საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში განაგრძობს. პოლონეთში ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ეროვნული გუნდი ავტობუსით გადავიდა ჩეხეთის დედაქალაქში და იმ სასტუმროში დაბინავდა, რომელიც ევროპაში ცნობილ ქალთა საკალათბურთო კლუბ USK-ს დარბაზის გვერდით მდებარეობს. ალკსანდარ ჯიკიჩის გუნდი სწორედ ამ დარბაზში ივარჯიშებს და ჩეხეთის ეროვნულ გუნდთან 19-21 აგვისტოს ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
პირველი შეხვედრა პრაღაში, USK-ს დარბაზში გაიმართება, იქ, სადაც ჩვენი ეროვნული გუნდი ვარჯიშობს. პრაღაში პირველი ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა 16 აგვისტოს გამართა, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია რატი ანდრონიკაშვილს. ნაკრების 24 წლის უკანახაზელი სოსნოვიეცში, პოლონეთთან ამხანაგურ მატჩში დაშავდა და ექიმების რეკომენდაციით არ უვარჯიშია. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გარკვეული პროცედურებისა და ფეხის დასვენების შემდეგ ვარჯიშებს, სავარაუდოდ, დღეიდან განაახლებს.
ჩეხეთთან საქართველოს ნაკრების 2 მატჩიდან პირველი დახურული ხასიათის იქნება. რაც შეეხება მეორეს, 21 აგვისტოს მატჩს პრაღიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქი პარდუბიცე უმასპინძლებს. შეხვედრა ევროპის უდიდეს ჰოკეის დარბაზში – “ენტერია არენაზე” გაიმართება. ეს იქნება ორივე გუნდისთვის ბოლო ამხანაგური მატჩი ევრობასკეტამდე. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩვენი ნაკრები ვარჯიშებს პრაღაში განაგრძობს, საიდანაც კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება.
შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის C ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები მასპინძელი კვიპროსი, ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა იქნებიან. ჯგუფის საუკეთესო 4 გუნდი მერვედფინალში გავა და პლეი ოფის სათამაშოდ ლატვიის დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლებს.
GIPHY App Key not set. Please check settings