ჩაბი ალონსომ მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი აღარ არის.
კლუბმა ოფიციალურად თქვა, რომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გადაწყვეტილება მიღებულია.
კლუბმა მადლობა უთხრა ალონსოს და დასძინა, რომ მადრიდის „რეალი“ მისთვის მუდამ სახლად დარჩება.
გეცოდინებათ, რომ 44 წლის ესპანელმა ჭირვეული გრანდი სეზონის დასაწყისში ჩაიბარა და სულ 34 შეხვედრა მოასწრო (ყველა ტურნირზე), საიდანაც 24 მოიგო (4 ფრე, 6 წაგება).
კვირას „რეალი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ დამარცხდა (2:3) და ეს გედის სიმღერა აღმოჩნდა.
ალონსომ კლუბის ბოსებს უთხრა, რომ დაიღალა “დამოკლეს მახვილით” ცხოვრებით.
ცოტა ხნით გუნდის მთავარი მწვრთნელი ალვარო არბელოა იქნება. ის „რეალის“ ახალგაზრდულ გუნდს „კასტილიას“ ავარჯიშებდა.
„რეალის“ ფეხბურთელები შოკირებული იყვნენ ალონსოს გათავისუფლებით, მას შემდეგ, რაც კლუბის განცხადება შეიტყვეს. ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მწვრთნელს მხარდაჭერა ჰქონდა და დარჩებოდა, დაწერა „მარკამ“.
კილიან მბაპე: „მე შენ დამამახსოვრდები როგორც მწვრთნელი, რომელსაც ნათელი იდეები ჰქონდა და ბევრი რამ იცოდა ფეხბურთის შესახებ. სასიამოვნო იყო შენგან სწავლა, მადლობა, რომ პირველივე დღიდან მენდობოდი“.
ხორხე ვალდანო: „ალონსოს სიტუაცია პირველივე დღიდან არ მეჩვენებოდა სტაბილურად. არ მეგონა, რომ „რეალი“ მხარს უჭერდა. პერესმა ის საშობაო გამოსვლაში არ ახსენა“.
ამავე დროს, საინტერესოა, რომ ალონსო „რეალის“ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი გახდა მოგების პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
34-დან 24 მატჩის მოიგო 70.6%-იანი მაჩვენებელია. ასეთივე შედეგი ჰქონდა ინგლისელ რობერტ ფერტს (1932-1934 წლები).
მხოლოდ ოთხს (მწვრთნელები, რომლებმაც მინიმუმ 30 მატჩი ჩაატარეს) ჰქონდა უკეთესი მოგების პროცენტული მაჩვენებელი: მანუელ პელეგრინი (48 თამაშში 75%), ჟოზე მოურინიო (148 თამაშში 71.9%), რადომირ ანტიჩი (39 თამაშში 71%) და კარლო ანჩელოტი (353 თამაშში 70.8%).
აღსანიშნავია, რომ ალონსომ მიგელ მუნიოსს, (1960-დან 1974 წლამდე 14 ტიტული მოიგო) და ზინედინ ზიდანს გაასწრო.


GIPHY App Key not set. Please check settings