in

რა ემოციაც გაქვს, რთულია ამის გადაცემა.… ქოჩორაშვილი გულშემატკივრებს შეხვდა

გიორგი ქოჩორაშვილი სასტუმრო “ბილთმორში” გულშემატკივრებს, ახალგაზრდა მოთამაშეებს და საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლებს შეხვდა და თავისი გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრა ორგანიზებული იყო “ოუთი სპორტ მენეჯმენტის” მიერ, პროექტის – “ფეხბურთი გონების თამაშის” ფარგლებში…

“ჩემთვის ეს შეხვედრა ყველაზე ძნელია, რადგან მირჩევნია, მოედანზე გავიდე და ვითამაშო. მაგრამ ვიცი, რომ ის გამოცდილება და ცოდნა, რაც მივიღე, ბევრისთვის საინტერესოა. მაგალითად, ფიზიკური და მენტალური მომზადება. საჭიროა, ამ ყველაფერზე დაინტერესებულ ადამიანებს სწორი ინფორმაცია მივაწოდო…

არის რთული მომენტები. მე მყავს ხალხი, ვინც მეხმარება იმაში, რომ სათქმელი ხალხთან სწორად მივიტანო – მაგალითად, როგორ განვათავსო სოციალურ ქსელებში პოსტები. ამას იმ ხალხს ვუთანხმებ, ვინც ამ საქმის პროფესიონალია. ანუ ფეხბურთზე ხშირად ის ხალხი ახდენს გავლენას, ვინც არ ჩანს…

რას ნიშნავს ჩემთვის “კაპიტანი ამერიკას” აღნიშვნა? ეს არ არის მხოლოდ მარველის პერსონაჟის წარმოჩენა. ბავშვობაში მეუბნებოდნენ, რომ სუსტი ვიყავი და ევროპული ფეხბურთისთვის მზად არ ვიქნებოდი. საქართველოში გამართული 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ისიც მითხრეს, რომ მზად არ ვიყავი ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატისთვისაც კი…

“კაპიტანი ამერიკა” გამბედაობის მაგალითია, რომელიც თავისი სიძლიერით ცდილობს, ხალხს და მსოფლიოს დაეხმაროს. ჩემი პრინციპებიც იგივეა – გამბედაობა, შრომა და დისციპლინა. რაც არ უნდა გითხრან, რომ არ ხარ საუკეთესო, არ ხარ მზად, მხოლოდ იმაზე იმუშავეთ, რაც გიყვართ და თუ სწორი გეზი გაქვთ აღებული, შედეგს აუცილებლად მიაღწევთ…

საბერძნეთთან პლეი-ოფის მოგება და ის საქმე, რაც ნაკრებმა გააკეთა, მხოლოდ პენალტთან არ უნდა გავაიგივოთ. მანამდე “ლევანტეში” ვერ გავიტანე და ვფიქრობ, ეს დამეხმარა, რომ მერე კარგად დამერტყა. ვარჯიშის შემდეგ ვრჩებოდი და 30-ჯერ ვურტყამდი იმ კუთხეში, რაც აუღებლად მიმაჩნდა…

რას ნიშნავს ჩემთვის 26 მარტი? თამაშის დროს რა ემოციაც გაქვს, რთულია ამის გადაცემა. ამ ემოციას ისე ვერ იღებ, როგორც, მაგალითად, შენი ოჯახის წევრი. ბედნიერებაა, ხალხი ქუჩაში რომ გხვდება და, უბრალოდ, გეხუტება. ეს დიდი სიყვარულის გამოხატვაა, გულშემატკივრის გარეშე ვერც ვითამაშებთ. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ხალხი რომ ყოფილიყო სტადიონზე, შესაძლოა, შედეგი სხვაგვარი ყოფილიყო. როცა ხალხი მღეროდა – “ნურაფრის ნუ გეშინია” – ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა…

ბავშვი ვიყავი, როცა ეროვნული ნაკრების მაშინდელმ ფეხბურთელმა სანდრო კობახიძემ გამაში მაჩუქა. მას ვიცვამდი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი იყო. ახლა კი კარგად ვხვდები, რას ნიშნავს გულშემატკივრისთვის თითოეული ჟესტი, მაისურის ჩუქება თუ საქციელი. ამიტომ, ვცდილობ, უყურადღებოდ არავინ დავტოვო.

ვალენსიაში 6 წელი ვცხოვრობდი და ლისაბონში გადასვლა რომ დავიწყე, 20-გვერდიანი ჩანაწერი ვნახე. იმ შეუპოვრობაზე ვწერ, რამაც რეალურად მასწავლა, ჩემი აზრები ფურცელზე როგორ გადმომეტანა – როგორ დამეძლია შიში, რომ მოედანზე ისეთი ლაღი გიორგი მენახა, რომელიც მეგობრებთან თამაშობდა, რა შეცდომებს ვუშვებდი და ასე შემდეგ. ამ წერით თითქოს ჩემი შიშები ფურცლებზე გადავიდა. შესაძლოა, რასაც ვწერ ამ წლების განმავლობაში, იმის გაცნობა ბევრ ადამიანს წაადგება”, – თქვა გიორგი ქოჩორაშვილმა შეხვედრაზე.

lelo.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩესტერის სამიზნე გიორგი მიქაუტაძე უნდა იყოს