in ,

Exclusive: გურამ გიორბელიძე – რაც ფეხბურთის თამაში დავიწყე, მას შემდეგ ნაკრების მაისურით თამაშზე ვოცნებობდი

საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი 2 მარცხით (ესპანეთი და შვედეთი) და ერთი ფრით დაიწყო. ვილი სანიოლის გუნდმა საკმაოდ კარგი ფეხბურთი აჩვენა და რიგ ეპიზოდებში იღბალი ჩვენს მხარეს რომ ყოფილიყო, ახლა გაცილებით უკეთესი სატურნირო მდგომარეობა გვექნებოდა.

პირველი ქულა: საქართველოს საბერძნეთიდან ქულა და იმედი მოაქვს

აღნიშნულ მატჩებში ეროვნული გუნდის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა და სამივე მატჩი შეუცვლელად, თანაც მაღალ დონეზე ჩაატარა გურამ გიორბელიძემ.
წარმოშობით ბოლნისელმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა მშობლიურ ბოლნისის “სიონში” დაიწყო, შემდეგ იყო გორის “დილა” და შარშან კი იგი ავსტრიულ “ვოლფსბერგერს” შეუერთდა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, გიორბელიძე ავსტრიულ გუნდში ხშირადაც თამაშობს და ევროპა ლიგაზე “ტოტენჰემის” წინააღმდეგაც ითამაშა.

Sport4me.ge გურამ გიორბელიძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.

გურამ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ საქართველოს ნაკრებში დებიუტს. რას ნიშნავს თქვენთვის ეროვნული გუნდის მაისურით თამაში?

დიდი მადლობა მოლოცვისთვის. ფეხბურთის თამაში როცა დავიწყე, იმ დღიდან მთავარი მიზანი ნაკრებში მოხვედრა და ნაკრების მაისურით თამაში იყო. ნებისმიერ კლუბში თამაშის დროს, ნაკრებში მოხვედრაზე ვფიქრობდი, რადგან ეროვნული გუნდის მაისური როცა გაცვია, შენი სამშობლოსთვის თამაშობ და ეს ყველა სპორტსმენის ოცნებაა.
მიხარია, რომ ოცნების ასრულებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგი და მომეცა შანსი საქართველოს ნაკრების მაისურით მოედანზე გავსულიყავი. ეს ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა და მოტივაცია იყო.

რამდენად ელოდით, რომ ნაკრებში პირველად გამოძახებისთანავე ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდით და ყველა შეხვედრას შეუცვლელად ჩაატარებდით?

ნაკრებში გამოძახებამ დიდი მოტივაცია მომცა. პირველად როცა შევიკრიბეთ, განსაკუთრებული ემოცია იყო. ვფიქრობ, როცა ფეხბურთელს ნაკრებში იძახებენ, იგი სპორტული და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც მზად უნდა იყოს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება შემადგენლობაში მოხვდეს, ან მოედანზე შესვლა მოუწიოს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ თამაშებში გუნდთან ერთად ვიყავი. ნაკრებში მეგობრული გარემოა, ყველა ერთი მიზნისთვის ვართ გაერთიანებული და დარწმუნებული ვარ ამ მიზანს მივაღწევთ და საქართველოს ნაკრები დიდი საფეხბურთო ფორუმზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრებმა სამივე შეხვედრაში საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ძალიან ცოტა დაგვაკლდა, რომ ახლა სატურნირო ცხრილში უკეთესი შედეგი გვქონოდა.

ესპანეთთანაც კი გვქონდა შანსი მინიმუმ ქულა აგვეღო. ამ დონის გუნდის წინააღმდეგ ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ბერძნებთან მეორე ნახევარში საერთოდ უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის ისე არ ხდება, როგორი სურვილიც გვაქვს. ვფიქრობ, გარკვეულ მომენტებში იღბალმა ზურგი გვაქცია.

გურამ, როგორ ფიქრობთ, ამ შესარჩევ ჯგუფში რა იქნება საქართველოს ნაკრების მიზანი?

ამ სამმა თამაშმა დაგვანახა, რომ ყველასთან შეიძლება თამაში და ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ მაქსიმუმისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენს ჯგუფში და სხვა ჯგუფებში დაფიქსირებულმა შედეგებმაც გვაჩვენა, რომ თანამედროვე ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

ვილი სანიოლის შესახებ რას იტყვით?

პირველ რიგში, დიდი მადლობა მას ნდობისთვის, რომ მომცა შანსი ჩემი ქვეყნისთვის ეროვნული გუნდის მაისურით მეთამაშა. სანიოლი კარგი მწვრთნელი და მეგობრული ადამიანია, მომწონს მისი ფეხბურთისადმი მიდგომა და დიდი იმედი მაქვს მასთან ერთად ნაკრები კიდევ უფრო გაიზრდება.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: გოგა მარგი ქმედებით თავის გუნდში საუკეთესო იყო

ბაიერნი კვარაცხელიას ტრანსფერით დაინტერესდა: ამას უკვე გერმანელებიც წერენ