in

ქუთაისმა ევროთასზე ჩეხეთში ბრნოს მოუგო

შესაძლოა, ბევრისთვის მოულოდნელად, მაგრამ ქუთაისის მთავარი მწვრთნელისა და მისი გუნდისთვის ლოგიკურად დასრულდა ფიბა ევროპის თასის მატჩი ჩეხეთში, სადაც საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა 80:73 დაამარცხა “ბრნო ბასკეტი”. ბევრისთვის მოულოდნელი იმის გამო, რომ 2 კვირის წინ, თბილისში გამართული ამ გუნდების მატჩი ჩეხურმა კლუბმა 84:66 მოიგო. მესამე პერიოდის შემდეგ “ბრნო ბასკეტი” 29 ქულით იგებდა და თავს ძალა აღარ დაატანა, ისე მივიდა დამსახურებულ გამარჯვებამდე.

ეს იყო ფიბა ევროპის თასის ჯგუფის პირველი მატჩი და მას შემდეგ ქუთაისელებმა კიდევ 2 შეხვედრა უშანსოდ წააგეს – საბერძნეთში პერისტერისთან და ისევ თბილისში – ესპანურ ბილბაოსთან. სწორედ ამის გამო, ბრნოში ჩასული ქუთაისი უიმედო აუტსაიდერად ითვლებოდა, მაგრამ პირველივე პერიოდში გამოჩნდა, რომ კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდი დანებებას არ აპირებდა.

ქუთაისელებმა პირველი პერიოდი 3 ქულით მოიგეს და ასე მოიქცნენ მეორეშიც. დიდი შესვენებისთვის იმერული კლუბი მასპინძლებს 6 ქულით ამარცხებდა და ეს იმ პირობებში, რომ მთავარი ცენტრი, ჯავიონ ოგუნიემი ქუთაისელებს ტრავმის გამო აკლდათ. ბოლო მატჩებში ძალიან მოუმატა და დღევანდელ მატჩშიც შედეგიანად ითამაშა ლუკა ალავიძემ. შეიძლება ითქვას, რომ ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო ამ სეზონში.

ალავიძის შედეგიანობით ქუთაისელები ლიდერობას მესამე პერიოდშიც ინარჩუნებდნენ. ის კი არა, ქართული გუნდის უპირატესობა ბოლო პერიოდის წინ 7 ქულას შეადგენდა და წინ რთული 10 წუთი რჩებოდა. ეს დრო გმირულად გადააგორეს სტუმრებმა. მეტოქეს პერიმეტრი გადაუკეტეს და თავისუფლად საჯარიმოშიც არ უშვებდნენ. სამწამიანში დომინანტი გახლდათ მარქუს გილსონი, რომელმაც შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა. გამართული ტაქტიკის წყალობით ქუთაისი გამარჯვებამდე მივიდა. იმერულმა კლუბმა არც ბოლო პერიოდი დათმო, რომელიც 23:23 დასრულდა და მასთან ერთად შეხვედრაც ქუთაისელთა სასარგებლოდ დამთავრდა.

საუკეთესო შედეგი გილსონმა დააფიქსირა, რომელმაც 14 ქულა, 14 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 17 ქულა, 7 პასი და 6 მოხსნა ლუკა ალავიძემ მოაგროვა, 19 ქულა დაგროვდა დეტრეკ ბრაუნინგის ანგარიშზე, ტაირი ბოიკინმა შეხვედრა 13 ქულით დაასრულა. ჩეხურ გუნდში 24 ქულით საუკეთესო იყო ენტონი უილიამსი. თბილისური მატჩის გმირი, ჯეიკობ გრუვსი, რომელმაც ქუთაისს 2 კვირის წინ 33 ქულა ჩაუგდო, ამჯერად 14-ს დასჯერდა.

4 ტურის შემდეგ ქუთაისს 1 გამარჯვება აქვს. შემდეგ მატჩს იმერული კლუბი თბილისში, 12 ნოემბერს, დაუმარცხებელ ლიდერ ბერძნულ პერისტერისთან გამართავს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

20025 წლის მსოფლიო ნაკრები აი ასეთი გამოვიდა

მამარდამ რეალისგან გოლი არ გაუშვა, ლივერპულმა მოიგო