„ძალიან მაღალი მეკარე დიდი პოტენციალით“, – ასეთი სათაურით აქვეყნებს „ლივერპულთან“ დაახლოებული ინგლისური ვებგვერდი სტატიას საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილზე, რომელმაც „ვალენსია“ დატოვა და კარიერას „ენფილდ როუდზე“ განაგრძობს.
„198 სმ სიმაღლის გიორგი მამარდაშვილი მეკარის პოზიციაზე შთამბეჭდავი ფიგურაა. ის თამაშობს მოხდენილად, თავშეკავებულად და დამაჯერებლად, რაც 24 წლის ასაკში იშვიათია. „ვალენსიაში“ ჩატარებული შთამბეჭდავი თამაშების შემდეგ მზადაა, „ლივერპულში“ ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად იბრძოლოს.
მამარდაშვილმა ესპანეთში სახელი გამბედავი თამაშითა და თანმიმდევრულობით მოიპოვა. ოთხი სეზონის განმავლობაში მან მოწონება არა მხოლოდ მოგერიებული ბურთებით, არამედ ლიდერის თვისებებითაც დაიმსახურა. 2024-25 წლების სეზონში ლა ლიგაში 34 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად რვაჯერ შეინარჩუნა და 92 მოგერიება ჰქონდა, რაც კარგი შედეგია.
მამარდაშვილი წარმოშობით საქართველოდანაა. ის ფეხბურთელის ოჯახში გაიზარდა. „დინამო თბილისის“ აღზრდილმა, იჯარით „რუსთავსა“ და „ლოკომოტივში“ ითამაშა. 2021 წელს „ვალენსიაში“ გადავიდა და უმოკლეს დროში ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი წევრი გახდა, რაც მის ნიჭსა და შეუპოვრობაზე მეტყველებს.
მისი კარიერა საქართველოს ნაკრებშიც აღმავლობას განიცდის. ეროვნულ გუნდში ჩატარებულ 29 მატჩში ბევრი დადებითი თვისება გამოავლინა და უკვე განიხილება, როგორც ეროვნული ნაკრების პოტენციური მომავალი კაპიტანი.
ფეხით თამაში ჯერ კიდევ დასახვეწი აქვს, თუმცა წნეხის ქვეშ თამაშის გამკლავების უნარი უმაღლეს დონეზე აქვს განვითარებული. მას მოუწევს „ლივერპულის“ მოთხოვნებთან ადაპტაცია, პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილებამ მისი განვითარება უნდა დააჩქაროს.
„ლივერპულში“ მამარდაშვილის ტრანსფერი მომავალზეა გათვლილი – მას შეუძლია, წლების შემდეგ კლუბის ლეგენდარული მოთამაშეების გრძელ სიაში ჩაეწეროს“, – წერს გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings