ინგლისის ორი საუკეთესო გუნდი – „სიტი“ და „ლივერპული“ ერთ კვირაში მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს და კიდევ ერთი მშვენიერი თამაში აჩუქეს გულშემატკივრებს. მადრიდული ომიდან დაბრუნებულმა გვარდიოლამ შემადგენლობაში განზრახ თუ იძულებით ცვლილებები შეიტანა, ხოლო კლოპმა მაინც ძირითადი გუნდი გამოიყვანა და მოულოდნელად მალევე დაუფასდა. აბა ვინ იფიქრებდა, რომ შესვენებაზე გუნდები 3:0-ზე გავიდოდნენ. ისევ გაიტანა თავისი თავური კონატემ, ორიც მანემ შეაგდო, აქედან ერთი „სიტის“ სათადარიგო მეკარემ უბრალოდ აჩუქა, როდესაც ბურთის შეყვანა ვერაფრით გადაწყვიტა და სენეგალელმაც კარში შეაგორა.
თუმცა მეორე ტაიმი ფორმალობად არ ქცეულა. „სიტიმ“ ერთი გოლი მალევე გაქვითა (გრილიში) და მერე, დაახლოებით 15 წუთით ადრე ალისონთან ერთი ერთზე გასულ ჟეზუსს რომ გაეტანა, სიტუაცია მაგრად დაიძაბებოდა, თორემ ბერნარდოს გოლი ძალიან დაგვიანებული იყო. საერთო ჯამში კი, „ლივერპულმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა, გატანილი ბურთების გარდა, კიდევ ჰქონდა არაერთი შანსი და ნამდვილად დაიმსახურა ფინალი.
FA Cup. ნახევარფინალი
სიტი – ლივერპული 2:3
16 აპრილი. უემბლი.
0:1 – 9 კონატე, 0:2 – 17 მანე, 0:3 – 45 მანე, 1:3 – 47 გრილიში, 2:3 – 90 ბერნარდო სილვა
სიტი: შტეფენი, კანსელო, სტოუნზი, აკე, ზინჩენკო, ფერნანდინიო, ბერნარდო სილვა, ფოდენი, გრილიში, სტერლინგი, ჟეზუსი (მარეზი, 83).
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდერ-არნოლდი, ვან დეიკი, კონატე, რობერტსონი, ტიაგო ალკანტარა (ჯონსი, 87), ფაბინიო, კეიტა (ჰენდერსონი, 73), სალაჰი, მანე (ჟოტა, 85), დიასი (ფირმინიო, 85).
ფინალი, რომელშიც კლოპის გუნდი „ჩელსის“ შეხვდება. “არისტოკრატებმა” არც თუ მარტივ ბრძოლაში აჯობეს თანაქალაქელ “კრისტალ პალასს” – 2:0. ორივე გოლი მე-2 ტაიმში გავიდა. ლოფტუს-ჩიკმა ანგარიში 65-ე წუთზე გახსნა, მაუნტმა კი მეტოქე კონტრშეტევაზე 76-ე წუთზე დაიჭირა.
„ლივერპული“ 2012 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს ინგლისის ლიგის ფინალში. კლოპის ხელში გუნდი 1/8 ფინალის იქით ვერ მიდიოდა.
კლოპმა მეათედ მოუგო გვარდიოლას – ეს ყველაზე მეტია. პეპს 9 გამარჯვება აქვს.
სალაჰს ბოლო 10 მატჩში 1 გოლი აქვს. მო მთელი თვეა გოლს ვერ იტანს.
გვარდიოლა: „თამაშში დაბრუნება რთული იყო, მაგრამ „სიტიმ“ ეს მოახერხა. შტეფენის შეცდომა უიღბლო შემთხვევაა და გაკვეთილად გამოადგება“.
კლოპი: „ლივერპულმა“ მსოფლიოს უძლიერესი გუნდი დაამარცხა“.
“ჩელსი” ბოლო 6 წელიწადში მეხუთედ გავიდა ინგლისის თასის ფინალში. მოიგო მხოლოდ ერთხელ.
FA Cup-ის ფინალი “უემბლიზე” 14 მაისს გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings