ევროპულ საკლუბო ფეხბურთში სიახლე არაფერია: ჩემპიონთა ლიგა კვლავ მადრიდის „რეალმა“ მოიგო. „სამეფო კლუბი“ დარჩა ტახტზე, სადაც ყოფნას დაჩვეულია და საიდანაც ჩამოსვლა არც იცის როგორ ხდება. რა შემადგენლობაც არ უნდა ჰყავდეს, ვინც არ უნდა წავიდეს თუ მოვიდეს, თასი მაინც წარა-მარა მადრიდში დამოგზაურობს.
კარგი იყო „ბორუსია“ პირველ ტაიმში, პრესინგი ითამაშა, ცენტრი მოუგო „რეალს“ და კონტრშეტევებზე ისეთი მომენტები შექმნა, ფინალში ასეთების გამოუყენებლობა არ შეიძლება. ხშირად არ ხდება, რომ „რეალის“ მეკარესთან პირისპირ რჩებიან მეტოქის ფეხბურთელები.
მეორე ნახევარში „რეალმა“ თამაში გამოასწორა და დაუფასდა კიდეც. კროოსის მოწოდებულ კუთხურზე თავით ყველაზე უკეთ კარვახალმა ითამაშა და ანგარიში გახსნა. ამის შემდეგ ბურთი „რეალმა“ დაიჭირა და ისე შეუტია გეგონებოდა აგებდა. გერმანული გუნდი ვერაფერს ვეღარ ახერხებდა და მას შემდეგ, რაც ვინისიუსმა მეორეც შეაგდო, ყველაფერი ნათელი გახდა.
ტონი კროოსმა ბოლოჯერ ითამაშა „რეალის“ რიგებში და როგორი გამოუვიდა, განსხვავებით მარკო როისისგან, რომელმაც ასევე ბოლო შეხვედრა ჩაატარა დორტმუნდის მაისურით.
ფინალის საუკეთესო ფეხბურთელი კარვახალი გახდა.
„სამეფო კლუბმა“ მთავარი თასი მეთხუთმეტედ მოიგო!
ბორუსია დორტმუნდი – რეალი 0:2
01.06. ლონდონი. უემბლი. 86 212 მაყურებელი
გოლები: 0:1 კარვახალი (74. კროოსის პასით), 0:2 ვინისიუსი (83. ბელინგემის პასით)
ბორუსია: კობელი; რიერსონი, ჰუმელსი, შლოტერბეკი, მაატსენი; ემრე ჯანი (80. მალენი), ზაბიტცერი; სანჩო (87. ბაინო-გიტენსი), ბრანდტი (80. ჰალერი), ადეიემი (72. როისი); ფიულკრუგი
რეალი: კურტუა; კარვახალი, რიუდიგერი, ნაჩო ფერნანდესი, მენდი; ვალვერდე, კამავინგა; კროოსი (85. მოდრიჩი); ბელინგემი (85. ხოსელუ); როდრიგო (90+1. მილიტაო), ვინისიუსი (90+4. ლუკას ვასკესი)
„რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი ზედიზედ მეცხრედ მოიგო. ბოლოს 1981 წელს წააგო.
„რეალი“ 41 წელიწადია ევროთასების ფინალს არ აგებს. ბოლოს ფერგიუსონის „აბერდინთან“ დამარცხდა.
„რეალმა“ მეხუთედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ლა ლიგა ერთ სეზონში. ორჯერ ანჩელოტის ხელში.
ეს არის პირველი შემთხვევა “რეალის” ისტორიაში, როცა ჩემპიონთა თასი/ლიგა წაუგებლად მოიგო (9 მოგება, 4 ფრე). ბოლო ესპანური კლუბი ანალოგიური მიღწევით – არის 2005/06 წლების სეზონის “ბარსელონა” (9 მოგება, 4 ფრე).
ტონი კროოსისთვის ეს არის მე-6 ტრიუმფი ჩემპიონთა ლიგაში. არცერთ სხვა ფეხბურთელს არ მოუგია ევროპის უმთავრესი საკლუბო ტურნირი უფრო მეტჯერ. ამდენივე გამარჯვება აქვს კიდევ 4 ფეხბურთელს – პაკო ხენტოს, ნაჩო ფერნანდესს, ლუკა მოდრიჩსა და დანი კარვახალს (ყველა – “რეალი”).
32 წლისა და 142 დღის დანი კარვახალი არის “რეალის” ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა. მან გაიმეორა საკუთარი მიღწევა, რომელიც 2016/17 წლების სეზონში ჰქონდა – 6 გოლი და ამდენივე საგოლე პასი.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ორი ინგლისელი ფეხბურთელი – ჯეიდონ სანჩო (“დორტმუნდი”) და ჯუდ ბელინგემი (“რეალი”) – ერთმანეთს ჩემპიონთა თასის/ლიგის ფინალში შეხვდა და ორივე წარმოადგენდა არაინგლისურ კლუბს.
ვინისიუსმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში პირდაპირი მონაწილეობა მიიღო 22 გოლში (11+11). 24 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს შორის ანალოგიური მიღწევა მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.
23 წლისა და 325 დღის ვინისიუსი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში (პირველი – 2022 წელს, “ლივერპულთან”) გაიტანა გოლი. მან გააუმჯობესა ლიონელ მესის (23 წლის და 338 დღის) 13 წლის წინანდელი მიღწევა.
კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო – ეს რეკორდია. ზიდანს, გვარდიოლას და პეისლის 3-3 აქვთ.
კარლო ანჩელოტი: „საქმე ისტორიასა და ტრადიციებშია, ფეხბურთელების ოსტატობაში… პერესს ვუთხარი, რომ უკვე დაიწყოს მე-16-ზე ფიქრი“.
GIPHY App Key not set. Please check settings