ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მილუოკი ბაქსთან ერთად არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში იმყოფება, სადაც მის გუნდს 2 საგამოფენო მატჩი აქვს დაგეგმილი.
საინტერესოა, რომ ბაქსის კალათბურთელებს 16-საათიანი ფრენა მოუწიათ, თუმცა, ამის გამო არავის დაუწუწუნია. მეტიც, როგორც მილუოკელთა მთავარმა მწვრთნელმა მაიკ ბუდენჰოლცერმა განაცხადა, ამ მოგზაურობამ გუნდის მოთამაშეებსა და პერსონალში დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც NBA-ს გუნდები თამაშებს ახლო აღმოსავლეთში ჩაატარებენ, ამდენად, ბაქსში ის ფაქტი, რომ არაბეთში ვიზიტისთვის ატლანტა ჰოუკსთან ერთად, მათი გუნდი შეარჩიეს, პატივად მიიღეს. გახარებული იყო მამუკელაშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ დუბაიში დაგეგმილი თამაშების სანახავად, საქართველოდან მისი ოჯახის წევრებიც ჩავლენ, რაც მისთვის დამატებითი მოტივაციაა. კმაყოფილი სჩანდა მილუოკელთა უმთავრესი ვარსკვლავი იანის ანტეტოკუნმპოც.
ნამდვილად დიდ ემოციებში ვარ. ზოგადად მიყვარს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეების მონახულება და ამასთან მიხარია, რომ კალათბურთის აქაურ ქომაგებსაც შევხვდები. აშშ-ს მიღმა ხომ უამრავი ადამიანია, ვისაც ეს თამაში უყვარს და მათთვის NBA-ს საგამოფენო მატჩების ხილვა დიდი ზეიმი იქნება. დუბაიში ოჯახის წამოყვანაც გადავწყვიტეს და სურვილი მაქვს ქალაქი მათთან ერთად დავათვალიერო. დიდი დელეგაციით ვართ ჩამოსული და ეს გუნდის ქიმიის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს”.
ცნობისთვის, ბაქსი NBA-ს გლობალური ტურის მონაწილე პირველად არ ხდება. 2015 წელს მილუოკელებმა ლონდონში ითამაშეს, 2020-ში კი – პარიზში, აზიური თავგადასავალი კი პირველი იქნება. მამუკელაშვილი და მისი თანაგუნდელები ატლანტას პირველად 6 ოქტომბრის დილას ეთამაშებიან, მე-2 შეხვედრა კი 8 ოქტომბერსაა დანიშნული”.
GIPHY App Key not set. Please check settings