2026 წლის ივნისიდან ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელი ფრანგი სპეციალისტი პიერ-ანრი ბრონკანი იქნება, რომელთანაც კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა.
ამა წლის იანვრიდან ივნისამდე ორივე გუნდს მისი იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. ‘შავ ლომში’ ბორტოლამის დებიუტი 10 იანვარს, ჩელენჯ თასზე ფრანგულ ‘მონტობანთან’ (სტუმრად) შედგება. ჩვენი გუნდი 17 იანვარს იტალიურ ‘ძებრეს’ „მიხეილ მესხზე“ დაუხვდება.
ბორტოლამი გაიყვანს ბორჯღალოსნებს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც თებერვალ-მარტში გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 8 და 15 თებერვალს სტუმრად, შესაბამისად შვეიცარიასა და ნიდერლანდებს ეთამაშება, ხოლო 21 თებერვალს თბილისში ესპანეთს დაუხვდება. ნახევარფინალები 7-8 მარტსაა ჩანიშნული, ფინალები კი 15 მარტს მადრიდში გაიმართება.
პიერ-ანრი ბრონკანი
51 წლის პიერ-ანრი ბრონკანიგამოცდილი სპეციალისტია, რომელიც კარგად იცნობს ფრანგულ, ქართულ და საერთაშორისო რაგბის. ის ითვლება ძლიერ ტაქტიკოსად, რომელიც ფიზიკურ დისციპლინირებულ რაგბის ანიჭებს უპირატესობას.
ბრონკანი 1992-2006 წლებში სხვადასხვა ფრანგულ კლუბებში თამაშობდა, მათ შორის ‘ოშში’, ‘მონტობანსა’ და ‘ბეზიეში’, 2006 წლიდან კი მისი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა დაიწყო.მან გაიარა ყველა საფეხური სამოყვარულო ლიგებიდან ტოპ-დონემდე.
მისი პირველი გუნდი იყო ‘ბლანიაკი’, რომელიც პირველსავე სეზონში პრო დე2-ში აიყვანა. 2007-2014 წლებში მუშაობდა ‘ოშში’, ‘ორიაკში’, ‘კოლომიესა’ და ‘ტარბში’, რომლებშიც მრავლად იყვნენ ქართველი მორაგბეები.
2015 წლიდან ბრონკანი ფრანგულ გრანდს, ‘ტულუზას’ შეუერთდა და დაცვის მწვრთნელად სამი წელი იმუშავა. 2018-2020 წლებში ის ინგლისურ ‘ბათში’ მუშაობდა, საიდანაც იმჟამად ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ედი ჯონსს დაუკავშირდა და 2023 წლის მსოფლიო თასზე, უკვე ავსტრალიის ნაკრების შემადგენლობაში, ჯონსის სამწვრთნელო შტაბში მოლის კონსულტანტად იმუშავა.
მანამდე მას სამი წარმატებული სეზონი ჰქონდა ტოპ 14-ის ‘კასტრის’ მთავარი მწვრთნელის რანგში და გუნდი 2022 წელს ტოპ 14-ის ფინალში გაიყვანა.
2023 წლიდან პიერ-ანრი ბრონკანიფრანგული ‘ბრივის’ მთავარი მწვრთნელია, რომლის შემადგენლობაში ამჟამად სამი ქართველი ლეგიონერი თამაშობს – კოტე მიქაუტაძე, ვახ აბდალაძე და გიორგი შველიძე. ის აღნიშნულ თანამდებობაზე მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება, მერე კი საქართველოს ნაკრებს ჩაიბარებს.
მარკო ბორტოლამი
გარდამავალი პერიოდის განმავლობაში, იანვრიდან ეროვნული ნაკრებისა და ‘შავი ლომის’ საწვრთნელ პროცესს პიერ ანრი ბრონკანის იტალიელი ასისტენტი მარკო ბორტოლამი გაუძღვება. ის ახალი მთავარი მწვრთნელის ხედვისა და სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მასთან სრულ კოორდინაციაში იმუშავებს.
45 წლის მეორეხაზელის კარიერა ‘პადოვაში’ დაიწყო, საიდანაც 2004 წელს ფრანგულ ‘ნარბონში’ გადავიდა და იქ ორი სეზონი გაატარა. მომდევნო 4 წლის განმავლობაში მარკო ინგლისის პრემიერშიფის ‘გლოსთერის’ ღირსებას იცავდა, ხოლო 2010 წლიდან სამშობლოში დაბრუნდა და ჯერ ‘აირონის’,მერე კი ‘ძებრეს’ შემადგენლობაში თამაშობდა.
ბორტოლამის დებიუტი იტალიის ნაკრებში 2001 წელს შედგა და 2015 წლამდე 112 კეპი მოიხვეჭა (7 ლელო), რაც გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ის იტალიის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანია – გუნდს მოედანზე პირველად 2002 წელს, 22 წლის ასაკში წარუძღვა. ბორტოლამი სამი (2003, 2007 და 2011) მსოფლიო თასის მონაწილეა.
მოთამაშის კარიერის დასრულებისთანავე მარკო ბორტოლამის სამწვრთნელო კარიერა დაიწყო და 2016-2021 წლებში იტალიური ფრენჩაიზის – ‘ბენეტონის’ მთავარი ასისტენტი-მწვრთნელი იყო, 2021 წლიდან კი ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და ამ პოზიციაზეა 4 წელი გაატარა. ამ პერიოდში გუნდმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა და 2023/24 წლების სეზონში გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გავიდა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
‘ბენეტონს’ ბორტოლამის ხელმძღვანელობით წარმატებები ქონდა ევროტურნირებშიც. ჩემპიონთა თასზე მან ერთხელ ჯგუფური ეტაპი დაძლია და 1/16-ფინალში ითამაშა, ხოლო ჩელენჯ თასზე ორჯერ ზედიზედ უწია ნახევარფინალს (2022/23 და 2023/24 წლები).
2025/26 წლების სეზონის დასაწყისში იტალიელმა ინგლისის პრემიერშიფის კლუბი ‘სეილ შარქსი’ ჩაიბარა და გახდა პირველი იტალიელი მწვრთნელი, რომელიც ინგლისის პრემიერშიფის გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მარკო ბორტოლამიმ ‘სეილ შარქსი’ 2025 წლის დეკემბერში დატოვა და 2026 წლის იანვრიდან ჯერ ‘შავ ლომს’, მერე კი მასთან ერთად საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარუძღვება.



GIPHY App Key not set. Please check settings