მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ნაკრები 11 ოქტომბერს, ესპანეთის წინააღმდეგ, ელჩეში გამართავს.
ჩვენი გუნდი მზადებას ალიკანტეში აგრძელებს. შეკრებაზე ჩატარებული მესამე ვარჯიშის შემდეგ, მოახლოებული მატჩების შესახებ ნაკრების ფეხბურთელებმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ქოჩორაშვილმა და გიორგი მიქაუტაძემ ისაუბრეს.
ხვიჩა კვარაცხელია:
“იდეალური გარემო შეირჩა თამაშებისთვის მოსამზადებლად. ძალიან კარგია, რომ ამ შეკრებაზე მოსამზადებლად შედარებით დიდი დრო გვაქვს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ფეხბურთელი თავს კარგად გრძნობს.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, რომელიც ძალიან დამეხმარა, რომ ამ შეკრებისთვის ასი პროცენტით მზად ვყოფილიყავი. მაქსიმალურად კარგად მოვემზადე მომდევნო მატჩებისთვის.
ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად, სანამ მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი მინიმალური შანსი გვექნება. ვიცით, რა მნიშვნელობის თამაშები გველის. იმედი მაქვს, მწვრთნელის დავალებებს შევასრულებთ და ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდება”.
გიორგი ქოჩორაშვილი:
“ძალიან მაგარი შეგრძნებაა, როდესაც ნაკრებში ასეთ დიდ დროს ატარებ შენს მეგობრებთან ერთად. ჩემთვის ესპანეთში ყოფნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ქვეყანასთან, სადაც 8 წელი გავატარე, დიდი ემოციური კავშირი მაქვს.
ესპანეთთან უკვე რამდენიმე მატჩი გვაქვს ჩატარებული. ვიცით, რა სირთულის და მნიშვნელობის შეხვედრა გველის. პირველი დღიდან ყველა მაქსიმალურად ვემზადებით. ვეცდებით, ჩვენს გულშემატკივარს კვლავ კარგი თამაში შევთავაზოთ”.
გიორგი მიქაუტაძე:
“ყველა ელოდება მოახლოებულ თამაშებს. ვილიარეალში კარგად მიმიღეს და ყველაფერი კარგად მიდის. მოახლოებული თამაშების მოგება გვსურს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ექვსი ქულა მოვიპოვოთ. ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად ქულები გვჭირდება”.

10 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ვარჯიშს ალიკანტეს რეგიონში, ალგორფაში, ლა ფინკას საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. 16:00 საათზე, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე, სასტუმრო ლა ფინკაში მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენცია გაიმართება.
GIPHY App Key not set. Please check settings