საქართველოს ფუტსალის ნაკრები უკვე ნიდერლანდებშია და სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩისთვის ემზადება.
ავთანდილ ასათიანის გუნდი ტურნირს კავკასიური დერბით გახსნის და აზერბაიჯანის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი მეზობლები აღნიშნულ შეხვედრას სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდებიან.
აზერბაიჯანის ნაკრებს 4 ნატურალიზირებული ბრაზილიელი ფეხბურთელი გამოაკლდა. ჩვენმა მომავალმა მეტოქემ ბელგიაში ადგილობრივ ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა და 3:5 დამარცხდა. ბელგიაში აზერბაიჯანის ნაკრების ორ ბრაზილიელს-ედუარდოს და რავალ ვილელას Covid 19 დაუდასტურდათ და ისინი ბელგიაში საკარინტინო სივრცეში არიან. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებთან მათი თამაში გამორიცხულია.
ასევე, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ნატურალიზირებულ ბრაზილიელებს მანეკესა და ფელიპინიოს ნატურალიზაციის წესების დარღვევისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება არ აქვთ.
საქართველო-აზერბაიჯანის მატჩი 22 იანვარს, თბილისის დროით, 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას პირველი არხი შემოგთავაზებთ.
GIPHY App Key not set. Please check settings