in ,

ვლადიმერ გუცაევი: რეალს ვუთხარი თბილისში ვოლგა მრჩება და მადრიდში ვერ წამოვალ-მეთქი

13 მაისს ქართული ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი გამარჯვებიდან 40 წელი სრულდება. 1981 წლის 13 მაისს გერმანიის ქალაქ დიუსელდერფში თბილისის “დინამომ” იენის “კარლ ცეისი” დაამარცხა და თასების თასს დაეუფლა. ფინალურ მატჩში გოლები ვლადიმერ გუცაევმა და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს.

40 წლის წინანდელი მატჩის, მის კარიერასა და ქართული ფეხბურთის მომავლის შესახებ, ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Mundo deportivo ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს ვლადიმერ გუცაევს ესაუბრა.

ვეტერანი ფეხბურთელი ესპანურ გამოცემასთან საუბარში მისადმი მადრიდის “რეალის” მხრიდან არსებულ ინტერესსაც იხსენებს.

“რეალის” წინადადებას რომ დავთანხმებულიყავი და მადრიდში დავრჩენილიყავი სათამაშოდ, “დინამოც” და ჩემი ოჯახიც საქართველოში სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებოდნენ. შესაძლოა, მთელი ოჯახი სამშობლოს მოღალატეებად შევერაცხეთ.

ესპანელებს ვუთხარი, რომ საქართველოში ოჯახის გარდა, საყვარელი მანქანა “ვოლგა” მრჩებოდა. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ გაერკვიათ, ასეთი რა მანქანა იყო, რასთან გაშორებასაც ვერ ვახერხებდი. “ვოლგა” საბჭოთა პერიოდში საუკეთესო ავტომობილი იყო, რომელიც 16 000 რუბლი ღირდა.

“რეალის” წარმომადგენლები არ ნებდებოდნენ და ჩემს სანაცვლოდ “დინამოს” სანტილიანას ან ხუანიტოს “დინამოში” გამოშვებაც შესთავაზეს, მაგრამ ესპანელთა ეს წინადადებაც უარვყავით”, – იხსენებს ესპანურ გამოცემასთან მიცემულ ინტერვიუში ვლადიმერ გუცაევი.

ესპანელებმა გუცაევს ამჟამინდელი ქართული ფეხბურთის და რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც კითხეს.

“მცირე ხნის წინ, ესპანეთს, რომელიც ახლა ახალი გუნდის მშენებლობის პროცესშია, თითქმის თანაბრად ვეთამაშეთ და ეს იმედს მაძლევს. ამასთან, გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ჩემს თავს მაგონებს. მას დიდი პოტენციალი გააჩნია, სისწრაფე, ინტუიცია და ტაქტიკური ინტელექტი არ აკლია და რაც მთავარია, ფეხბურთით ცხოვრობს, ბურთთან ერთად იღვიძებს და იძინებს”, – თქვა ვლადიმერ გუცაევმა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ქოჩორაშვილმა შესაძლოა ბარსასთან ითამაშოს: გიორგი ლევანტეს განაცხადშია

ტოჩინოშინი ტაკარაფუჯისთან დამარცხდა და ნაცუ ბაშოზე მეორე მარცხი იგემა