როცა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების გამოსვლას ვიხსენებთ, პირველ და ყველაზე მთავარ გულისტკივილს საბა გოგლიჩიძის არყოფნა იწვევს. “ემპოლის” ახალგაზრდა მცველს პრობლემები ტურნირის დაწყებამდე გაურთულდა და საბოლოოდ, რამაზ სვანაძე იძულებული გახდა, სლოვაკეთში გუნდი მის გარეშე წაეყვანა…
საბა, გასაგებია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს დააკლდით, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ვერწასვლა თქვენთვისაც არანაკლები ტკივილი იქნებოდა. მთავარია, ახლა როგორ ხართ და სეზონის დაწყებამდე ჯანმრთელად თუ იქნებით?
მკურნალობას მოვრჩი, რეაბილიტაციის სრული კურსიც გავიარე და სამი დღეა, ვარჯიში და სირბილი დავიწყე, ასე რომ, ვემზადები ახალი სეზონის დაწყებისთვის. მაქვს დრო, რომ სტარტს სრულ მზადყოფნაში შევხვდე.
კონკრეტულად რა გაწუხებდათ?
საზარდულის მიერთების ადგილას ანთებითი პროცესი იყო.
პრობლემები როდის დაგეწყოთ?
იანვარში. მაშინ კი ვიმკურნალე, მაგრამ სეზონის ბოლოს ისევ შემაწუხა. ძალიან სერიოზული ტრავმა არ არის, მაგრამ არასერიოზულიც არ ეთქმის და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლებოდა.
დასვენების გარეშე მკურნალობა წარმოუდგენელია…
დიახ, ასეა, მაგრამ სამწუხაროა, რომ ამ პრობლემის გამო ევროპის ჩემპიონატი გამოვტოვე. თუმცა, საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს აქვს იმის რესურსი, რომ ტრავმირებული ფეხბურთელი შეცვალოს. ვფიქრობ, ბიჭებმა დავალებებს თავი ბრწყინვალედ გაართვეს. მე კი ვფიქრობდი, რომ ამხელა პასუხისმგებლობის თავზე ასაღებად მზად არ ვიყავი, ანუ 100 პროცენტით არ ვიყავი მზად.
რთული წარმოსადგენი არ არის, ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩენა რამხელა იმედგაცრუებაა…
რა თქმა უნდა, გული დამწყდა, რადგან შემეძლო გუნდის დახმარება… რაც მთავარია, გუნდი ისეთი ძლიერი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული, შეიძლებოდა ისტორიის დაწერა. ასე თუ ისე, ბიჭებმა კარგად ითამაშეს და თითოეული ჩვენგანი მათი მადლიერი უნდა იყოს, რადგან საქართველოს ნაკრები ტურნირზე ღირსეულად გამოვიდა.
სამწუხაროა, რომ რამდენიმე მოთამაშე დაშავდა და ამან ნაკრებს პრობლემები შეუქმნა. თორემ უფრო მაღალი მიზნებისთვის შეგვეძლო ბრძოლა. უბრალოდ, ცოტა მეტი იღბალი რომ გვქონოდა, მერვედფინალში გავიდოდით. მაგალითად გამოდგება საფრანგეთთან მატჩი, სადაც მოგებამდე წუთები დაგვაკლდა… მაგრამ ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება და ახლა ვეღარაფერს შევცვლით.
lelo.ge
GIPHY App Key not set. Please check settings