საქართველოს ნაკრებმა ზაფხულის ტესტმატჩების პირველი მატჩი თბილისში ირლანდიასთან გამართა და ულაპარაკოდ წააგო – 5:34.
ირლანდიელებმა თამაში მაგრად დაიწყეს და 10 წუთში უკვე ორი ლელო დაგვიდეს.
თამაში სტუმრათა უპირატესობით გაგრძელდა. ჩვენები კი მეტოქის 22-მეტრიან ზონაში ორჯერ შევიდნენ. ჯერ ნინიაშვილის გარღვევის შემდეგ ტაბუცაძემ შეუტია, რომელიც ლელოშიც კი შევიდა, მაგრამ ბოლო მომენტში ბურთზე კონტროლი დაკარგა და ვერ დაამიწა.
ტაიმის ბოლოს ანგარიშის შემცირება მაინც მოვახერხეთ, თორნიკე ჯალაღონიამ ერთი ლელო გაქვითვა. მატკავამ ვერ გარდასახა.
მეორე ტაიმიც ირლანდიელების სწრაფი ლელოთი დაიწყო. მერე კიდევ ერთი დადეს, პლუს ორი საჯარიმოც გაიტანეს და საბოლოოდ 34:5 მოიგეს.
ერთ ეპიზოდში ლელოში კიდევ ერთხელ შევედით, მაგრამ ამჯერად ბურთი ხელიდან კარკაძეს გაუვარდა.
ირლანდია პლანეტაზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მასთან წაგება სასირცხვო ნამდვილად არ არის, უბრალოდ მთავარია ასეთი სპარინგებით სწორი დასკვნები გამოვიტანოთ, ნაკლი აღმოფხვრათ, გავიზარდოთ და დროთა განმავლობაში უფრო ტოლ-სწორად ვეთამაშოთ.
საქართველო – ირლანდია 5:34
საქართველო: (15-9) ნინიაშვილი, ტაბუცაძე, თაფლაძე (კახოიძე 60), კვესელაძე, თოდუა, მატკავა, ლობჟანიძე; (1-8) ახალაძე (თეთრაშვილი 54), კარკაძე (ქვათაძე 54), აფციაური (გიგაშვილი 54), ბაბუნაშვილი, ჩაჩანიძე, ივანიშვილი (ღანიაშვილი 75), საღინაძე, ჯალაღონია (სპანდერაშვილი 54)
ლელო: ჯალაღონია
ლელო: ტ. ობრაიანი (2), კეისი, ტიმონი
გარდასახვა: ს. პრენდერგასტი (4)
ჯარიმა: პრენდერგასტი (2)
ახლა საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში მიდის, სადაც 12 ივლისს ადგილობრივ ფრენჩაიზს, „ჩიტაზს“ დაუპირისპირდება, 19 ივლისს კი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, სამხრეთ აფრიკას შეხვდება.






GIPHY App Key not set. Please check settings