in ,

Exclusive: იქ, სადაც საქართველო მთავრდება – აქ დაგროვილმა სიყვარულმა შემაძლებინა ეს ყველაფერი: რეპორტაჟი ჩემპიონის სოფლიდან

“ტოკიოში მივდივარ იმისთვის, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლო და ჩემს არხილოს, ჩემს ხალხს უდიდესი სიხარული მოვუტანო. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენ ამდენი ადამიანის გახარების მიზეზი ხარ” – ეს სიტყვები 21 წლის ოლიმპიურ ჩემპიონს, “გუდამაყრელ ნარუტოდ” წოდებულ ლაშა ბექაურს ეკუთვნის.

მართლაც რომ გმირულად იბრძოლა და მძიმე ტრავმის მიუხედავად, ძალიან დამაჯერებლად მოიგო ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმთავრესი, სანუკვარი ჯილდო.

არხილოსკალო დედოფლისწყაროს რაიონში მდებარე პატარა სოფელია, რომლის შემდეგაც აზერბაიჯანის ტერიტორია იწყება.

“საზღვრის სიახლოვეს, უფრო ვგრძნობ ჩემს საქართველოს” – ლაშა ბექაური.

ჩემპიონი ამბობდა, რომ ყველაზე მეტად მის მშობლიურ სოფელში გრძნობს ჩემპიონობას და იქ უხარია. ამ პატარა სოფელში თითოეული ადამიანისგან საოცარო სითბო, სიყვარული მოდის.

ჩვენ, სრულიად უცნობ ადამიანებს ზედ გვყვებოდნენ და ყველას სურდა პატივი ეცა. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ლაშასთან ერთად თითოეული არხილოელი გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ასეთ სიყვარულში გაზრდილი თბილი, ალალი და ტატამზე მთიულივით მებრძოლი ბიჭია ჩვენი ლაშა.

ამ სოფელში დიდი სიყვარული, რომ სუფევს, ამაში ის ემოციური დახვედრაც მოწმობს, რომელიც ოლიმპიურ ჩემპიონს მისმა თანასოფლელებმა მოუწყვეს. ყველა დიდი თუ პატარა ლაშას არხილოსკალოს შესასვლელთან დახვდა.

“რა თქმა უნდა, ველოდი ასეთ დახვედრას. არხილოში თითოეული ადამიანის გამარჯვება, მთელი სოფლის გამარჯვებაა, რადგან არხილო არის ურთიერთობა”, – ამბობს ლაშა ბექაური.

ლაშას მშობლიურ სოფელში მისი პირველი მწვრთნელი კახა წიკლაური დახვდა. ბატონი კახა ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ ლაშა თავიდანვე საოცრად მიზანდასახული იყო და მისთვის არ არსებობდა ისეთი დაბრკოლება, რომელსაც ვერ გადალახავდა:
“ასეთი ბრძოლისუნარიანი, შეუპოვარი ვაჟკაცი იყო და ამით მივიდა ამ მიღწევამდე.”

მშობლიურ სოფელში ოლიმპიური ჩემპიონის პირველ სტუმრობას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც ახლდა. პრემიერმა არხილოსკალოს მოსახლეობას აუწყა, რომ სოფელში მალე დაიწყება ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც ლაშა ბექაურის სახელობის იქნება. პრემიერისა და სოფლის რწმუნებულის გადაწყვეტილებით, დარბაზი სოფლის ძველი კლუბის ადგილზე აშენდება.

This image has an empty alt attribute; its file name is 1IMG_2662-1024x683.jpg

“ჩემი ყველაზე დიდი ოცნება იყო ამ სოფელში დარბაზი ამეშენებინა. დიდი მადლობა პრემიერს ამ დიდი საჩუქრისთვის.”

“წარმოშობით მეც დედოფლისწყაროს რაიონიდან ვარ და პირველ რიგში, როგორც ამ რაიონის შვილი, ბედნიერი ვარ ლაშას წარმატების გამო.
კარგად ვიცი, აქ ლაშაც და სხვა სპორტსმენებიც უმძიმეს პირობებში იზრდებოდნენ. მათ არ ჰქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ახლა ამ შეცდომას გამოვასწორებთ. ლაშაც ბევრჯერ გაგვახარებს და აქ კიდევ არაერთი ჩემპიონი გაიზრდება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

განსაკუთრებით ემოციური იყო ლაშას დედის, ვიკა წიკლაურის კომენტარი. ის აღნიშნავს, რომ ლაშას გამოსვლის დროს, ყოველთვის მონასტერში ლოცულობს და დედის ლოცვა მის შვილს კიდევ უფრო აძლიერებს:

“ლაშას ბრძოლებს ვერასდროს ვუყურებ. მისი გამოსვლის დროს მონასტერში ვლოცულობ მასზე. დედის ლოცვა მთებს გადაადგმევინებს ადამიანს. ჩემთვის, როგორც დედისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ლაშა ბოლომდე ასეთი კეთილი და სიყვარულით სავსე იყოს. უცხო ხალხი მხვდება და მეუბნება, რომ ადამიანობაშიც ჩემპიონია და დედისთვის ესაა ყველაზე დიდი ბედნიერება”.

ლაშას მამა გელა ბექაური კი, ამბობს, რომ ლაშამ ტოკიოში ნამდვილი მთიელის გაუტეხავი ხასიათი აჩვენა:
“ოლიმპიადამდე მძიმე ტრავმა მიიღო და ეს ძალიან მაშინებდა, მაგრამ პირველივე ბრძოლაში დავინახე ის ქართული ჯიგარი, გაუტეხავი სული, რომელიც ლაშამ აქ ამ სოფლის თითოეულ კუთხე-კუნჭულში ისწავლა. ჩემი და ლაშას დევიზია, რომ ჩვენი რწმენა ყველაზე ძლიერია. როცა იცი შენი მიზანი, ყველაზე მეტად გწამს მისი, აუცილებლად მიაღწევ წარმატებას”.

ასეთი თბილი და ემოციებით სავსე იყო ლაშას სტუმრობა არხილოსკალოში. იქ, სადაც საქართველო მთავრდება და ყველაზე მეტად გრძნობენ სამშობლოს.

როგორც ლაშა დაგვპირდა, მინიმუმ სამჯერ კიდევ მოგვიწევს არხილოსკალოში ჩასვლა, რადგან ის კიდევ სამჯერ გეგმავს ოლიმპიურ ჩემპიონობას.

ტატო ნიკურაძე
არხილოსკალოდან

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესიმ ბარსას ფეხბურთელებთან გამოსამშვიდობებელი ვახშამი მოაწყო

დღეს მიწევს გითხრათ ნახვამდის… ამისთვის მზად არ ვარ… გპირდებით დავბრუნდები – მესი ბარსას ცრემლებით დაემშვიდობა