ხვიჩა კვარაცხელიამ “ნაპოლი” იანვარში დატოვა. გადაწყვეტილება, დაეტოვებინა მისთვის ტოქსიკური გარემო, ნეაპოლელი ქომაგებისთვის რთულად მისაღები რეალობა აღმოჩნდა. ამას მოჰყვა “კვარას” მიმართ სხვადასხვა ფორმით გამოხატული დამამცირებელი ჟესტები და ქცევები.
რადგან ხვიჩა საქართველოსთან ასოცირდება, ხშირად მისი კრიტიკა ქართველ ხალხზე გავრცელებული სტერეოტიპებით ხდება.
ეთნიკურ ნიადაგზე დამამცირებელი ფრაზები ნეაპოლელებისთვის არც უნდა იყოს უცხო – თავადაც არაერთგზის გამხდარან სხვა იტალიური რეგიონებისგან დისკრიმინაციისა და შეურაცხყოფის მსხვერპლნი.
ტრადიციულად, საფეხბურთო კლუბი “ნაპოლი” სეზონისთვის მოსამზადებლად ჩრდილოეთ იტალიის რეგიონ ტრენტინო-ალტო ადიჯეში, კერძოდ, დიმაროს მუნიციპალიტეტში იმყოფება. როგორც ყოველთვის, ნეაპოლელი სპორტული ჟურნალისტები ახლაც გუნდთან ერთად არიან და გულშემატკივრებს სიახლეებზე ინფორმაციებს აწვდიან.
2025 წლის 19 ივლისს, ტელეარხ Canale 8-ის გადაცემა Ne parliamo da Dimaro-ში, სტუმრის სტატუსით მიწვეულმა გაეტანო იმპარატომ პირდაპირ ეთერში გამოიყენა შემდეგი ფრაზა: “Finalmente se ne dovrebbe andare il nigeriano, dopo che se n’è andato via lo zingaro georgiano”.
ეს ქართულად ითარგმნება ასე: “ბოლოს და ბოლოს, ნიგერიელიც წავა, მას შემდეგ რაც ქართველი ციგანი წავიდა”.
ამავე ეთერში, ვიქტორ ოსიმენის “გალათასარაიში” შესაძლო ტრანსფერზე საუბრისას, იმპარატომ ხვიჩა კვარაცხელია სახელისა და გვარის გარეშე, დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენია. ვიდეოში ისმის ტაში და გადაცემის სტუმრების ნაწილის მხრიდან ამ დისკრიმინაციული ფრაზის წახალისებაც შეინიშნება.
აღნიშნული გამონათქვამი ეთნიკურად დისკრიმინაციული ხასიათისაა და არღვევს ჟურნალისტთა ქცევის ერთიან კოდექსში (Testo Unico dei Doveri del Giornalista) გაწერილ მუხლებს. კერძოდ:
მუხლი 2 – ღირსების პატივისცემა და დისკრიმინაციის უარყოფა
მუხლი 5 – ენის სიზუსტე და სიფრთხილე
სიტყვა “ციგანი” (zingaro) წარმოადგენს ეთნიკური სტერეოტიპების გამამყარებელ ტერმინს და წინააღმდეგობაში მოდის ეთიკური და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებთან.
ევროპის ბევრ ქვეყანაში, მათ შორის იტალიაში, ეს სიტყვა ნეგატიურ კონტექსტში გამოიყენება და ხშირად ასოცირდება მარგინალიზაციასთან, სიღარიბესთან, უპასუხისმგებლობასთან ან კრიმინალთან.
როდესაც პროფესიონალი სპორტული ჟურნალისტი ეროვნებით ქართველ ფეხბურთელს “ციგანს” უწოდებს, ის არა მხოლოდ სტერეოტიპს ამყარებს, არამედ, ამცირებს პიროვნებას, უგულებელყოფს მის ეროვნულ იდენტობას და ფიგურას წარმოაჩენს, როგორც გაურკვეველი წარმოშობის, უცხო ელემენტს.
მხოლოდ ერთი წინადადების გამოყენებით, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპორტულმა ჟურნალისტმა, La Gazzetta dello Sport-ის ყოფილმა თანამშრომელმა გაეტანო იმპარატომ, დაარღვია პროფესიული ეთიკის სტანდარტები და შეურაცხყოფა მიაყენა ფეხბურთელის ღირსებას. ამავდროულად, მან ხელი შეუწყო ქართული საზოგადოების მიმართ დამამცირებელი სტერეოტიპის გაძლიერებას.
“ნაპოლის” პრესსამსახურმა იმპარატოს დიმაროში მუშაობისთვის მინიჭებული აკრედიტაცია შეუჩერა, რითაც კლუბის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის საქციელი ოფიციალურად დაგმო.
სპორტული გაზეთი “ლელო” მკაცრად ემიჯნება იტალიელი სპორტული ჟურნალისტის დისკრიმინაციულ განცხადებას და მოუწოდებს იტალიის ჟურნალისტთა ასოციაციას დროული რეაგირებისთვის.
–
მოგვიანებით გაეტანო იმპარატომ ბოდიში მოუხადა როგორც ხვიჩა კვარაცხელიას, მის ოჯახს და მთლიანად საქართველოს, ასევე “ნაპოლის”, რომლის ორი წლის წინადელ ჩემპიონობაში ქართველის წვლილი უდიდესი იყო…
“ხმაურის ჩაცხრომის შემდეგ, რომელიც გამოიწვია დიალექტურმა შეცდომამ, ზედმეტად დაუსაბუთებელი მიმართვით “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელის მისამართით, ნამდვილად ვგრძნობ აუცილებელ საჭიროებას, გულწრფელად ბოდიში მოვუხადო ყველას, ვინც უხერხულობა იგრძნო იმის გამო, რომ კვარაცხელია “მიზანში ამოვიღე”…
ბოდიშს ვუხდი “ნაპოლის”, რომელიც სრულიად სამართლიანად დგას რასიზმთან ბრძოლის პირველ რიგებში, პრესსამსახურის წარმომადგენელ ბალდარის, რომელსაც ისედაც ათასი საქმე აქვს, და იმ ყველა გულშემატკივარს, ვინც სრულიად სამართლიანად ქართველ ფეხბურთელს სკუდეტოს მესამე ტიტულის ერთ-ერთ ავტორად მიიჩნევს…
და განსაკუთრებით ბოდიშს ვუხდი კვარას და ქართულ საზოგადოებას, თუკი ვინმე თავი იგრძნო ამ დიალექტური შეცდომით დაზარალებულად (მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემი განზრახვა არ ყოფილა).
არ მსურს შევიდე დეტალებში გამოყენებულ მიმდევრობაზე ან მის შესაძლო ინტერპრეტაციებზე – ეს იყო ჩემი შეცდომა, რომელიც მხოლოდ გულწრფელი, უპირობო და სრული ბოდიშით უნდა წაიშალოს, როგორც ამას ვცდილობ ახლა…
მომავალი წლისთვის “ნაპოლის” დასახმარებლად დიდი გონივრულობა დაგვჭირდება, და სწორედ მე, ვინც ამას ხშირად ვქადაგებ, ამ ერთ მომენტში ეს პრინციპი ვერ დავიცავი. შეცდომა ადამიანურია, ხოლო ბოდიშის მოხდა “ნაპოლისთვის”, კვარაცხელიასთვის, მისი ოჯახისა და ქართველი ხალხისთვის – კეთილი და სამართლიანი საქმე. ეს იყო საჭირო და აუცილებელი ნაბიჯი”, – წერს ჟურნალისტი.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings