ქართული კლუბები ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობენ.
თურქულ შეკრებაზე თბილისური „იბერია“ კიევის „დინამოს“ შეხვდა და 0:2 დამარცხდა. „იბერიამ“ სამი რეალური მომენტი შექმნა, მაგრამ ამირან ძაგანიამ (ორჯერ) და ანდრია ბართიშვილმა შანსი ვერ გამოიყენეს.


თბილისის „დინამო“ ლატვიის ჩემპიონატის მეხუთეადგილოსან „აუდას“ შეხვდა და 0:1 წააგო. გოლი 24-ე წუთზე, დაცვის უყურადღებობის შედეგად გავიდა. შეგახსენებთ, „დინამო“ მანამდე „შახტართან“ 2:7 დამარცხდა.
„დინამო” მომდევნო სპარინგს 13 თებერვალს, უკრაინული “ვერესის” წინააღმდეგ გამართავს.

ბათუმის „დინამო“ ბელექში ფერგანის „ნეფტჩის“ შეხვდა და 1:4 (0:0) წააგო. უზბეკურმა გუნდმა უპირატესობა მეორე ტაიმში მოიპოვა.
თუმცა უნდა აღინიშნოს ბათმელთა გოლი: დებიუტანტმა ბექა ბარამიძემ მეკარის მიერ უხეიროდ მოგერიებული ბურთი დაახლოებით 40 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა.
მომდევნო მატჩს ბათუმელები 13 თებერვალს, უკრაინულ “ოლექსანდრიასთან” ითამაშებენ.

ანთალიურ შეკრებაზე „თელავმა“ პირველი სპარინგმატჩი ოსტრავის „ბანიკთან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
„რუსთავმა” თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და უზბეკურ “სოგდიანას” 3:1 მოუგო. გოლები გაიტანეს ახალწვეულებმა ნიკიტა სლავიცკიმ და ნიკოლოზ ქუთათელაძემ, ასევე სოლომონ კესიმ. მეორე სპარინგს “რუსთავი” 12 თებერვალს, უკრაინულ “ოლექსანდრიასთან” გამართავს.



გორის “დილამ” თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და მეორედაც მოიგო. ჩვენებმა ნორვეგიულ “ტრომსოს” აჯობეს – 2:0. გოლები ახალწვეულებმა ტრეი ფულერმა და გიორგი ჯალაღონიამ გაიტანეს.



GIPHY App Key not set. Please check settings