვენი მოხვედრა გასაკვირი არავისთვის იყო. ტურნირისთვის როგორ ემზადებით?

  • მთავარია, ახლა ყველა ჯანმრთელად არის, ყველა ძალიან კარგ ფორმაშია, ევროპის ჩემპიონატისთვის მომზადებასაც მალე დავიწყებთ.
  • როდის?
  • 28 მაისიდან შევიკრიბებით. ყველა ერთად რომ ვიქნებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • ეს ფორმის შესანარჩუნებლად ყველაზე რთული პერიოდია – სეზონი დასრულდა და გუნდთან ერთად აღარც ვარჯიშობთ, აღარც თამაშობთ. ტონუსის შენარჩუნებას როგორ ახერხებთ?
  • ინდივიდუალურად ვვარჯიშობ.
  • დასვენება მოასწარით?
  • მოვასწარი, 3-4 დღე დავისვენე…
  • …და ეს საკმარისი იყო ენერგიის აღსადგენად?
  • საკმარისი იყო, მაგრამ წინ ისეთი ტურნირი გველოდება, სულ რომ არ დამესვენა, პრობლემა არ იქნებოდა – იმიტომ, რომ კარგ ფორმაში ვარ და შემიძლია, სეზონი გადავაგორო. მომზადების პერიოდი რთულია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატი რომ გველოდება, ამაზე სასიხარულო არაფერია. ახლა საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ამაზეა ორიენტირებული და კონცენტრირებული.

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ…

  • ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების გასვლამ ქართველ გულშემატკივრებში ახალი მოლოდინები და იმედები გააღვიძა. უკვე არის ლაპარაკი ჯგუფიდან გასვლაზეც და ასე შემდეგ…
  • იმედი და მოლოდინი ყველას გვაქვს. მოედანზე მაქსიმუმს გავაკეთებთ!
  • ამ დროს, ვილი სანიოლი ამბობს, რომ ეს ფეხბურთელებისთვის სტრესია და წინასწარ მოლოდინები არ უნდა გვქონდეს. ძნელია, არ დაეთანხმო…
  • რა თქმა უნდა! ევროპის ჩემპიონატი რომ დამთავრდება, გამოჩნდება, რა შედეგს მივაღწევთ, გამოჩნდება, მოგება და კარგი თამაში ვისთან შეგვიძლია.
  • სანიოლი ამ კუთხით ყოველთვის ზომიერ კომენტარებს აკეთებდა და გადამეტებულ მოლოდინებს არასოდეს ქმნიდა, რომ მთებს გადავატრიალებდით…
  • ასეც ჯობია! წინასწარ იმაზე ლაპარაკი და ტრაბახი, რომ მთებს გადავდგამთ, აუცილებლად ჯგუფიდან გავალთ, არასწორი მგონია.

რას ამბობს პატარა შაი?

  • თქვენი პატარა ქალიშვილი შაი რას ამბობს? ჯგუფიდან გავალთო?
  • (იცინის) შაი ამბობს, მამა ევროპის ჩემპიონატზე ორ გოლს გაიტანსო. რატომღაც ასე ამბობს და იმედია, ასეც იქნება. სხვათა შორის, ლუქსემბურგთან შეხვედრამდეც თქვა, მამა ორ გოლს გაიტანსო და კი გავიტანე…
  • იმედები ახლაც უნდა გაუმართლოთ. გოლების გატანა რომელ თამაშებში გიწინასწარმეტყველათ?
  • ჯგუფურ ეტაპზე…
  • მესამე გოლზე და პლეი-ოფში გასვლაზე ხომ არ უთქვამს რამე?
  • (იცინის) ჯერ არაფერი…

სიურპრიზს ჩეხეთისგან უფრო ველოდები

  • ჩვენი ჯგუფის ფავორიტი რომ პორტუგალიაა, ამაზე ყველა თანხმდება. პირადად თქვენ სიურპრიზს ვისგან ელოდებით?
  • უფრო ჩეხეთისგან, ვიდრე თურქეთისგან… რატომღაც…
  • მაინც რატომ ჩეხეთისგან?
  • იმიტომ, რომ წინა ევროპის ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშეს და მეოთხედფინალში გავიდნენ. ჩეხებს დღესაც საკმაოდ კარგი შემადგენლობა ჰყავთ, ორგანიზებული გუნდია და შეუძლია, გულშემატკივარს სიურპრიზი შესთავაზონ. თუმცა, ვიმედოვნებ, რადგან ჩვენს ჯგუფში არიან, ეს არ მოხდება.

მადლობა ჯაბას!

  • რას იტყვით ჯაბა კანკავას გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ევროპის ჩემპიონაზე გულშემატკივრის რანგში დასწრება გადაწყვიტა?
  • ეს ჩემთვისაც მოულოდნელი აღმოჩნდა, ისევე, როგორც… ალბათ, ყველა ფეხბურთელისთვის. თუმცა, ჯაბას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, რადგან თავისი საქმის უკეთ იცის. მადლობას გადავუხდი იმისთვის, რაც საქართველოს ნაკრებისა და ქართული ფეხბურთისთვის გააკეთა და წარმატებას ვუსურვებ პირად ცხოვრებაშიც და კარიერაშიც.

ის შრომა დამიფასდა, რაც ფეხბურთში ჩავდე…

  • ისე რა განცდაა, როცა იაზრებ, რომ ევროპის ჩემპიონატს ტელევიზორში კი არ უყურებ, თავად გახვალ მოედანზე და მილიონობით ადამიანი ტელევიზორში თავად თქვენ გნახავთ?
  • ეს არის ოცნებების ახდენა! ევროპის ჩემპიონატს სამი წლის წინ ტელევიზორში ვუყურებდი. ახლა იქ ვიქნები და ვითამაშებ. ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი რომ თამაშობ, ვიაზრებ, რომ სულ გინდა დიდ ტურნირებზე ითამაშო. ჩვენ ეს შევძელით – მე პირადად ეს 30 წლისამ მოვახერხე. ამით ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ის შრომა დამიფასდა, რაც ფეხბურთში ჩავდე.
  • საბერძნეთთან მოგების შემდეგ თქვენი წარმატება ძალიან ეფექტური სლოგანით შეფასდა – “მოვუყვებით შვილებს”. გაქვთ იმედი, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ კიდევ უფრო მეტი გექნებათ მოსაყოლი?
  • დიახ, მაქვს იმედი, რომ შვილებთან და შვილიშვილებთან მოსაყოლს ევროპის ჩემპიონატის ამბებსაც დავამატებ…

lelo.ge

2095071023

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქეთის გაფართოებული შემადგენლობაც ვიცით: კარგი გუნდია – საქართველო დიდ პატივისცემას იმსახურებს

სამწუხაროა, მაგრამ… სანიოლმა პოზიცია არ შეცვალა და კანკავას ნაცვლად სიგუა აიყვანა