დღეს, თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდეს“ უმასპინძლებს და კონფერენს ლიგაზე ქართული გუნდების გამოსვლაც დაიწყება.
მატჩამდე „დინამოს“ ახლად დანიშნულმა მთავარმა მწვრთნელმა, გია ჭიაბრიშვილმა ჟურნალისტთა შეკითხვებს უპასუხა.
ბათუმის „დინამოსთან“ მარცხზე:
ჩემი აზრით, ამ მატჩმა ბევრ რამეს მოჰფინა ნათელი. პირველ რიგში, გამოიკვეთა პრობლემური რგოლები და ეს, მხოლოდ მეკარისა და მცველების ბრალი არ ყოფილა. იმ ზონამდე მოწინააღმდეგე ნახევარმცველებმა და ფორვარდებმა მოუშვეს. 1:4 ცუდი იყო, მაგრამ ვინ იცის, ამ მატჩმა დიდი გავლენა იქონიოს ჩვენს მომავალ პერფორმანსზე.
„პაიდეს“ შესახებ:
წარსულში არაერთგზის გვინახავს, რომ ქართულ გუნდს შედარებით ძლიერი მოწინააღმდეგე გამოუთიშია ასპარეზობას და იოლთან დამარცხებულა, შესაბამისად, ყველას ერთნაირი მობილიზებით უნდა შევხვდეთ. მჯერა, რომ შემდეგ ეტაპზე გავალთ.
სატრანსფერო პოლიტიკაზე:
მესმის შეკითხვის არსი და ვიცით, რომ ყველა რგოლში გვჭირდება გაძლიერება, მაგრამ ძალიან რთული პერიოდია ტრანსფერების გასაკეთებლად. შემიძლია გითხრათ, რომ რამდენიმე ფეხბურთელთან მოლაპარაკებას ვაწარმოებთ.
„არარატ არმენიას“ შესახებ:
ამ მომენტში, მხოლოდ „პაიდეზე“ ვფიქრობ. როდესაც პაიდეს ბარიერს გავივლით და დარწმუნებული ვარ, რომ ასე იქნება, შემდეგ ვიფიქრებ „არარატზე“. ასე უნდა მივუდგეთ ყველა მეტოქეს რიგობითობის დაცვით.
გულშემატკივრის ფაქტორი:
გულშემატკივრის გარეშე წარმატების მიღწევა ძალიან რთულია. მინდა ყველას ვთხოვო, რომ მოვიდნენ სტადიონზე და გვიქომაგონ.
შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება და მისი ხილვა სეტანტასპორტსზე შეგეძლებათ.
GIPHY App Key not set. Please check settings