ინგლისის მორაგბეთა ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი კრის ეშტონი უელსის ეროვნული გუნდის ღრმა კრიზისს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სჯობს “დრაკონებმა” მე-2 დონის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან ითამაშონ, რადგანაც უმაღლეს დონეზე კონკურენციისთვის მზად არ არიან. ეშტონმა, რომელსაც ინგლისის ნაკრების მაისურით 2010-19 წლებში ჩატარებულ 54 მატჩში 20 ლელო აქვს დადებული, აღნიშნულ თემაზე პოდკასტში Rugby Union Weekly ისაუბრა.
“ახლა რომ ორდონიანი საშეჯიბრო სისტემა გვქონდეს პირველი და მეორე რანგის ნაკრებების მონაწილეობით, უელსისთვის ნამდვილად კარგი იქნებოდა, რომ ერთი წელი მე-2 დონეზე გაეტარებინა. ისინი ძალიან საჭირო გამოცდილებას მიიღებდნენ, ყველაფერ ცუდს დაივიწყებდნენ და ერთი სეზონის თავზე უფრო კარგად მომზადებულები და ძლიერები დაბრუნდებოდნენ. ახლა კი, ისინი უბრალოდ ვერ ვითარდებიან და მზად არ არიან, რომ 6 ერში მეტოქეებს კონკურენცია გაუწიონ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ახლავე რომ ჰქონდეთ შანსი ფიჯის, იაპონიას, სამოას, ტონგასა და საქართველოს რომ დაუპირისპირდნენ და ყველას აჯობონ, თანაც დამაჯერებლად, ეს მათთვის დიდი ბონუსი იქნებოდა. შემდეგ თამამად იტყოდნენ: კარგი, ახლა, ნამდვილად ვართ იმ მდგომარეობაში, რომ ელიტაში დავბრუნდეთ და იქ ღირსეულად ვითამაშოთ. მტკიცედ მჯერა, რომ ეს უელსისთვის კარგი ნაბიჯი იქნება. იმას ნამდვილად აჯობებს, რაც ახლა ხდება, რადგანაც უახლოეს პერიოდში მათთვის სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ”.
უელსის ნაკრების სავალალო მდგომარეობაზე საუბრები მას მერე განახლდა, რაც “დრაკონებმა” 6 ერის სასტარტო ტურში ინგლისში მორიგი უიმედო მარცხი (7:48) განიცადეს. უელსის ნაკრებმა მეტოქისგან 7 ლელო მიიღო, ამასთან, ძალიან უდისციპლინოდ თამაშობდა და 4 ყვითელ ბარათსაც გამორჩა. უელსელებს 6 ერზე ბოლო მატჩი თითქმის 3 წლის წინ, 2023 წლის 11 მარტს რომში აქვთ მოგებული (29:17 იტალიასთან).
lelo.ge



GIPHY App Key not set. Please check settings