in

ნუთუ ეს მართლა მოხდა: რატომ საქართველო? მაშინ ამაზე წარმოდგენაც არ მქონდა – ვილი სანიოლის ინტერვიუ

ფიფა-ს ოფიციალურმა საიტმა წერილი მიუძღვნა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს და ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს.

“2024 წლის 26 მარტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული თარიღია. სწორედ ამ დღეს დაამარცხა აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენელმა საფეხბურთო ქვეყანამ გადამწყვეტ საპლეიოფო შეხვედრაში საბერძნეთის ნაკრები თერთმეტმეტრიანების სერიაში და მოიპოვა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება.

ეს საქართველოსთვის პირველი გასვლაა დიდ საფეხბურთო ფორუმზე და იმ მასშტაბის მოვლენაა, რომელსაც შეუძლია ძირფესვიანად შეცვალოს ამ ქვეყნის საფეხბურთო ბედი.

არავინ დავობს იმაზე, რომ ქებას იმსახურებს საქართველოს ამჟამინდელი ოქროს თაობა ხვიჩა კვარაცხელიას მეთაურობით, რომელიც “ნაპოლის” ვარსკვლავია, წარმატებაში წვლილი მიუძღვის ვილი სანიოლსაც. ფრანგი სპეციალისტი საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

“მას შემდეგ, რაც მოვიპოვეთ ევროპის ჩემპიონატის საგზური, პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ერთმანეთს ვეკითხებოდით, ნუთუ ეს მართლაც მოხდა? მართლა მოვხვდით დიდ ტურნირზე”, – უმხელს ფიფა-ს ოფიციალურ საიტს სანიოლი.

ბევრ საფეხბურთო ექსპერტს გაუკვირდა, როცა 2021 წლის დასაწყისში სანიოლმა თანხმობა განაცხადა არცთუ ცნობილი ნაკრების გაწვრთნაზე. ხუთი წელი გასულიყო მას შემდეგ, რაც ის “ბორდოს” დამრიგებელი გახლდათ…

“მე შესვენება ავიღე, მაგრამ ეს იყო ჩემი არჩევანი. შესვენების პერიოდს რაც შეეხება, დგება მომენტი, როცა პირველ ადგილზე არის ოჯახი და შენი პრიორიტეტები დაშორებულია ფეხბურთისგან”, – ამბობს სანიოლი.

2020 წელს, როცა კოვიდპანდემია მძვინვარებდა, სანიოლი მიხვდა, რომ ის სწრაფად უნდა დაბრუნებულიყო საფეხბურთო საქმეში. მან არჩევანი საქართველოს ნაკრებში მუშაობის სასარგებლოდ შეაჩერა, რაც ყურადღებისგან შორს ყოფნას ნიშნავდა.

“მაშინ საკუთარ თავს ვუთხარი, რომ მინდოდა გამეწვრთნა გუნდი და, ამასთან ერთად, ვყოფილიყავი ბედნიერი. მაშინ ვიფიქრე, რომ თუ რამე უცნაური პროექტი გამოჩნდებოდა, შესაძლოა, ჩემთვის სწორედ ასეთ პროექტზე ფოკუსირება იქნებოდა კარგი”, – გვეუბნება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.

ამ მომენტამდე, სანიოლს საქართველოსთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. ერთადერთი გამონაკლისი იყო 2006 წელი. მაშინ სანიოლმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში, საქართველოს წინააღმდეგ, თბილისში ითამაშა. ის მატჩი ფრანგებმა 3:0 მოიგეს.

“სიმართლე გითხრათ, საქართველოსთან მე საერთო არაფერი მქონდა. როცა შევიტყვე, რომ იყო წინადადება ამ ქვეყნიდან, მაშინ საკუთარ თავს ვკითხე – რატომ საქართველო?! მაშინ ამაზე წარმოდგენაც კი არ მქონდა”, – ამბობს სანიოლი.

საქართველოში მისი მიწვევის ინიციატორები იყვნენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი. ისინი “შალკესა” და “ფრაიბურგში” თამაშობდნენ და იქედან იცნობდნენ “ბაიერნის” ექსფეხბურთელს.

“თავდაპირველად, გვჭირდებოდა გუნდის გაახალგაზრდავება. იყო წარმატებაც და იყო წარუმატებლობაც. ფეხბურთის ფედერაციიდან მუდმივად ვგრძნობდი მხარდაჭერას. ეს ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია”, – ესეც ვილი სანიოლის სიტყვებია.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი საქართველოს ნაკრებისთვის მარტივი არ იყო. ამის მიუხედავად, სანიოლმა მაინც მოახერხა კარგი საფუძველის ჩაყრა. მომდევნო 24 თამაშში საქართველოს ნაკრებმა წააგო მხოლოდ 5 და, ამასთან ერთად, ევროპის ჩემპიონატზეც გავიდა.

“იმ დროის მერე, რაც მე და ჩემი თანაშემწეები აქ ვართ, საქართველოს ნაკრებს ისტორიაში საუკეთესო მოგებათა მაჩვენებელი აქვს. რამდენიმე წლის წინ ფეხბურთის ფედერაციამ ინფრასტრუქტურისა და აკადემიის კუთხით რამდენიმე კარგი პროექტი განახორციელა. იქამდე კი ისეთი დროც იყო, რომ ბავშვებს სათამაშო მოედნები არ ჰქონდათ”, – ამბობს ფეხბურთის ფრანგი სპეციალისტი.

სანიოლმა 2001 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო “ბაიერნთან” ერთად, 2006 წელს კი, საფრანგეთის ნაკრებთან ერთად, მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა. მას ფეხბურთელებთან საინტერესო მიდგომები აქვს.

“ფეხბურთელებს უყვართ, როცა ჩემი კარიერიდან პატარ-პატარა ამბებს ვუყვები. ამის მიუხედავად, თუ ვინმე შეეცდება, მოთამაშეებს მხოლოდ წარსულის მაგალითებით აუხსნას რაიმე, არაფერი გამოუვა. ისინი ყოველთვის იფიქრებენ, რომ შენ მოიგე და ეს შენთვის კარგია, მაგრამ მათ სხვა რამეც სჭირდებათ და მხოლოდ ეს არ გამოდგება პრობლემების გადასაჭრელად”, – ასეთია სანიოლის აზრი.

მის მიერ გაწვრთნილი საქართველოს ნაკრების მიმართ ევროპის ჩემპიონატზე მოლოდინი გაიზარდა. ქართველებს ჯგუფში მეტოქეებად პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებები ეყოლებათ. ევროპის ჩემპიონატს მოსდევს უეფა-ს ერთა ლიგა და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი.

საქართველოს ნაკრების მომავალს მთელი ქვეყანა დიდი იმედით შესცქერის. სანიოლი ყველანაირად ცდილობს, ეს მოჭარბებული ამბიციები გარკვეულ საზღვრებში მოაქციოს.

“საქართველო აქამდე არასოდეს ყოფილა დიდ ტურნირზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც საბერძნეთის ნაკრები დავამარცხეთ, ხალხი უკვე ალაპარაკდა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლაზე (იცინის). ზოგადად, აქ ასეთი მიდგომაა – ან ყველაფერი, ან არაფერი!

მიმაჩნია, რომ ჩვენი მხრიდან არ იქნება სწორი იმის თქმა, რომ იმას და ამას მოვუგებთ და ასე შემდეგ. ჩვენი მთავარი მიზანია ის, რომ საქართველოში უფრო მაღალი გახდეს საფეხბურთო განწყობა. თუ გავხდებით თავდაჯერებულები და მივიღებთ ცოტა მეტ გამოცდილებას, შესაძლოა, მსოფლიოს 2026 წლის შესარჩევ ციკლში გაცილებით წარმატებულები ვიყოთ”, – მიიჩნევს სანიოლი.

წელიწადში შვიდ თვეს სანიოლი საქართველოში ატარებს. ეს იმიტომ, რომ გაშინაურდეს ქართველ ხალხთან. უკვე კარგად იცნობს ადგილობრივ კულტურას.

“ყველა, ვინც ჩემამდე იყო ამ თანამდებობაზე, მიდიოდა შეკრების დასრულების შემდეგ მეორე დღესვე. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ, დიდი ხნის განმავლობაში დავრჩენილიყავი ადგილზე. მიმაჩნია, რომ ადგილობრივი კულტურა მნიშვნელოვნად აირეკლება ქვეყნის ცხოვრების წესზე. ეს აისახება ფეხბუირთელების თამაშზეც და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოცანი იყო ამაში გარკვევა”, – სანიოლის ამ სიტყვებით მთავრდება წერილი fifa.com-ში.

lelo.ge

What do you think?

-1 Points
Upvote Downvote

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ჩემპიონები უკრაინაში, ლოჩოშვილის გადათამაშება იტალიაში და აპრილის საუკეთესო ზურიკო – ლეგიონერები

კვარაცხელიას მოთხოვნებს დათანხმდნენ და ხვიჩას ნაპოლიში ტოვებენ