in

სამუელ ინკუმი: საქართველო ძალიან შემიყვარდა და თავს უკვე ქართველად მივიჩნევ – ქართულ ფეხბურთს დიდი პოტენციალი აქვს

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში სხვადასხვა დროს არაერთ ლეგიონერს უთამაშია. იყვნენ გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებმაც ქართული ფეხბურთის ერთგულ გულშემატკივრებს თავი კარგად დაამახსოვრეს და საქართველოდან წასვლის შემდეგაც კარგი ფეხბურთი ითამაშეს. ზოგი ლეგიონერი ისეთი იყო, საერთოდ რომ არ ჩამოსულიყვნენ, არც ამით დაშავდებოდა რაიმე.

ერთ-ერთი მათგანი, რომელიც საფეხბურთო კარიერით და სათამაშო კლასით ჩვენს ეროვნულ ლიგაში გამოირჩეოდა და ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, განელი სამუელ ინკუმია.

განელ მცველს ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები და ის ამითაც გამორჩეული იყო ჩვენს ლიგაში. საქართველოს ჩემპიონატში ინკუმის გარდა, მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც ასევე აქვს მუნდიალზე ნათამაშები: ბათუმის “დინამოს” ყოფილი მცველი გოდფრი ობოაბონა.

ინკუმმა არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ჩაატარა კარიერაში. მათ შორის, მისთვის ყველაზე ემოციური, რომელსაც თავად იხსენებს, ჩემპიონთა ლიგაზე “ბაზელის” შემადგენლობაში “რომას” წინააღმდეგ ჩატარებული მატჩია. მან გოლი გაიტანა და ახალშეძენილ შვილს მიუძღვნა. ასევე, ცოტა გულისწყრომით იხსენებს 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალს, რომელშიც განა ურუგვაისთან დამარცხდა. ინკუმი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ლუის სუარესმა მაშინ ბურთი ხელით კარის შიგნიდან გამოიტანა.

სამუელი საქართველოში სპორტული ჟურნალისტის და საფეხბურთო მენეჯერის გეგი კიკაბიძის მეშვეობით აღმოჩნდა და ორი სეზონი “სამტრედიასა” და ქუთაისის “ტორპედოს” შემადგენლობაში გაატარა.

Sport4me.ge სამუელ ინკუმს განაში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

სამუელ, უპირველეს ყოვლისა, დიდი მადლობა ინტერვიუზე დათანხმებისთვის. განაში ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი ხარ და ეროვნული გუნდის მაისურითაც ბევრი მატჩი გაქვს ჩატარებული. განის ნაკრებში ჩატარებულ მატჩებზე რას იტყვი?

გამარჯობა საქართველო. დიდი სიყვარულით მოგიკითხავთ განიდან და დიდ მადლობას მოგახსენებთ იმ სითბოსთვის, რაც მე საქართველოში ვიგრძენი. ეროვნული გუნდის მაისურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნება და მთავარი მიზანია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უფლისგან დაჯილდოებული ადამიანი ვარ და ღმერთისგან ეს დიდი საჩუქარი მივიღე, რომ ჩემი ქვეყნისთვის მეთამაშა. როდესაც ნაკრებში თამაშობ და შენი ქვეყნის მაისური გაცვია, შეუძლებელია მოედანზე ყველაფერი არ გაიღო და ბოლომდე არ დაიხარჯო. ნაკრებში თამაშის დროს გათვითცნობიერებული უნდა გქონდეს, რომ შენ ქვეყნის სახე ხარ, შენს უკან მთელი ქვეყანა დგას და ეს უდიდესი ბედნიერებაა.

ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო ჩემპიონატზე გაქვს ნათამაშები. მოგვიყევი ამის შესახებ.

მუნდიალი უდიდესი საფეხბურთო ფორუმია და აქ თამაში დიდი ბედნიერებაა, რომელიც მეც მხვდა წილად. მაგრამ ეს ტურნირი მაინცდამაინც კარგად არ მახსენდება. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატს დიდი იმედებით შევხვდით და ვფიქრობ გაცილებით უკეთესი შედეგის დაფიქსირებაც შეგვეძლო. 1/4 ფინალში სუარესის ეპიზოდი რომ არა, ვინ იცის იქნებ უფრო შორსაც გავსულიყავით. მოედნიდან როგორც დავინახე და დარწმუნებულიც ვარ, რომ იმ ეპიზოდში ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე VAR სისტემა რომ ყოფილიყო, გოლი ჩაითვლებოდა, მაგრამ ეს ფეხბურთია, რომელსაც თან ახლავს როგორც დიდი გამარჯვების ემოცია, ასევე იმედგაცრუების. ეს სპორტია და სწორედ ამიტომაც არის იგი საინტერესო.

ურუგვაისთან მატჩი

ჩვენმა პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ეს შეხვედრა მთელი ქვეყნისთვის ისტორიული იყო და ფეხბურთელები მზად ვიყავით მოედანზე ყველაფერი გაგვეღო. არცერთმა თავი არ დავზოგეთ წარმატებისთვის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ფეხბურთში ყოველთვის ისე არ ხდება, რისი სურვილიც გაქვს. სუარესის ეპიზოდი რომ არა, შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალიც გვეთამაშა, მაგრამ ამ ტურნირით მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. დავამტკიცეთ, რომ აფრიკულ ქვეყანასაც შეუძლია დიდ ტურნირზე წარმატებულად თამაში.

აფრიკული ფეხბურთი

აფრიკელ ფეხბურთელთან დაკავშირებით გარკვეული სტერეოტიპია იმის შესახებ, რომ ის მხოლოდ ძალისმიერია. კი ბატონო, აფრიკული გუნდები ძირითად აქცენტს ფიზიკურ მომზადებასა და ძალაზე აკეთებენ, მაგრამ არაერთი აფრიკელი ფეხბურთელის დასახელება შეგვიძლია, რომლებიც საოცარი ტექნიკით გამოირჩევიან: სალაჰი, მანე, ობემიანგი. ეროვნულ ლიგაში გორის “დილას” და “სამგურალსაც” ჰყავთ რამდენიმე აფრიკელი ფეხბურთელი, რომლებსაც კარგი ტექნიკა აქვთ.

ბოლო წლებში ევროპული ფეხბურთი წინ მიდის, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ აფრიკულ და ევროპულ ფეხბურთს შორის დიდი სხვაობაა. მცირე განსხვავებას ის განაპირობებს, რომ ევროპული ფეხბურთი ფინანსური და ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ძალიან წინაა და ამ მხრივ ყველაფერი გამართული აქვს, რაც აფრიკის კონტინენტზე სერიოზულ პრობლემად რჩება. ნიჭიერი, პერსპექტიული ფეხბურთელი მცირე შეთავაზებაზეც თანახმაა ევროპაში წავიდეს, სადაც გაცილებით უკეთესი პირობები ექნება. თანამედროვე ფეხბურთი ბიზნესი გახდა და ფინანსების, ინფრასტრუქტურის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე განას ნაკრების გამოსვლა აფრიკული ფეხბურთის პროგრესზე მიუთითებს და სწორი მუშაობისა და მენეჯმენტის შემთხვევაში ვფიქრობ შორს არაა ის დრო, როცა აფრიკული ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

ევროპული კარიერა და ჩემპიონთა ლიგა

ევროპაში არაერთ კლუბში მითამაშია და ყველა კლუბს დიდი სიყვარულით ვიხსენებ. ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე არაერთი სეზონი მაქვს ნათამაშები. “რომას” წინააღმდეგ თამაში კი ჩემს ცხოვრებაში გამორჩეული იყო. ამ თამაშამდე პირველი შვილი შემეძინა, სამუელ ჯუნიორი და მატჩამდე გუნდელებს, ჩემს მეუღლეს ვუთხარი, რომ გოლს გავიტანდი და გავიტანე კიდეც. გოლის შემდეგ მაისური გავიძრე, შიდა მაისურზე ჩემი შვილის სახელი მეწერა. ეს ყველაზე ემოციური დღე იყო ჩემს ცხოვრებაში.

საქართველოზეც ვისაუბრეთ. ჩვენს ქვეყანაში როგორ მოხვდი?

საქართველო ჩემი მენეჯერის გეგი კიკაბიძის მეშვეობით მოვხვდი. საქართველოში სანამ ჩამოვიდოდი, რა თქმა უნდა, მსმენოდა ამ ქვეყნის და ქართული ფეხბურთის შესახებ. კახი კალაძის შესახებაც ვიცოდი. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ისეთ გუნდში, ისეთი მაღალი დონის ფეხბურთელების გვერდით თამაში, როგორებიც მალდინი, ინძაგი, კაფუ, შევჩენკო არიან, რაც უდიდესი მიღწევაა. სიმართლე გითხრათ, პირველ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი და ეგრევე არ დავთანხმებულვარ, მაგრამ როდესაც გავეცანი ქართულ კულტურასა და ტრადიციებს, დავთანხმდი საქართველოში თამაშს. აქ საოცარი ხალხი ცხოვრობს და ძალიან დიდი ნიჭი აქვთ ქართველ ფეხბურთელებს, რომ ქართული ფეხბურთი უფრო წინ იყოს. სწორი ფინანსური მენეჯმენტის შემთხვევაში ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი.

საფეხბურთო კლუბი სამტრედია

“სამტრედიაში” რთული პერიოდი გქვონდა და მთლიანობაში ჩემპიონატში მე-7 ადგილის დაკავება წარმატებად ვერ ჩაითვლება. ამ გუნდში მუშაობისას უნდა აღვნიშნო გიორგი მიქაძე. ის ძალიან რთულ პერიოდში მოვიდა გუნდში. საქმისადმი პროფესიონალური მიდგომა და ფეხბურთელებთან მეგობრული ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ ბოლო ტურებში მნიშვნელოვანი ქულები მოგვეპოვებინა და უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეგვენარჩუნებინა. მიქაძეს ისეთი ურთიერთობა ჰქონდა ფეხბურთელებთან, რომ მოედანზე გასვლისას ყველა მზად ვიყავით ყველაფერი გაგვეკეთებინა წარმატებისთვის, თუნდაც “მოედანზე მომკვდარიყავით”.

ასევე, აუცილებლად უნდა ვახსენო სამტრედიელი გულშემატკივრები. რთული პერიოდის მიუხედავად, ისინი მუდამ გუნდის გვერდზე იყვნენ და მათი ქომაგობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ ფეხბურთს გულშემატკივრების სიამოვნებისთვის ვთამაშობთ და როდესაც მათგან ასეთი მუხტი მოდის, ძალიან სასიამოვნოა.

სამწუხაროა, რომ ასეთი გუნდი, მით უმეტეს ისეთი ფეხბურთელის მშობლიური ქალაქის გუნდი, როგორიც კახი კალაძეა, მეორე ლიგაშია, მაგრამ ფეხბურთში ასეთები ხდება და იმედი მაქვს “სამტრედია” მალე დაბრუნდება ქართული ფეხბურთის ელიტაში.

უთაისის ტორპედო

“ტორპედოს” გასაოცარი, გამაგნოებელი გულშემატკივარი ჰყავს და ის გარემო, რომელსაც ისინი სტადიონზე ქმნიან, არასდროს დამავიწყდება. ამ გუნდმა ბოლო სეზონში რთული პერიოდი გაიარა. მფლობელების ცვლილება და მეც მომიწია გუნდის დატოვება და ისევ დაბრუნება. კახა ჩხეტიანი უმაღლესი დონის პროფესიონალია და მასთან მუშაობა ძალიან სასიამოვნო იყო. იგი ძალიან დისციპლინირებული და ინტელიგენტი წვრთნელია,მაგრამ არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გუნდის დატოვება მოუწია და ახალი მწვრთნელი დაინიშნა. გია ცეცაძე ძალიან მაღალკვალფიციური მწვრთნელია, მაგრამ როდესაც იგი გუნდში მოვიდა და პირველი შეხვედრა გქვონდა, მან თქვა, რომ მისთვის ლეგიონერებთან მუშაობა არ იყო პრიორიტეტული და ეს მის გეგმებში არ შედიოდა. ეს ჩემთვის თარჯიმნებს არ გადაუთარგმნიათ, მაგრამ ქართული საკმაოდ კარგად მესმის და გავიგე. ცეცაძის ეს სიტყვები ჩემთვის ნიშნავდა იმას, რომ ამ კლუბში ჩემი ადგილი აღარ იყო და მეც გუნდი დავტოვე, სადაც საკმაოდ კარგი პერიოდი გავატარე.

ამით ჩემი და საქართველოს ურთიერთობა არ მთავრდება. “ტორპედოდან” წამოსვლის შემდეგ, რომელიმე ქართული კლუბიდან შეთავაზება არ მიმიღია, მაგრამ ასეთის შემთხვევაში საქართველოს ჩემპიონატში აუცილებლად დავბრუნდები.

საქართველოს ჩემპიონატის დონე

საქართველოს ჩემპიონატში გყავთ ბევრი ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელი და მათ ნამდვილად შეუძლიათ დიდი ფეხბურთის თამაში. ბათუმის “დინამო” როგორ ტოლსწორად ეთამაშა თურქულ “სივასპორს”, რომელსაც გაცილებით დიდი ფინანსური რესურსი აქვს. ამიტომ, იმისათვის, რომ ქართული ფეხბურთი უფრო განვავითაროთ (მეც ნახევრად ქართველად მივიჩნევ თავს), აუცილებელია მეტი ფინანსური მხარდაჭერა. ვისურვებდი, რომ მთავრობამ ხელი შეუწყოს კერძო სექტორს, რომ ფეხბურთში მეტი ფული დააბანდონ და მათ გაუკეთოს გარკვეული შეღევათები, რომ მათ ჰქონდეთ ფეხბურთში ფულის ჩადების სურვილი.

უნდა შეიქმნას მეტი აკადემიები და იყვნენ კვალფიციური კადრები, რომლებიც იზრუნებენ არა მარტო ფეხბურთელების თამაშის გაზრდაზე, არამედ მათ პროფესიონალურ განვითარებაზეც, კვების რეციონის შედგენაზე და ასე შემდეგ.

ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

ხვიჩა ძალიან დიდი ტალანტია და სხვათა შორის ჩემს ყოფილ აგენტს, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის გუნდებზე მუშაობს, შევთავაზე ეს ფეხბურთელი. კვარაცხელიას აქვს დიდი მონაცემები ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატში ითამაშოს. მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი, მაგრამ ვფიქრობ 2-3 წელიწადში ის გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში იქნება.

ასევე, ძალიან ნიჭიერია ბათუმის “დინამოს” მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი. ქართულ გუნდებს შეუძლიათ ევროპულ ტურნირებზე თანაბრად თამაში და ეს ბათუმის “დინამომაც” დაამტკიცა. დაამტკიცა საქართველოს ნაკრებმა შვედეთთან მოგებით. მჯერა შორს არაა ის დრო, როცა ქართული კლუბებიც წარმატებით იასპარეზებ ევროსარბიელზე და საქართველოს ნაკრებიც გავა დიდ საფეხბურთო ფორუმზე.

ამომავლო გეგმები

ჯერჯერობით განაში ვარ და ველოდები წინადადებებს თუ სად გავაგრძელებ კარიერას. საქართველოსთან მუდმივად მექნება ურთიერთობა. საქართელოსა და განაში ბევრი ტალანტია და კარგი პირობების შემთხვევაში მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთის თამაში. მსურს საქართველოსა და განას შორის მჭიდრო საფეხბურთო ხაზი გავავლო და განაში რომელიმე ქართული საფეხბურთო კლუბის აკადემია გავხსნა.

ბოლოს, დიდი მადლობა თქვენ საინტერესო საუბრისთვის. კარგ საქმეს ემსახურებით და თქვენი, ქართველი სპორტული ჟურნალისტების მისიაც ძალიან დიდია ფეხბურთის განვითარების საქმეში.

ავტორი Tato Nikuradze

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0