in

თითქოს მოვიგეთ, მაგრამ წავაგეთ: ბორჯღალოსნები ჩიტასთან ბოლოს დამარცხდნენ

ზაფხულის სანაკრებო ფანჯარაში ბორჯღალოსნებმა მეორე თამაში ბლუმფონტეინში, „ტოიოტა სთედიუმზე“ სამხრეთ აფრიკულ ფრენჩაიზ ‘ჩიტასთან’ გამართა და მასპინძლებს 4 ქულით ჩამორჩა – 20:24.

19 ივლისს მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან მატჩამდე რიჩარდ ქოქრილმა თავის გამოჩენის შესაძლებლობა უმეტესად იმ მოთამაშეებს მისცა, რომლებსაც 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ, სამი მოთამაშე კი სულაც დებიუტანტი იყო – ფრთა ოთარ მეტრეველი,მეორეხაზელი დემურ ეფრემიძე და კვაჭი ვახტანგ ჯინჭარაძე. ამ მორაგბეებმა ერთად პირველად ითამაშეს და შეუთამაშებლობა აშკარად იგრძნობოდა, თუმცა გამარჯვება მაინც შეიძლებოდა.

ჩვენი მხრიდან ორი ლელო ფრთა შალვა აფციაურმა გაიტანა, რომელმაც ბორჯღალოსნების კვართით მესამედ ითამაშა და ამ სამ თამაშში 4 ლელო აქვს გატანილი. გუნდის ახალმა, 37-ე კაპიტანმა თედო აბჟანდაძემ მონაგარს 10 ქულა შემატა.

თამაშის საწყის 18 წუთში არცერთ გუნდს არაფერი გამოსდიოდა. ტაიმის შუაში ფეხით გადაკიდებულ ბურთზე აყოლამ დააგვიანა, ‘ჩიტასმა’ ხელით შეგვიტია, ცენრში ხაზი სისწრაფეზე გაიჭრა და მასპინძლები გარდასახული ლელოთი დაწინაურდნენ. 31-ე წუთზე მოედნის ცენტრში ბურთი დავკარგეთ, მასპინძლებმა ის სწრაფად გაიტანეს და ფეხით ზურგს უკან გადაკიდეს, შემტევმა შალვა აფციაურს სისწრაფეში აჯობა და ლელოს რთული პოზიციიდან ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ტაიმის ბოლოს პირველი სალელოვე შანსი გაგვიჩნდა. ცენტრში ამჯერად მასპინძლები შეცდნენ, ბურთს ფეხი თენგიზ პერანიძემ წაკრა და მიყვა, მაგრამ 22-ის ხაზთან მისი დამორჩილება ვეღარ მოახერხა. გაწითლებულ დროზე დერეფნიდან შევუტიეთ, სანდრო მამამთავრიშვილი 22-ის ხაზთან კონტაქტის შემდეგ ფეხზე დარჩა და 5-მეტრიანამდე მძლავრად იარა, ბურთი მარჯვენა ფრთაზე სწრაფად გავიდა, იქ კი აფციაურმა მცველს ერთი-ერთზე აჯობა და პირველი ლელო გაიტანა. თედო აბჟანდაძემ ურთულესი პოზიციიდან გარდასახა – 7:14.

მეორე ტაიმი ‘ჩიტასის’ სახიფათო შეტევით დაიწყო, თავი კარგად დავიცავით, მერე აფციაურმა 5-მეტრიანთან გადაცემა ჩაჭრა და ძელებსშუამდე თითქმის 100 მეტრი ირბინა. აბჟანდაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა. მასპინძლებმა 45-ე წუთზე ჯარიმით გვიპასუხეს და ლიდერობა დაიბრუნეს.

ამის შემდეგ საქართველო სრულად დაეუფლა უპირატესობას და კარის წინ, გასატან პოზიციაში ჯარიმის შესრულების უფლება ორჯერ მოიპოვა, მაგრამ ლელოზე თამაში არჩია და დერეფანში ბურთი ორივეჯერ დაკარგა. მესამე ჯერზე აბჟანდაძემ დასარტყმელი ჯარიმა უკვე კარში გადაგზავნა და წონასწორობა მეორედ აღადგინა, 63-ე წუთზე კი კარის წინ 40 მეტრიდან დაგვაწინაურა.

თამაში ისე მიდიოდა, თითქოს საქართველოს გამარჯვების მოპოვება აღარ უნდა გაჭირვებოდა, მაგრამ 74-ე წუთზე მოდუნდა, ‘ჩიტასი’ კი მოულოდნელად აჩქარდა, მარჯვენა ფრთაზე ხაზი გაიჭრა, ორი ბოჭვა გაფუჭდა და ლელო ალამთან გავიდა. რთული პოზიციიდან გარდასახვაც ზუსტი იყო. დარჩენილ დროში ბორჯღალოსნებმა სცადეს ლელოზე თამაში, მაგრამ ‘ჩიტასმა’ თავი დაიცვა და მატჩი მათი გამარჯვებით დასრულდა – 24:20.

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი ბორჯღალოსნები მომდევნო თამაშს 19 ივლისს მბომბელაში, ჩვენი დროით 19:10 საათზე მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან გამართავენ.

ამხანაგური მატჩი. 11 ივლისი
ბლუმფონტეინი. „ტოიოტა სთედიუმი“.

ჩიტასი (სამხრეთ აფრიკა) – საქართველო 24:20 (14:7)

ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. შალვა აფციაური (შავი ლომი), 13. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 12. გიორგი ხაინდრავა (ბორდო), 11. ოთარ მეტრეველი (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (ორიაკი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 4. გუგა ღანიაშვილი (შავი ლომი), 5. დემურ ეფრემიძე (შავი ლომი), 6. სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი), 7. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 8. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი).

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე (მონტობანი), 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი), 18. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 22. ლუკა მატკავა (კასტრი), 23. დემე თაფლაძე (შავი ლომი).

2 ლელო: აფციაური
2 გარდასახვა: აბჟანდაძე
2 ჯარიმა: აბჟანდაძე

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩას პსჟ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია

ზურიკო ბეშიქთაშს დათანხმდა, მაგრამ სენტ ეტიენმა გაართულა