საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრა შვეიცარიის ნაკრებთან ქალაქ ივერდონში გამართა და მეტოქე დიდი სხვაობით დაამარცხა – 54:3.
პირველ ტაიმი ჩვენმა ნაკრებმა ცუდად ითამაშა და ბევრი ხარვეზი ჰქონდა.
მხოლოდ ტაიმის მიწურულს გამოასწორა თამაში და ლელოს შანსიც ჰქონდა.
ერთადერთი ლელო კი მე-16 წუთზე გავიტანეთ, როცა კონტრშეტევისას გიორგი კვესელაძემ ბურთი ფეხით შეაცურა. მას დებიუტანტი ოთარ მეტრეველი მიჰყვა, ყველას დაასწრო და კარიერაში პირველი სანაკრებო ლელო მიითვალა. ლუკა მატკავამ გარდასახა – 7:0.
მალე შვეიცარიელებმა საჯარიმოდან გაგვიტანეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს. 3:7 – ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ მოედანზე უკვე სხვა საქართველო გავიდა, თამაში დალაგდა და საწყის 10 წუთში გატანილმა ორმა ლელომ ყველაფერი ნათელი გახადა. მეტოქემ წინააღმდეგობა ვეღარ გაგვიწია.
შეხვედრაში თანდათან ყველა დებიუტანტი ჩაერთო, რვა ახალწვეული გვყავდა.
ორ-ორი ლელო თორნიკე ჯალაღონიამ და დემურ თაფლაძემ გაიტანეს, ერთიც – შეცვლაზე შესულმა თედო აბჟანდაძემ და საბოლოოდ 54:3 მოვიგეთ.
ეს მატჩი მეასე იყო ვასილ ლობჟანიძისთვის, რომელიც საქართველოს ნაკრების მერვე „ცენტურიონი“ გახდა დავით კაჭარავას (122), სანდრო თოდუას (122), მერაბ კვირიკაშვილის (115), მერაბ შარიქაძის (104), შალვა მამუკაშვილის (103), გიორგი ჩხაიძისა (100) და ლაშა მალაღურაძის (100) შემდეგ.
29 წლის ლობჟანიძე მსოფლიოში მეორე ყველაზე ახალგაზრდა „ცენტურიონია“.

შვეიცარია – საქართველო 3:54
ხაზი: 15. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 11. ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), 10. ლუკა მატკავა (ოიონა), 9. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა);
შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (ოიონა), 3. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (ტულონი), 6. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 7. იოანე იაშაღაშვილი (მონ დე მარსანი), 8. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი).
მარქაფა: 16. ნიკოლოზ სუთიძე (ლა როშელი), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. დავით ლაგვილავა (პერპინიანი), 20. თემურ წულუკიძე (ოიონა), 21. ანდრო დვალი (პერპინიანი); 22. გელა აფრასიძე (პერპინიანი), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).
ლელო: მეტრეველი, ტაბუცაძე, ჯავახია, ჯალაღონია (2), თაფლაძე (2), აბჟანდაძე
გარდასახვა: მატკავა (7)
ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე კიდევ ორ მატჩს გამართავს – 15 თებერვალს სტუმრად ნიდერლანდებთან, 21 თებერვალს კი შინ ესპანეთთან.
მატჩის შემდეგ „ბორჯღალოსნების“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა, მარკო ბარტოლამიმ კომენტარი გააკეთა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ პირველი შეხვედრა მოვიგეთ. პირველი ტაიმი რთული გამოვიდა, დაძაბული ვიყავით, ვნერვიულობდით და თამაში არ გამოგვივიდა.
მეორე ნახევარში დავმშვიდდით, სიტუაცია გამოვასწორეთ, თამაშის ხარისხიც გავაუმჯობესეთ და საბოლოოდ მოვიგეთ.
მომდევნო თამაშებში გავითვალისწინებთ და უკეთესები გავხდებით“.



GIPHY App Key not set. Please check settings