ფრანგული მედია პსჟ-ს გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას „ატალანტასთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის მატჩში თამაშით აღფრთოვანებულია და მასზე დიდ იმედებს ამყარებს.
„პარიზიენში“ ჟურნალისტი სტეფან ბიანკი წერს: „სეზონის განახლებისას კვარაცხელია ფორმაში და რიტმში არ იყო და აი, ტრავმის შემდეგ ვიხილეთ ენერგიული და ეფექტური. „ატალანტასთან“ მოგებულ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ქართველი ასეთი არასოდეს გვინახავს, პირველკლასელივით ბოლომდე აწეული გეტრებით. საკმარისი გახლდათ გამაშებები მისთვის ჩვეულზე მაღლა აეწია, რომ ჩემპიონთა ლიგის რეჟიმში გადაერთო და არავინ დარჩება უკმაყოფილო მისი იმიჯის ასეთი მოულოდნელი ცვლილებით. თითქოს ღილაკს ხელი დააჭირა, საჭირო მიმართულებით გადართო და ოთხშაბათ საღამოს პსჟ-ს ევროპული კამპანია თავისი მაგიით დაიწყო, ისევ ძველი „კვარა“ გახდა და „კვარადონა“ დაგვიბრუნდა“.
SO FOOT: „და აი, ისევ „კვარადონა“! დეზირე დუე და უსმან დემბელე ტრავმირებული არიან, ბრედლი ბარკოლა საუკეთესო ფორმაში ვერაა, მაგრამ რა აქვს პსჟ-ს სანერვიულო, როდესაც კვარაცხელია ჰყავს, რომელიც მუდმივად საფრთხეს უქნიდა ბერგამოელებს და ამოცანა შესანიშნავად შეასრულა.
ხვიჩას ასპარეზობა ბოლო მომენტამდე საეჭვო იყო, თუმცა აღდგენა მოასწრო და თავისი ჯადოქრობა კვლავ შემოგვთავაზა. დაპირისპირების დასაწყისში კარგი მოქმედებები შემოგვთავაზა (თითქმის ყველა საუცხოო და ასეთი იმდენი ვნახეთ), მერე კი „პარკ დე პრენსს“ სეზონის პირველი დიდი მატჩი აჩუქა, გატანჯა „ატალანტა“, რაც ჯერ კიდევ იტალიაში უყვარდა. ყოფილი ნეაპოლელი ყველგან შეგეძლოთ დაგენახათ: პრესინგისას, დრიბლინგისას, ბურთის ფლობისას, შეტევის წამოწყებისას, პარტნიორებისთვის გადაცემების გაკეთებისას, როგორც ეს იმ ეპიზოდში მოხდა, როდესაც მისი წამოწყებული იერიში ფაბიან რუისმა გააგრძელა და აშრაფ ჰაკიმიმ ბურთი ძელს გაარტყა.
კვარაცხელიას ჩამოსვლა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს რჩება გარდამტეხ მომენტად ლუის ენრიკეს არმადის ევოლუციაში. ვის შეუძლია ამტკიცოს, რომ დემბელეს შეეძლო ღერძის ასე მართვა ამ დამატების გარეშე? როგორ წარმოაჩენდა დუე სეზონის მეორე ნაწილში ასე თავს? თითქოს არც არაფერი არ მოხდა, „ატალანტას“ ოთხი გოლი გაუტანეს და პარიზული გუნდის საჭადრაკო დაფაზე № 7 გამოირჩეოდა.
სამი წლის წინ იტალიის სამხრეთის შეზანზარებით მთელი ევროპა შოკში ჩააგდო, რის შემდეგაც ეიფელის კოშკის ძირში „პარი სენ ჟერმენში“ ლუის ენრიკეს მხარდაჭერით სრულად შეძლო ინტეგრირება. ასევე არ უნდა დავიწყოთ მისი სტატისტიკის შესახებ, „მხოლოდ“ 9 გოლი აქვს გატანილი, რაც გასაკვირია? შესაძლოა, სწორედ ეს არ ჰყოფნის იმისათვის, რათა სრულად ჩაითვალოს თავდასხმის ნამდვილ ლიდერად, რასაც დედაქალაქში მისი ჩამოსვლის პირველივე დღიდან ელიან. ის ახალი მარგალიტია, კლასიკური და ეს სადავო აღარაა“.
დომინიკ სევერაკი (საფეხბურთო მიმომხილველი): „პსჟ-მ ევროსეზონი ამაღლებულ ნოტაზე დემბელეს და დუეს, მაგრამ „კვარასთან“ ერთად დაიწყო. ქართველი სტრატოსფერული იყო და გრანდიოზული გოლი გაიტანა“.
„მშვიდობით „ატალანტა“, – წერს „ტუტოსპორტი“ და თითქმის ყველა სხვა იტალიური გამოცემის მსგავსად საუკეთესოდ ხვიჩას ასახელებს.
21 სექტემბერს, ლიგა 1-ის მეხუთე ტურში პარიზული გუნდი უკვე ტრავმირებული ჟოაო ნევეშის გარეშე „მარსელს“ ესტუმრება, რასაც 27 სექტემბერს „ოსერთან“ საშინაო შეხვედრა და 1-ელ ოქტომბერს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონასთან“ დიდი ჯახი მოჰყვება და ახლა ყველა „კვარას“ მორიგი გაბრწყინების მოლოდინშია.
sportall.ge
GIPHY App Key not set. Please check settings