26 თებერვალს ქართული კალათბურთის ისტორია დაიწერა. ახდა ყველა თაობის ოცნება და საქართველოს საკალათბურთო ნაკრები არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. ილიას ზუროსის გუნდს, სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ისლანდიასთან ბოლო მატჩში სამი ქულით მარცხიც აწყობდათ და საბოლოოდ ასეც მოხდა. საქართველოს ნაკრები 77:80 დამარცხდა, რაც 10 000 გულშემატკივრის თანდასწრებით ისტორიის დასაწერად საკმარისი აღმოჩნდა და საქართველოს საკალთბურთო ნაკრები წლეულს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს.
შეგახსენებთ, 2023 წლის საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით ერთდროულად სამ ქვეყანაში – ფილიპინებში, ინდონეზიასა და ჩინეთში გაიმართება.
ისლანდიასთან ისტორიულ მატჩში საქართველოს ნაკრების წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ჩვენი ნაკრების გამოცდილი ცენტრი გიორგი შერმადინი გახლდათ. “შერმინატორმა” ისლანდიის წინააღმდეგ 23 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა. მან 9-დან 9 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო., მარგი ქმედების კოეფიციენტი კი, +5 ჰქონდა. ბრწყინვალე იყო ისლანდიამდე ნიდერლანდებთან მოგებულ შეხვედრაშიც.
გიორგი შერმადინს თორნიკე შენგელიას მსგავსად, ურთულესი გრაფიკით მოუწია თამაშები. სათასო მატჩები (ფინალი ითამაშა) “ლენოვო ტენერიფესთან” ერთად, ფრენები და სანაკრებო მატჩები თუმცა, როგორც თავად ამბობს. ამ “გაღებულმა მსხვერპლმა” შედეგი მოიღო და ისტორია დაწერა. საქართველოს ნაკრების ეს ორი ლიდერი FIBA-ს ექსპერტებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის სიმბოლურ ხუთეულშიც დაასახელეს.
საქართველოს ნაკრების გარდა, გიორგი შერმადინი მეოთხე წელია “ლენოვო ტენერიფეს” ღირსებას იცავს, რომელიც ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში (ლიგა ენდესა) გამოდის და მთლიანად ჩემპიონატის გამორჩეული კალათბურთელი და მთავარი ვარსკვლავია.
გიორგი შერმადინი იანვარში ლიგა ენდესას თვის MVP გახდა. ეს იყო მეთერთმეტედ მოპოვებული თვის MVP-ს ჯილდო მის ესპანურ კარიერაში და ამ მხრივ იგი აბსოლუტური რეკორდსმენია.
ამ და სხვა საინტერესო თემებზე სასაუბროდ Sport4me.ge გიორგი შერმადინს ტენერიფეში დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ისტორიული შედეგი და გასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე
მას შემდეგ, რაც საშინაო ევრობასკეტზე დიდი იმედგაცრუება ვიწვნიეთ და ვერ მოვახერხეთ ჩვენი მიზნის შესრულება, რის გამოც ჩვენს გულშემატკივრებს გული დავწყვიტეთ, მას შემდეგ მხოლოდ ერთი მიზანი დავისახეთ. ევრობასკეტზე წარუმატებელი გამოსვლის დავიწყება, მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლით შეგვეძლო. საოცარი მუხტი იყო გუნდშიც, გულშემატკივრების მხრიდანაც და ყველამ ერთად შევძელით ამ წარმატების მიღწევა.
გულშემატკივრის როლი
როგორც ვახსენე, ამ თამაშებამდე მთელ ქვეყანაში იგრძნობოდა ის საოცარი მუხტი, რომ მთელი ქვეყანა ერთი საერთო მიზნისთვის იყო გაერთიანებული. ალბათ, ცოტა ხელისშემშლელი იყო, რომ ასეთი მოლოდინი იყო გულშემატკივრების მხრიდან, 10 000 გულშემატკივარი, რომ შენს გამარჯვებას ელის, ნერვიულობის მომენტიც გვქონდა და სწორედ ამან შეგვიშალა ხელი ისლანდიასთან კარგი თამაში გვეჩვენებინა. ისლანდიელები მეტად თავისუფლად თამაშობდნენ და მათ უფრო ჰქონდათ მოსაგები თამაში, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იმიტომ რომ ჩვენ და ჩვენს გულშემატკივარს მეტად სურდა ამ მატჩის ჩვენს სასარგებლოდ დასრულება, ჩვენს ეს შევძელით.
რთული გრაფიკი
“ლენოვო ტენერიფე” ესპანეთის თასის ფინალში გავიდა და დროის მოკლე მონაკვეთში მოგვიწია რამდენიმე თამაშის ჩატარება, თან ყველა მატჩში 20-25 წუთი მიწევდა თამაში. ამას ემატებოდა ვარჯიშები, ფრენები. ჩემზე უფრო რთული გრაფიკი მოუწია თოკოს, მაგრამ, კიდევ გავიმეორებ, ევრობასკეტზე წარუმატებლობის შემდეგ, ყველას ფიქრი მსოფლიო ჩემპიონატზე იყო მიმართული და ამისთვის ყველაფერი უნდა გაგვეკეთებინა.
მოლოდინი მსოფლიო ჩემპიონატზე
ისლანდიასთან მატჩის შემდეგ, თორნიკეს ვიდეოც გავრცელდა, როდესაც გასახდელში მოგვმართა თანაგუნდელებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი მუდმივად უნდა იყოს ჩვენს გონებაში და აგვისტოში უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ მსოფლიოზე შემთხვევით არ მოვხვედრილვართ.
ევრობასკეტზე უკვე სისტემატურად ვხვდებით, მსოფლიო ჩემპიონატზეც მოვხვდით და ახლა ოლიმპიადა დაგვრჩა (იცინის).
ოქროს თაობა ქართულ კალათბურთში
ზაზა ფაჩულია, ვიქტორ სანიკიძე, მანუჩარ მარკოიშვილი, ნიკა ცქიტიშვილი, ვატო ნაცვლიშვილი, გიორგი ცინცაძე – ამ თაობასთან მომიწია ნაკრებში თამაში და ეს თაობა ნამდვილად მიიჩნეოდა ქართული კალათბურთის ოქროს თაობად. ამ ნაკრებისგან გულშემატკივარს მეტის მოლოდინი ჰქონდა და ალბათ სავსებით სამართლიანადაც, მაგრამ იყო მიზეზები, რის გამოც ისე არ გამოვიდა ყველაფერი, როგორსაც ველოდით. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც იყო, რომ, პრაქტიკულად, არცერთ ევრობასკეტზე არ ყოფილა, ისე რომ ერთი კალათბურთელი ტრავმის გამო არ გამოკვლდებოდა.
იმედგაცრუება საშინაო ევრობასკეტზე
საშინაო ევრობასკეტი არ გამოვიდა ისეთი, როგორის სურვილიც ყველას გვქონდა. ტურნირამდე რამდენიმე დღით ადრე ისეთი დონის კალათბურთელის დაკარგვა, როგორიც თორნიკე შენგელიაა დიდი დარტყმაა. თოკოსთან ერთად ეს ნაკრები გაცილებით შორს წავიდოდა. თოკო როცაა პარკეტზეა მეც უფრო კარგად ვთამაშობ. თოკო არის კალათბურთელი, რომლის განეიტრალებაც ერთ კალათბურთელს ძალიან უჭირს და ხშირად მაკფადენის, დუდას ან ჩემი კაცი გადადის მის წინააღმდეგ სათამაშოდ, რა დროსაც ზონები თავისუფლდება და მეც უფრო მიადვილდება თამაში. მსოფლიოზე მთავარია ყველა ჯანმრთელი და ფორმაში ვიყოთ.
ლენოვო ტენერიფე
ამ გუნდში უკვე მეოთხე წელია ვთამაშობ და აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. გუნდში იდეალური განწყობაა. ბევრ მწვრთნელთან მიმუშავია და აქ არ არის დამღლელი, ზედმეტად დატვირთული ვარჯიშები და გუნდიც ისეთი სტილის კალათბურთს თამაშობს, რომელიც ჩემთვის კომფორტულია. ცენტრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს გამთამაშებელს და მარსელინიო დღეს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა და საოცრად კომფორტულია გუნდში მასთან ერთად თამაში.
სარეკორდო MVP-ს ტიტული და გზა ლიგა ენდესას გამორჩეულ კალათბურთელობამდე
აქამდე მისავლელი გზა ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრი შრომა, იმედგაცრუებაც ახლდა ამ ყველაფერს, მაგრამ, როგორც ვახსენე, “ლენოვო ტენერიფეში” ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავას, ამ ქალაქში, როგორც მშობლიურ ქალაქში ისე ვარ და კარგად გავიხსენი. თვის MVP მეთერთმეტედ გავხდი, რაც ლიგის აბსოლუტური რეკორდია და სხვათაშორის ამის აღსაღნიშნავად ხაშაპურები მაქვს ვარჯიშზე მისატანი.
ერთგვარი ტრადიცია გვაქვს. ჩემი ყოველი MVP-ს ტიტულის შემდეგ ხაჭაპურები მიმაქვს დარბაზში. ბოლო ტიტულზე არ მიმიტანია და ბიჭებიც ელოდებიან. მგონი, ჩემს თანაგუნდელებს ჩემს MVP-ს ტიტულზე მეტად ხაჭაპურები უხარიათ.
არ შეიძლება არ ვახსენო ჯამლეტ ხუხაშვილი. ეს არის ადამიანი, რომელსაც ჩემს კარიერაში ძალიან დიდი წვლილი აქვს და მისი დიდი დამსახურებაა,, რომ მე დღეს ვარ იქ, სადაც ვარ და დიდი მადლობა ამ ადამიანს ყველაფრისთვის.
გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას თვის MVP-ს სარეკორდო ტიტულთან
მაკფადენის კომენტარზე
ვნახე ის ვიდეო თად მაკფადენს რომ ეკითხებიან ისლანდიასთან თამაშის შემდეგ, ხინკალსა და ხაჭაპურზე. სახელები აერია ერთმანეთში და დაიბნა, თორემ ორივე აქვს გასინჯული და საკმაოდ გემრიელადაც მიირთმევს ორივეს.
GIPHY App Key not set. Please check settings