საქართველოს ნაკრები მალე ორ შესარჩევს ითამაშებს, ჯერ ესპანეთში, მერე თურქეთში და ეს ორი შეხვედრა დიდწილად გაარკვევს გვექნება თუ არა ჯგუფიდან გაღწევის შანსი.
ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ტრადციული პრესკონფერენცია გამართა.
„ესპანეთსა და თურქეთს სტუმრად რომ ეთამაშები, რთულია შედეგებზე საუბარი. ჩემი აზრით, ესპანეთი საუკეთესო ნაკრებია. თურქეთზე ესპანეთთან მატჩის მერე ვილაპარაკებ. თუმცა მიზანი არ შეცვლილა. ვაცნობიერებ შედეგების მნიშვნელობას.
ჩემი პრიორიტეტი ნაკრების განვითარებაა. ვიზრდებით და ამავე დროს ახალ მოთამაშეებსაც ვაკვირდებით.
კარგი შედეგები და სათამაშო პროგრესი ერთმანეთს ხელს არ უშლის. კონკრეტული შედეგი ყოველთვის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. მიზანი ყოველთვის ის იქნება, რომ საქართველოს ნაკრებმა აჩვენოს, რომ მაღალი დონის გუნდია. გვსურს ჩვენზე როგორც რთულ მეტოქეზე ისე ილაპარაკონ.
მიქაუტაძისთვის ახალ გუნდში კარგად დაწყება მნიშვნელოვანი იყო. მისი შედეგიანობა და კარგი ფორმა ნაკრებს წაადგება.
კიტეიშვილს რაც შეეხება, მასზე ბევრს ვსაუბრობ და ხაზს ვუსვამ ოთარის მნიშვნელობას ნაკრებისთვის. იმედი მაქვს, ევროპის ლიგაზე გოლი თავდაჯერებულობაში დაეხმარება და ნაკრებში სათამაშოდ მზად იქნება. როდესაც ის ჯანმრთელადაა, მშვიდად მძინავს.
ჩაკვეტაძე ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა და იმედი მაქვს, მალე დაგვეხმარება. იმედი გვაქვს, რომ მარტის თამაშებისთვის შეძლებს ნაკრებს დაეხმაროს. მჯერა, ხანგრძლივ უთამაშებლობას ფსიქოლოგიურადაც გადალახავს.
ბოლო დროს თაობათა ცვლილების გამო დაცვაში გამოწვევები გვაქვს. მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ფეხბურთელი იყოს თავდაჯერებული და სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს.
კარგია, რომ ჩემი წონის კლება შეამჩნიეთ. ბოლო დროს ხაჭაპურს და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ. საკუთარ თავს ყურადღებას ვაქცევ“.
საქართველოს ნაკრები ესპანეთს ელჩეში 11 ოქტომბერს შეხვდება, ხოლო თურქეთს 14 ოქტომბერს.
GIPHY App Key not set. Please check settings