საშინელი ამბავი: დიოგო ჟოტა ავტოკატასტროფაში დაიღუპა. „ლივერპულის“ თავდამსხმელის ავტომობილი ესპანეთის პროვინცია ზამორაში, ავარიაში მოყვა.
28 წლის ფეხბურთელი 26 წლის ძმასთან, ანდრესთან ერთად დაიღუპა, რომელიც ფეხბურთს პორტუგალიის მეორე ლიგის კლუბს „პენაფიელში“ თამაშობდა.
„დიოგო არა მხოლოდ ფანტასტიკური მოთამაშე იყო, არამედ არაჩვეულებრივი პიროვნებაც, რომელსაც პატივს სცემდნენ თანაგუნდელები და მოწინააღმდეგეებიც. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ოჯახსა და მეგობრებს, ასევე „ლივერპულის“ და „პენაფიელის“ საფეხბურთო კლუბებს“, – ნათქვამია პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
„ლივერპული“ დამატებით კომენტარს არ გააკეთებს და ითხოვს, რომ პატივი სცენ ოჯახის წევრების, მეგობრების, თანაგუნდელებისა და კლუბის პერსონალის პირად ცხოვრებას.
ჩვენ გავაგრძელებთ მათ სრული მხარდაჭერას“, – დაწერა „ლივერპულმა“ და საიტის მთავარი გვერდი ფეხბურთელის ფოტოთი განაახლა.

მანქანა საბურავის გასკდომის გამო გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივი გამოცემა Zamora24horas იყო პირველი, ვინც ეს ამბავი გაავრცელა. ინციდენტი ოთხშაბათიდან ხუთშაბათის ღამეს მოხდა A-52 ავტომაგისტრალის 65-ე კილომეტრზე, პალასიოს დე სანაბრიასა და სერნადილას ქალაქებთან ახლოს (პორტუგალიის საზღვრის ჩრდილოეთით მდებარეობს).
ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, Diario de Castilla y Leon-ის ცნობით, ჟოტა და მისი ძმა მადრიდში მიემგზავრებოდნენ.
112-ზე ავარიის თვითმხილველებისგან რამდენიმე ზარი შევიდა: მათ განაცხადეს, რომ თხრილში მანქანა იწვოდა. ცეცხლი მიმდებარე ბალახებზეც გავრცელდა.
ავტომანქანა გზიდან გადავიდა და ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების სამსახურებმა მხოლოდ ორი ახალგაზრდის გარდაცვალების დადასტურება შეძლეს.

ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ავტომობილს გასწრების დროს საბურავი გაუსკდა, ავარიის შედეგად კი ცეცხლი გაუჩნდა.
მანქანიდან პრაქტიკულად არაფერი იყო დარჩენილი.
სულ ახლახანს, 22 ივნისს, დიოგო თავის საყვარელ რუტა კარდოსოზე დაქორწინდა. გასულ სეზონში 28 წლის თავდამსხმელი „ლივერპულთან“ ერთად ინგლისის ჩემპიონი გახდა, ხოლო პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგა მოიგო.

ჟოტა „ლივერპულს“ 2020 წელს შეუერთდა. მას შემდეგ მან მერსისაიდული კლუბის რიგებში 182 მატჩი ჩაატარა, 65 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა გააკეთა, გუნდთან ერთად კი პრემიერლიგა, FA თასი და ლიგის თასი მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings