2022-23 წლების სეზონიდან რაგბი ევროპის სუპერთასზე, რომლის პირველი გამარჯვებულიც პირველი ქართული პროფესიონალური ფრენჩაიზი “შავი ლომი” გახდა, საქართველო ორი გუნდით იქნება წარმოდგენილი.
ჩვენი ინფორმაციით, მომავალი წლიდან აღნიშნულ ტურნირზე “შავი ლომის” გარდა, საქართველოს ჩემპიონიც მიიღებს მონაწილეობას. ეს საკითხი 2 მაისს რაგბის კავშირის გამგეობის სხდომაზეც იყო განხილული და თითქმის გადაწყვეტილია.
გეტყვით იმასაც, რომ მომავალ წელს ტურნირზე რუსული კლუბები (გასაგები მიზეზების გამო) მონაწილეობას ვერ მიიღებენ. ასევე, განიხილება გუნდების რაოდენობის გაზრდაც.
შეგახსენებთ, გარდა ამ ტურნირისა, “შავი ლომი” სამხრეთ აფრიკაში ქარის თასის პირველ დივიზიონში ასპარეზობს.
საქართველოს ჩემპიონის რანგში ევროპულ ტურნირზე ბოლოს თბილისის “ლოკომოტივმა” იასპარეზა, რომელმაც კონტინენტის ფარზე მიიღო მონაწილეობა. ეს ტურნირი, რომელიც დღეს აღარ არსებობს, ჩელენჯ ქაფის საკვალიფიკაციო ტურნირს წარმოადგენდა.
დიდი 10-ის წლევანდელ ფინალში უკვე გასულია “ბათუმი”, რომლის მეტოქეც ბოლნისის “ყოჩებისა” და რუსთავის “ხარების” მატჩში გაირკვევა.
GIPHY App Key not set. Please check settings