in ,

ბორჯღალოსნების 6 მოგება, 2 მარცხი, 1 ფრე – შავი ლომი: ქართული რაგბის 2021

2021 წელი ქართულ რაგბიში ძირეული და მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. ორწლიანი უძრაობის, მწვავე ფინანსური კრიზისის, შეწყვეტილი შიდა ჩემპიონატისა და რამდენჯერმე გადადებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ქართულმა სარაგბო ოჯახმა ახალი პრეზიდენტი აირჩია, რომელიც ახალი იდეებით და პროექტებით მოვიდა.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ტრადიციულად, წელი “რაგბი ევროპის ჩემპიონატის” მატჩებით დაიწყო, რომელიც დიდი სლემით (სძლია ყველა მეტოქეს) მოიგო და ტურნირის გამარჯვებული კიდევ ერთხელ გახდა. ეს ტურნირი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გარკვეული ექსპერიმენტებისთვის გამოიყენა და რამდენიმე ახალგაზრდა მორაგბეს მისცა თავის გამოჩენის საშუალება. მათ შორის, ყველაზე გამორჩეული სარაგბო კლუბ “ხვალის” აღზრდილი დავით ნინიაშვილი გახლდათ. ბოლო პერიოდში, მერაბ კვირიკაშვილის ნაკრებიდან წასვლის შემდეგ, საქართველოს ნაკრებში ფულბეკის პოზიციაზე გარკვეული პრობლემები გვქონდა. აღნიშნულ პოზიციაზე არ იყო მოთამაშეთა სიღრმე და სოსო მათიაშვილის არყოფნაში ამ პოზიციაზე ლაშა ხმალაძის დაყენება ხდებოდა საჭირო, რომელიც სათამაშო ამპლუით მგეზავია.

18 წლის მორაგბის, მითუმეტეს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის კლუბის, ნაკრებში გამოძახება ერთგვარი რისკი იყო, მაგრამ ამ რისკმა გაამართლა. ნინიაშვილმა “რაგბი ევროპაზე” ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ნიდერლანდებთან შეხვედრაში მას საოცარი ბენეფისი ჰქონდა, სამი ლელო მიითვალა. ტურნირის დასრულების შემდეგ, დავით ნინიაშვილი საფრანგეთის TOP 14-ის ერთ-ერთ მოწინავე კლუბში  “ლიონში” აღმოჩნდა და იქაც იმკვიდრებს თავს. ნინიაშვილს სოლიდური სათამაშო დრო ეძლევა და ევროპული საკლუბო რაგბის რანგით მეორე ტურნირზე, “ჩელენჯ თასზე” “ლიონი”-“გლოსთერის” მატჩში დავით ნინიაშვილი მატჩის საუკეთესო მორაგბედაც დასახელდა.

ზაფხულის ტესტებზე საქართველოს ნაკრებმა ისტორიული ტესტ-მატჩი ჩაატარა. “ბორჯღალოსნები” სამხრეთ აფრიკაში მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს ეთამაშნენ. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის შემდეგ, “ბოკემ” პირველი მატჩი “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ გამართა. აღნიშნული მატჩი აფრიკელების გამარჯვებით 40:9 დასრულდა.

ზაფხულში თბილისში ელიტარული სარაგბო ქვეყნის  შოტლანდიის ნაკრებიც უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ პანდემიამ ეს ტესტი გააუქმა, ისევე როგორც მეორე მატჩი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან. აფრიკაში ყოფნისას კოვიდის მძიმე ფორმა შეხვდა ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლევან მაისაშვილსაც, რომელიც ორ თვეზე მეტი სიკვდილს ებრძოდა. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა და მაისაშვილი ისევ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა.

ნოემბერში ნაკრებმა ორი ამხანაგური შეხვედრა გამართა საფრანგეთის და ფიჯის წინააღმდეგ, უძლიერეს “ლე ბლესთან” დავმარცხდით, მაგრამ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებს პროგრესი აქვს. პირველ რიგში, ხაზის მოთამაშეების მაღალი დონის თამაში უნდა აღვნიშნოთ. აქამდე, ჩვენი რაგბი თუ მხოლოდ შერკინებაზე იყო ორიენტირებული, ამ მატჩში უკანა ხაზელებიც აქტიურად ერთვებოდნენ შეტევით ოპერაციებში და ვასილ ლობჟანიძემ და აკაკი ტაბუცაძემ ფრანგებს საკმაოდ ეფექტური ლელოებიც დაუდეს. ფიჯისთან ზედიზედ სამი მტკივნეული მარცხის შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა ეს ცუდი სერია შეწყვიტა და “მფრინავ ფიჯელებს” დაუზავდა – 15:15.

საბოლოოდ, 2021 წელს საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ჩატარებული 9 მატჩიდან 6 მოიგო, 2 წააგო, 1 ფრედ დაასრულა, საკლუბო რეიტინგში 1.54 ქულა მოიპოვა და ისევ მეთორმეტე ადგილზეა.

2022 წელი საქართველოს ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი წელი იქნება. აქ უკვე ექსპერიმენტების დრო არაა და ნაკრებმა ორიენტირი მომავალ მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა აიღოს, რომელიც 2023 წელს საფრანგეთში გაიმართება. ჩვენი ნაკრები მომავალ მსოფლიოზე ჯგუფში ავსტრალიის, უელსის,  ფიჯის და ამერიკის საკვალიფიკაციოს  გამარჯვებულ გუნდთან იასპარეზებს.

ასევე, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ წლის ბოლოს ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა RUGBYPASS-მა ლეგენდარული ქართველი მორაგბე  მამუკა გორგოძე ყველა დროის საუკეთესო 15-ეულში შეიყვანა.

საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა. ზურა ამონაშვილის გუნდმა რაგბი ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე იასპარეზა, რომელიც რუსეთის ქალაქ კალინინგრადში ჩატარდა. საქართველოს ნაკრებმა ფინალში პორტუგალია ძალიან დამაჯერებლად 27:0 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატი გახდა.

აუცილებლად აღსანიშნავია ქუთაისის “აიას” წარმატებაც. 2021 წელს ქუთაისელები 30-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ და ბზის თასი ქართული რაგბის “მექაში” დააბრუნეს.

მნიშვნელოვანი  ნაბიჯი გადაიდგა რაგბის მასობრიობის გაზრდის მიზნითაც. საქართველოს მთავრობის და საქართველოს რაგბის კავშირის გადაწყვეტილებით საქართველოში 100 სარაგბო მოედანი აშენდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ტალახაძის რეკორდები შეიძლება გაუქმდეს

მერაბ დვალიშვილი წლის საუკეთესო ქამბექისთვის იბრძვის: მიეცი ხმა ქართველ მებრძოლს