in

ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობის“ წევრია

„ბევრი ნანობს ქოჩორაშვილთან დაკავშირებით დაშვებულ შეცდომას“, — ამ სათაურით აქვეყნებს პორტუგალიური გამოცემა „ა ბოლა“ წერილს ქართველ ნახევარმცველზე, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ ლა ლიგაში დაწინაურებული „ლევანტედან“ პორტუგალიურ „სპორტინგში“ გადავიდა.

„ქართველი ნახევარმცველი მომდევნო სეზონში „სპორტინგს“ გააძლიერებს. ის საქართველოში სუპერგმირად იქცა და მრავალი ახალგაზრდისთვის მაგალითი გახდა. გიორგი ჭელიძე, რომელიც მის მწვრთნელად ითვლება, ამბობს, რომ პორტუგალიელებს ჯერ წარმოდგენაც არ აქვთ, ვინ არის სინამდვილეში „სპორტინგის“ ახალწვეული.

ქოჩორაშვილი საქართველოს „ოქროს თაობას“ მიეკუთვნება, რომელშიც შედიან ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი, ანრი მექვაბიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე. „სპორტინგის“ ქართველი ახალწვეული ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფიგურაა ქართულ მედიაში. ეროვნული ნაკრების ბანაკში მას „კაპიტან ამერიკას“ უწოდებენ და ქართველ გულშემატკივრებს შორის თითქმის ხელშეუხებელი სტატუსი აქვს“, – წერს გამოცემა.

„ა ბოლამ“ გამოაქვეყნა გიორგი ჭელიძის, ფეხბურთელის ბავშვობის მწვრთნელის ინტერვიუც, რომელიც მას „საბურთალოში“ (დღევანდელ „იბერიაში“) ავარჯიშებდა:

„ის საქართველოს სიამაყეა და მთელი ქვეყანა მასით აღფრთოვანებულია. პატარა ბავშვები ცდილობენ, მიბაძონ და მის კვალს გაჰყვნენ. გიორგის მაგალითმა უამრავი ბავშვი შთააგონა. ის არის ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სახე და ახალგაზრდებზე მისი გავლენა უდავოა.

უკან რომ გავიხედოთ, დარწმუნებული ვარ, ბევრმა, ვინც მასში ეჭვი შეიტანა მასში, ახლა თავისი შეცდომა კარგად იცის. ნიჭი მხოლოდ მაშინ ღირს რამედ, როცა შრომისმოყვარეობას ახლავს. გიორგისთვის ეს პერიოდი რთული იყო, მაგრამ სწორედ ამ სირთულეებმა გააძლიერა — როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად. მან აჩვენა გამძლეობა, მებრძოლი სული და ურყევი მონდომება. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ მოთმინება იყო მთავარი და დრო მის ღირებულებას აუცილებლად გამოავლენდა. დღეს ის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა.

ქოჩორაშვილი „იბერიის“ საფეხბურთო აკადემიაში სწავლობდა ესპანელ სპეციალისტ ანდრეს კარასკოსთან, რომელმაც მას ესპანური სტილით თამაში შეასწავლა და შემდგომ „ჟირონაში“ გადასვლაშიც დაეხმარა.

მე თავადაც ჩართული ვიყავი ამ ესპანური მეთოდოლოგიის დანერგვაში, რაც გიორგის განვითარებაზე დიდ გავლენას ახდენდა. ესპანური ფეხბურთის პრინციპები მისთვის უცხო არ იყო. რასაც მან „ლევანტეში“ მიაღწია, ნათელი მაგალითია მისი შრომისმოყვარეობისა. ქოჩორაშვილი კლუბის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე გახდა. მისი ადაპტაციის უნარი წარმატების მთავარ ფაქტორად იქცა.

გიორგი გამორჩეული იყო სწავლის უნარით, დისციპლინითა და ორგანიზებულობით. ის ბუნებრივად ლიდერი გახლდათ — მოტივატორი და თანაგუნდელების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი. მისი პროფესიონალიზმი მოედანზე და მის მიღმა წარმატების საყრდენად იქცა. მშვენიერ ოჯახში გაიზარდა, მშობლებისა და დის მხარდაჭერამ დიდი როლი ითამაშა იმ ადამიანისა და მოთამაშის ჩამოყალიბებაში, როგორიც დღეს არის“, – ამბობს ჭელიძე.

1tv.ge

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გულიაშვილი ორ თურქულ გუნდს უნდა

მესის 50 ამერიკული გოლი და 68-ე ჯარიმა