გაზეთ Delo-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში უეფა-ს პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ვერ მალავს იმედგაცრუებას დღევანდელი ევროპული პოლიტიკითა და იმ ნაბიჯებით, რამაც ევროკავშირი, მისი აზრით, მნიშვნელოვან გეოსტრატეგიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მძიმე ვითარებამდე მიიყვანა…
მხოლოდ დადებითი მიმოხილვები მოვისმინე. თავდაპირველად, ყურადღება გამახვილდა კრიტიკოსებზე, რომლებიც ყოველთვის ჩნდებიან, როცა ცვლილებები ხდება. ჩემი შეფასებით, ადამიანების 99 პროცენტი ახლა კმაყოფილია განახლებული ჩემპიონთა ლიგით.
ტურნირი კიდევ უფრო არაპროგნოზირებადი გახდა, ვიდრე იყო. ბოლო მომენტამდე არავინ იცოდა, შემდეგ ეტაპზე გავიდოდა თუ არა. ეს სრული წარმატებაა და ჩემპიონთა ლიგის რეიტინგი შესანიშნავია.
სამივე ტურნირი წარმატებული იყო. სპონსორებს სურთ კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩადონ უეფა-ს ტურნირებში. ეს ასევე ეხება ტელევიზიას და სხვა მაუწყებლებს, რომლებიც აშუქებენ მატჩებს.
ტელეუფლებები 2027 წლამდე გაყიდულია. უეფა აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალ 4-წლიან კონტრაქტზე და აშშ-ის ბაზარზე შესაძლო გაფართოებას იმედოვნებს, სადაც ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება…
გავიარეთ სააგენტოს შერჩევის ხანგრძლივი პროცესი და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ სააგენტო Relevent-თან სატელევიზიო უფლებების სამომავლო გაყიდვისა და ჩვენი საკლუბო შეჯიბრებების სპონსორობის შესახებ.
ისინი არ განიხილავენ ჩემპიონთა ლიგის ფინალის სხვა კონტინენტზე გადატანის შესაძლებლობას. ძალიან მიკვირს, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებას შეუძლია ინფორმაციის გამოქვეყნება და ამაზე უეფა-ს აზრს არ ეკითხებიან.
არიან თუ არა მოთამაშეები მართლაც ისეთ სტრესში და დაღლილები, როგორც ცალკეული წყაროები ამტკიცებენ? მაგალითად, ზოგიერთმა კლუბმა სეზონში 60-მდე მატჩი ჩაატარა და ამაზე პროფკავშირები ლაპარაკობენ…
განრიგი ისეთი გადატვირთულია, ახალი შეჯიბრებისთვის ადგილი არ რჩება. მოთამაშეები, შესაძლოა, ძალიან დატვირთულები არიან. მაგრამ სინამდვილეში, ძირითადად, კარგად ანაზღაურებადი ფეხბურთელები ჩივიან.
სიტუაცია რთულია: კლუბებს სულ უფრო მეტი მატჩი სჭირდებათ, რომ გადაუხადონ მოთამაშეებს და მწვრთნელებს. ნაკლები მატჩი რომ ყოფილიყო, მათი ბიზნესი მდგრადი არ იქნებოდა.
შესაძლებელია თუ არა ევროპაში ხელფასის ლიმიტის შემოღება მატჩების რაოდენობის შეზღუდვით, როგორც კარლ-ჰაინც რუმენიგემ ცოტა ხნის წინ თქვა?
ჩვენი იურისტები ევროკავშირსაც ესაუბრნენ. დიდი ხელფასზე ლიმიტის დაწესება ალბათ შეუძლებელია. ჩვენ კლუბები შევზღუდეთ და ფეხბურთელების ხელფასზე შემოსავლის მხოლოდ 70 პროცენტი შეუძლიათ დახარჯონ.
ჩვენ გვყავს ბევრი ისეთი კლუბი, რომელიც ვერ უმკლავდებიან ამას და სურთ ზღვარი 80 პროცენტამდე გაიზარდოს. ეს რთული საკითხია. მაგრამ ვერ დავეთანხმები იმ მწვრთნელებს, რომელთაც მოსწონთ მეტი ლაპარაკი, როცა კარგად არიან, და ცოტა ნაკლები – როცა უჭრთ. ისინი ამბობენ, რომ უეფა და ფიფა მხოლოდ ფულს იღებენ, მაგრამ უეფა თავისი შემოსავლის 97 პროცენტს ფეხბურთში აბრუნებს.
ჩვენ ყველა დავიღალეთ პოლიტკორექტულობით. აქ, დასავლურ სამყაროში, აღარ არის სიტყვის თავისუფლება. ვეღარ იტყვი, რასაც ფიქრობ. ერთ მხარეს არიან მემარჯვენე პოპულისტები, რომლებსაც მარტივი რიტორიკა აქვთ – მიგრანტები იკავებენ შენს ადგილს და დანაშაულს სჩადიან, ლგბტ პროპაგანდა ოჯახებს არარსებულს ხდის, შვილებს ანადგურებენ და ასე შემდეგ. ეს ისეთი მარტივი პოპულისტური რიტორიკაა, რომ მას ბევრი იღებს.
იცვლება არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა, არამედ ის გარემო, რომელშიც უეფა მუშაობს, რომელშიც ჩემპიონთა ლიგა ტარდება და ისიც, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება და კაპიტალის ტექტონიკური ძვრები ყოველწლიურად შეინიშნება. ვინ იგებს და ვინ აგებს ამ კონტექსტში – რომელი კონტინენტი თუ ბლოკი?
ევროპა ყველა მიმართულებით აგებს, თუმცა არა – ფეხბურთში, რადგან მკაცრი რეგულაციების პირობებში იხრჩობა. ამავდროულად, ჩვენ ვერ ვიბრძოლებთ ყველასთან და ვერ ვუქადაგებთ მთელ მსოფლიოს, როგორ უნდა იყოს ყველაფერი.
უფრო მეტიც, აშშ-ის ახალი პრეზიდენტი ფიქრობს ტარიფების შემოღებაზე, რაც ევროპის ეკონომიკას კიდევ უფრო ნაკლებ კონკურენტუნარიანს გახდის. მე კი ევროპულ პოლიტიკაში რომელიმე ძლიერ მხარეებს ვერ ვხედავ. არ არსებობს ერთიანობა და, სამწუხაროდ, ევროპა კვლავაც წააგებს – თანაც საკუთარი მიზეზით.
რა ცვლილებებია საჭირო?
ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ არ ვიცი, შესაძლებელია ეს თუ არა. ჩვენ უნდა გავხსნათ ბაზარი და შევწყვიტოთ ასეთი რეგულირება. არავინ, თუნდაც ჩინეთი, არ უნდა იყოს ჩვენი მტერი – და არც არის ასე – ჩვენ ყველას უნდა მოვექცეთ, როგორც პარტნიორს. ჩვენ სხვებს ვუქადაგებთ, როგორ უნდა მოიქცნენ, მაგრამ ჩვენ თვითონ გვაქვს პრობლემა.
ჩვენ, შესაძლოა, ჩვენს თავსმოხვეული პოლიტკორექტულობის ტერიტორიებზე დავხეტიალობდით. ხალხი სულ უფრო მეტად იღლება ამით და ელიან პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს და მარტივ პასუხებს?
ჩვენ ყველა დავიღალეთ პოლიტკორექტულობით. აქ, დასავლურ სამყაროში, აღარ არის სიტყვის თავისუფლება. ვეღარ იტყვი, რასაც ფიქრობ. ერთ მხარეს არიან მემარჯვენე პოპულისტები, რომელთაც მარტივი რიტორიკა აქვთ – მიგრანტები იკავებენ შენს სამსახურს და სჩადიან დანაშაულს, ლგბტ პროპაგანდა ოჯახებს ანგრევს, შვილებს გვინადგურებენ და ა.შ.
ეს ისეთი გამარტივებული პოპულისტური რიტორიკაა, რომ ყველას შეუძლია მისი გაგება. მეორე მხრივ, თითქმის მთელი დასავლური მეინსტრიმული პოლიტიკა (ის არც მემარცხენეა და არც მემარჯვენე) და მეინსტრიმული მედიის უმეტესობა ადამიანებს ინტელექტუალური და ამპარტავნული პოზიციებიდან მიმართავს.
გთხოვთ, ეს უფრო კარგად განმარტოთ…
არ ეუბნებიან ხალხს, რომ არავინ და არაფერი დაანგრევს მათ ოჯახებს, რომ მიგრანტები სჩადიან დანაშაულს, მაგრამ მათ სჯიან, როგორც ყველა სხვას. არავინ ესაუბრება ხალხს, არავინ უხსნის მათ, რომ შეუძლიათ, უყვარდეთ ერთმანეთი, მიუხედავად მათი სექსუალური ორიენტაციისა…
ვერავინ ამბობს, რასაც ფიქრობს, კომიკოსების გარდა. ამიტომ ზოგი ფიქრობს, რომ მემარჯვენე პოპულისტები არიან რევოლუციონერები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან მეინსტრიმს. მაგრამ ეს ასე არ არის. მეინსტრიმ პოლიტიკამ საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს, რას აკეთებს არასწორად, რომ ეს ყველაფერი დღეს ჩვენს თავს ხდება.
ერთხელ ქალთა გუნდების საუკეთესო მწვრთნელს ვაჯილდოვებდი. თასი ძალიან მძიმე იყო. როდესაც მწვრთნელი სცენაზე გამოვიდა მის ასაღებად (ის იყო პაწაწინა და იწონიდა არაუმეტეს 55 კგ-ს), ვუთხარი: “ფრთხილად იყავი, თასი მძიმეა”. მან მადლობა გადამიხადა. მაგრამ მეორე დღეს ინგლისურმა მედიამ ნეგატიურ კონტექსტში დაწერა – “ჩეფერინი მწვრთნელს მიმართ ასე მხოლოდ იმიტომ მოიქცა, რომ ქალია”!..
პოლიტიკოსები უფრო მეტად უნდა ელაპარაკონ ერთმანეთს და ხალხს?
რა თქმა უნდა! მე და ჩემს მეუღლეს შვეიცარიაში მეგობრები გვყავს. ისინი გვიყვებიან, რომ ერთ-ერთ ადგილობრივ სკოლაში ორმა გოგონამ თქვა – ჩვენ კატები ვართ და იატაკზე უნდა ვისხდეთო. ამ დროს კი სხვა ბავშვები ჩვეულებრივად მაგიდასთან ისხდნენ და ჭამენ.
რა თქმა უნდა, მათ აქვთ უფლება მოექცნენ, როგორც სურთ, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის უცნაურია? არადა, დღეს ამაზე საუბარი ზოგადი ისტერიის გამო შეუძლებელია. პოლიტიკოსებო, თქვენი თავი ვინ გგონიათ?
ფეხბურთის ინდუსტრიაში ბევრი ადამიანი არ მიყვარს, მაგრამ ვესაუბრები იმ ორგანიზაციის გულისთვის, რომელსაც ვხელმძღვანელობ. პოლიტიკოსები ქვეყნის გულისთვის ყველას უნდა ელაპარაკონ. მათ ხომ არ უწევთ დასასვენებლად წასვლა იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც არ მოსწონთ?!
მაგრამ ამ კონტექსტში ევროპელი პოლიტიკოსებიც, როგორც ჩანს, წარუმატებლები აღმოჩნდნენ…
ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობას უკრაინაში ომის დასრულებამდე არ განიხილავენ. ახლა ჩვენ აღმოვჩნდით ისეთ სიტუაციაში, როცა აშშ ელაპარაკება რუსეთს და იგივე ევროპელ პოლიტიკოსებს აინტერესებთ, რატომ საუბრობენ მათთან კონსულტაციის გარეშე.
მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სასწორზე უფრო დიდი ინტერესებია და უნდა იმოქმედონ არა საკუთარი ეგოსა და პირადი წყენის გამო, არამედ, ჩვენი ან რომელიმე სხვა ქვეყნის ან ევროკავშირის ინტერესებისთვის. რაც მაწუხებს, არის მათი ქადაგება დანარჩენ მსოფლიოსთან, რომ ევროპა საუკეთესოა.
ევროპაში მიგრანტები იდეალურ მდგომარეობაში არ არიან, მათი უფლებები არ არის ოპტიმალურად დაცული, მაგრამ ჩვენ მსოფლიოს დემოკრატიაზე ლექციებს ვუტარებთ…
როცა ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე, შეიძლება ვისაუბროთ ახლო აღმოსავლეთზეც. ჩვენ ვიცით, როგორ მოექცნენ ყატარს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, თითქოს ყველაფერს არასწორად აკეთებდნენ და არანაირ უფლებებს არ იცავდნენ. ზოგიერთი მათგანი ალბათ მართალია, ნაწილი ნამდვილად არა, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტებია…
მედიაში ეს თავდასხმები მახსოვს. მაგალითად, ყატარში მსოფლიო ჩემპიონატმა ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, ევროპელი პოლიტიკური პოპულისტების სწავლების ტიპური მაგალითია, რომლებიც არ აღიარებენ განსხვავებულ კულტურას, განსხვავებულ რელიგიას, არ საუბრობენ დისკრიმინაციის აკრძალვაზე და არ ესმით, რომ განსხვავებულ ვითარებაში სხვადასხვა ადამიანებს განსხვავებული ადათ-წესები აქვთ.
კონგოში 29 წელია სამოქალაქო ომია და 6 მილიონი ადამიანია დაღუპული. მაგრამ სამყარო დუმს, იღებენ მადანს და მუშაობას აგრძელებენ. ამის პარალელურად, ვკითხულობთ იმის შესახებ, ლოს ანჯელესში როგორ დაწვეს ცნობილი ბიზნესმენის სახლი.
ეს ასევე სამწუხაროა, მაგრამ კონგოელი ხალხის ტრაგედიასაც უნდა მიექცეს ყურადღება. ეს ორმაგი სტანდარტები არის რეალური პრობლემა. ჩვენ ვქადაგებთ, პოლიტკორექტულობას მივყვებით, მაგრამ რეალობა ის არის, რომ ზოგიერთი ომი გვადარდებს, ზოგზე კი თვალს ვუხუჭავთ.
თქვენ აღნიშნეთ, რომ 1930-იანი წლების შემდეგ მსოფლიო მსგავსი საფრთხის წინაშე არ ყოფილა. შეგიძლიათ ამის შესახებ დაწვრილებით გვესაუბროთ?
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვითარება არასოდეს ყოფილა ისეთი საშიში, როგორც ახლაა. პოლიტიკოსები არ იღებენ გადაწყვეტილებას, მხოლოდ საზოგადოებრივ აზრზე ზრუნავენ და არსებითად არაკომპეტენტურები არიან. ჩვენ მივედით ისეთ ვითარებამდე, როდესაც ზოგიერთ დიდ ქვეყანას შეუძლია სხვისი ტერიტორიის ნაწილის ხელში ჩაგდება და საჯაროდ განიხილავს, რას წაიღებს და ვის დაესხმება თავს.
ეს ძალიან საშიშია. არ ვიცი, ესმით თუ არა ევროპელ ლიდერებს, რამდენად საშიშია სიტუაცია და რამდენად სასწრაფოდ სჭირდებათ მშვიდად ისაუბრონ ერთმანეთთან ყველაფერზე, რაც ევროკავშირის ინტერესებს ეხება. ისინი იქ არიან ევროკავშირის მოქალაქეების დასაცავად და არა – საკუთარი ინტერესების სამსახურში. ევროპას ჯერ კიდევ აქვს უპირატესობა, არის კულტურული ცენტრი, რომლის მონახულებაც ყველას სურს. სამწუხაროდ, ეკონომიკურად აღარ ვართ კონკურენტუნარიანები და მირჩევნია გადასახადებზე აღარ ვისაუბრო.
გარკვეული გაგებით, უეფა პოლიტიკურ ტაბუებსაც არღვევს. ცოტა ხნის წინ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის ორგანიზება სერბეთსა და ალბანეთს მიანდეთ, რაც პოლიტიკურ სფეროში თითქმის წარმოუდგენელი იქნებოდა. შეგიძლიათ ამაზე კომენტარის გაკეთება?
განსაკუთრებული სიმპათია მაქვს ყოფილი იუგოსლავიის ყველა ქვეყნის მიმართ. ბოლო ათწლეულები ძალიან სამწუხარო იყო. მაგრამ მთელი დასავლეთ ბალკანეთი შენელებული მოქმედების ნაღმია. მთავარი პრობლემა ის არის, რომ მათი ლიდერები ურთიერთობენ ევროპელ ბიუროკრატებთან, რომელთაც არ ესმით ბალკანეთის, ყოფილი იუგოსლავიის, ალბანეთის და სხვა ქვეყნების მენტალიტეტი.
საინტერესოა, რომ ალბანეთის და სერბეთის საფეხბურთო ასოციაციები, რომელთაც ორივე მთავრობა მხარს უჭერს, გამოთქვეს სურვილი ერთობლივად მოეწყონ შეჯიბრი, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სპორტი, ფეხბურთი პოლიტიკაზე მაღლა დგას.
ანალოგიურად, უეფა-მ სცადა თავის შეჯიბრებებში რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების დაბრუნება…
ეს კარგი კითხვაა. ჯერ ერთი, ეს ბავშვები არ მონაწილეობენ არჩევნებში, არ უჭერენ მხარს არცერთ მთავრობას, რადგან არასრულწლოვანები არიან, მაგრამ, რაც მთავარია, ახლა ევროპის სხვა კუთხის ბავშვებისადმი სიძულვილითა და შიშით იზრდებიან.
როდესაც რუსი ბავშვი ჩამოვა და, ვთქვათ, სლოვენიელ ბავშვს ჩაეხუტება, მიხვდება, რომ ჩვენ მტრები არ ვართ და ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ჩვენი ეს წინადადება მეინსტრიმ პოლიტიკოსების სასტიკი თავდასხმის ქვეშ მოექცა, განსაკუთრებით მემარცხენეებისგან.
მედია ამბობს – “ჩვენ მხარს დავუჭერდით ამ იდეას, მაგრამ მთავრობები არ გვაძლებენ ამის ნებას”. გამოდის, რომ ბავშვებს, ფაქტობრივად, არ აძლევდნენ სოციალიზაციის საშუალებას. პოლიტიკა ბადებს სიძულვილს და შეუწყნარებლობას პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და, ამავე დროს, ეწინააღმდეგება მას.
ისინი, ვინც რასიზმის წინააღმდეგია, ყველაზე დიდი რასისტები არიან. ისინი, ვინც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ყველაზე აგრესიულად ილაშქრებენ, ვისაც არ აძლევენ უფლებას, განსხვავებული აზრი გამოთქვას, ყველაზე მეტად ახალისებენ დისკრიმინაციას.
რასაც ახლა ვხედავთ – მეინსტრიმ პოლიტიკოსების ამ აგრესიული აქტების შემდეგ – მემარჯვენე პარტიების გამარჯვებაა და უარეს მდგომარეობაში სწორედ დისკრიმინირებული იქნება.
მას შემდეგ, რაც შვეიცარიაში გადახვედით, მატჩების დროს ბევრ პოლიტიკოსს შეხვდით. ვინ არის მათ შორის ყველაზე დიდი გულშემატკივარი და ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვინ დატოვა?
დავიწყოთ პოლიტიკოსებით: ვიქტორ ორბანი, ალექსანდრ ვუჩიჩი, კირ სტარმერი, ანგელა მერკელი – ყველა მათგანი ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია, ისევე, როგორც ესპანეთის მეფე ფელიპე, მისი მამა ხუან კარლოსი ფეხბურთის კიდევ უფრო დიდი გულშემატკივარი იყო. ხოლო პრინცი უილიამი მათგან ყველაზე მცოდნეა, არის “ასტონ ვილას” და ინგლისის ნაკრების დიდი გულშემატკივარი.
მაგრამ ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ყატარის ემირმა, რომელიც ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი და შესანიშნავი ადამიანია. ერთხელ ვიყავი მის სახლში, რამდენიმე ეკრანზე ერთდროულად სამ ლიგას უყურებდა.
ასე გავიცანი – ჯინსითა და მაისურით გამოწყობილი მამაკაცი მოვიდა და მითხრა: “გამარჯობა, მე ვარ ყატარის ემირი, რამე პრობლემაა პსჟ-სთან?” არ უნდა დავივიწყო რომის პაპი ფრანცისკე, რომელიც ასევე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარია. ჩვენ მხოლოდ ფეხბურთზე ვსაუბრობთ.
ჩინელი მილიარდერი ჯეკ მაც განსაკუთრებულია. უყვარს ფეხბურთი და აქვს არაჩვეულებრივი ხედვა. იმედია ცდება, მაგრამ შეხვედრაზე მითხრა – ჯერ იქნება დაავადება (კოვიდ-19), მერე – ომები და ბოლოს დიდი შიმშილობაო.
რას ფიქრობთ 1 მილიარდ ევროზე, რომელიც საუდელებმა თითქოს ვინისიუსს კონტრაქტის გასაფორმებლად შესთავაზეს?
მე ამას სერიოზულად ვერ ვეკიდები, ისევე, როგორც იმ ჭორებს, რომ ჩემპიონთა ლიგა ევროპის მიღმა გაიმართება. ეს არის უზარმაზარი თანხა, რომელსაც არ აქვს ფინანსური საფუძველი, მაგრამ ეს არის საუდის არაბეთის გადაწყვეტილება – თუ, რა თქმა უნდა, ეს ჭორია არ არის.
მინდა კითხვა კალათბურთზეც დაგისვათ. სპორტულ საზოგადოებაში აჟიოტაჟია ლუკა დონჩიჩის “დალასიდან” “ლეიკერსში” გადასვლის გამო, რადგან ეს მისი ნებართვის გარეშე მოხდა. შესაძლებელია თუ არა მსგავსი რამ ფეხბურთში?
ეს ჩემთვისაც შოკი იყო და ვფიქრობ, არაგონივრულია. ის ფაქტი, რომ ლუკამ არაფერი იცოდა ამის შესახებ, უკიდურესად უსამართლოა მის მიმართ, იმის მიუხედავადაც, რომ უდიდესი სიკეთე გაუკეთეს და გაუშვეს უკეთეს კლუბში, ვიდრე “დალასია”.
მაგრამ ფეხბურთში ასეთი რამ არ შეიძლება მოხდეს. სლოვენიის რიგით საფეხბურთო კლუბსაც არ შეუძლია სხვა კლუბში გაუშვას ფეხბურთელი მისი თანხმობის გარეშე. ასეა ფეხბურთში ყველა დონეზე – ვფიქრობ, ასეც უნდა იყოს.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings