მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქი წონის (61 კგ) საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. ლას ვეგასში ქართველმა მებრძოლმა ამერიკელი კორი სენდჰეგენი დაამარცხა.
დვალიშვილი მეორე რაუნდში გააქტიურდა და ნოკაუტთან ახლოს იყო. საბოლოოდ, ხუთი რაუნდის შემდეგ, ქართველი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყეტილებით გამარჯვებულად გამოცხადდა.
34 წლის მერაბ დვალიშვილმა ალჯამეინ სტერლინგის რეკორდი გაიმეორა, ტიტული უკვე სამჯერ დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიანი ორგანიზაციის ქამარი 2024 წლის სექტემბერში, შონ ო’მალის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. ჩემპიონის რანგში იანვარში მან უმარ ნურმაგომედოვს მოუგო, ხოლო ივნისში კვლავ ო’მალის.
დვალიშვილს 25 შეხვედრაში 21 გამარჯვება აქვს. ეს მოგება მისთვის ზედიზედ მე-14 იყო, რაც UFC-ს ისტორიაში მეოთხე საუკეთესო მაჩვენებელია.

ქამრის შენარჩუნების შემდეგ, ქართველმა ჩემპიონმა კომენტარი გააკეთა.
„მეც და ჩემი მწვრთნელიც გაოცებული ვართ, როგორ ვხდები უკეთესი. დაუღალავად ვვარჯიშობ. თავს უკეთესად ვგრძნობ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყველაფერს ახლა ვიწყებ. დიახ, მე მანქანა ვარ! მე ქართველი ვარ და ქართველები მებრძოლი ხალხი ვართ.
მომდევნო მეტოქე? პიოტრ იანი კარგ ფორმაშია. მზად ვარ, დავბრუნდე და შემდეგი ბრძოლა დეკემბერში ჩავატარო. ჩანიშნეთ ბრძოლა.
ჩემპიონი ვარ, კვლავ მოვიგე და ცხოვრება მშვენიერია. თუმცა ეს შერეული ორთაბრძოლებია და ყველაფერი შეიძლება ერთმა დარტყმამ შეცვალოს, აქ ბევრი კარგი მებრძოლია. მადლობა ჩემს გუნდს“.

GIPHY App Key not set. Please check settings