in

ბიჭებმა ყველაფერზე მაღლა დადგომა მოახერხეს: საშინელი დასაწყისი და ვალენსიას რეკორდი – კომენტარები

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ეკვადორმა მასპინძელი ყატარი ულაპარაკოდ და უპირობოდ დაამარცხა 2:0. სამხრეთამერიკელების პრესინგს, გამართულ, მომზადებულ ფეხბურთს ყატარელებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და უსუსური შთაბეჭდილება დატოვეს. შესაბამისი კომენტარები გაკეთდა მატჩის შემდეგ:

ფელიქს სანჩესი, ყატარის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

„სიმართლე გითხრათ, იმდენი სამუშაო მაქვს, რომ ტრიბუნებისკენ გახედვის დრო არ მქონდა. თუმცა, ვგრძნობდით მხარდაჭერას და იმედი გვაქვს, რომ მომავალ თამაშებში ხალხი თავს უფრო ამაყად და ბედნიერად იგრძნობს და მხარს ტურნირის ბოლომდე დაგვიჭერს.

სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვიცი, რომ ხალხი ამ თამაშს მოუთმენლად ელოდა. ვიცოდით, რომ შეიძლება წაგვეგო. შევეცდებით, დღევანდელი წაგებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და შეცდომები გამოვასწოროთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ყოველი შემდეგი მატჩით ხალხი უფრო ბედნიერად იგრძნობს თავს.

ამ წაგებას არანაირი გამართლება არ აქვს, გვინდა მივულოცოთ მეტოქეებს, ისინი იმსახურებდნენ გამარჯვებას. როგორ უნდა გავაუმჯობესოთ თამაში? ამის მრავალი შესაძლებლობა არსებობს. შესაძლოა, მოთამაშეებზე დიდმა პასუხისმგებლობამ და ნერვიულობამ ცუდად იმოქმედა და მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში ასე ცუდად ამიტომ დავიწყეთ. ეს მართლაც საშინელი დასაწყისი იყო“.

გუსტავო ალფარო, ეკვადორის ნაკრების მთავარი მწვრთნელ:

„დასაფასებელია გუნდის დამოკიდებულება და თავდადება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თამაშის დასაწყისში, როცა გოლი არ ჩაგვითვალეს. ჩვენ მაინც შეტევები განვაგრძეთ. ვფიქრობ, დამაჯერებლად მოვიგეთ და ვიმედოვნებ, რომ ეს რაღაც დიდის დასაწყისი იყო.

ეს ჩვენთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში იყო. ისტორიას უნდა შევებრძოლოთ, რომელიც ხან შენს სასარგებლოდ მუშაობს და ხან შენს წინააღმდეგ. მოთამაშეებმა ნერვიულობაზე, მასპინძლებზე და ყველაფერზე მაღლა დადგომა მოახერხეს. ისინი მართლაც თავდადებული ბიჭები არიან, რამაც მოგვცა საშუალება, ეს თამაში მოგვეგო.
ჩვენთვის ეს მხოლოდ დასაწყისია. უნდა ვაჩვენოთ, რომ კარგი თამაში მომავალ მატჩებშიც შეგვიძლია“.

33 წლის თავდამსხმელმა ენერ ვალენსიამ, რომელმაც ყატართან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩში ორი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მსგავს დასაწყისზე მხოლოდ ოცნებობდა.

„ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა, მაგრამ ძალიან სწრაფად მოვახერხეთ გოლების გატანა, რაც თამაშის გაკონტროლებასა და წარმატებით დასრულებაში დაგვეხმარა. მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შემდეგ კონცენტრირებული ვიყავი პირველ თამაშზე. გამარჯვებაზე ღამეები ვოცნებობდი და ბედნიერებაა, რომ ეს მოვახერხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეკვადორს შეუძლია მიაღწიოს მნიშვნელოვან წარმატებებს და შორს წავიდეს. მთავარია, გუნდმა საკუთარი ძალების დაიჯეროს.

აღსანიშნავია, რომ 33 წლის თავდამსხმელი მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში გახდა ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი, რომელმაც გახსნით მატჩში გოლი გაიტანა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სანაძისა და ბურჯანაძის დებიუტი, შერმადინი ისევ მაგარია

არგენტინაა მთავარი ფავორიტი