მორიგი ისტორიული გამარჯვება. საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის საუკეთესო რვა გუნდში მოსახვედრად დიდი ნაბიჯი გადადგა.
აზერბაიჯანის დამარცხების შემდეგ, საქართველომ ბოსნია-ჰერცოგოვინასაც დაუქამბექა და თალეს ფეიტოშასა და ბრუნო პეტრის გოლებით 2:1 დაამარცხა.
D ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, 1999 წლის შემდეგ, პირველად ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტები შეხვდნენ ერთმანეთს. საქართველო ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.
მატჩის პირველი ნახევარი თანაბარ ორთაბრძოლაში წარიმართა. განსაკუთრებით ბრწყინავდნენ მეკარეები. კუპატაძემ და მილანოვიჩმა ერთმანეთს ტოლი ნამდვილად არ დაუდეს და რამდენიმე საოცარი სეივიც შემოგვთავაზეს. ჩვენი ნაკრების უბერებელმა კაპიტანმა ჯერ ერთი-ერთზე აჯობა ბოსნიელ ფორვარდს, შემდეგ კი ორი მეტრიდან მოიგერია ბურთი.
საქართველოს ნაკრებიდან ყველაზე სახიფათო მომენტი ნიკოლოზ კურტანიძეს ჰქონდა, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა. რამდენიმე კარგი შორეული გასროლა ჰქონდა არჩილ სებისკვერაძეს, მაგრამ სიზუსტე არ ყოფნიდა, ბრუნო პეტრის დარტყმული ბურთი კი, მილანოვიჩმა მოიგერია. პირველ ტაიმში ერთადერთი გოლი ფლანგზე გასპარის ეფექტურ თამაშს მოყვა. გასპარმა ვილიანს ეფექტურად აუარა გვერდი და მისი გამჭოლი პასის შემდეგ, კავეძიჩმა აიღო საქართველოს ნაკრების კარი.
მეორე ნახევარში ავთანდილ ასათიანის გუნდმა კიდევ ერთხელ აჩვენა ხასიათის სიმტკიცე და ბოსნიასაც დაუქამბექეს. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი ნახევრის შემდეგ, ავთანდილ ასათიანის გუნდს ლიდერი ელისანდრუ გამოაკლდა, მაგრამ დანაკლისის მიუხედავად მაინც შეძლო ისტორიული გამარჯვების მოპოვება.
შეხვედრაში ანგარიში ჩვენი ნაკრების ნატურალიზირებულმა ბრაზილიელმა შემტევმა თალეს ფეიტოშამ გამოიჩინა. ბოსნიელთა მეკარე მილანივიჩი ძალიან წინ მიდიოდა და ამისთვის დაისაჯა კიდეც. თალესმა მას პასი ჩაუჭრა და შორი მანძილიდან ცარიელ კარში ზუსტად დაარტყა. ეს თალესის მეორე გოლია მიმდინარე ტურნირზე.
მეორე ნახევრის მერვე წუთზე, ვილიანის პასის შემდეგ, ბრუნო პეტრიმ ეფექტური, მოხდენილი მოძრაობით დაუტრიალდა მოწინააღმდეგეს და აუღებელი დაურტყა მეკარეს.
ბოლო წუთებშიც შეუდარებელი იყო 42 წლის ზვიად კუპატაძე, რომელიც კარს ძალიან დამაჯერებლად იცავდა.
ბოლო წამზე ბოსნიას კარგი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ კუპატაძემ ბრწყინვალე სეივით დაასრულა.
ამ გამარჯვებით საქართველოს ნაკრებს 6 ქულა დაუბრუნდა და იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთი დღეს აზერბაიჯანთან არ წააგებს, ჩვენი ნაკრები ოფიციალურად გაინაღდებს 1/4 ფინალის საგზურს.
GIPHY App Key not set. Please check settings