ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალის პირველ მატჩში „ბარსელონამ“ შინ „ინტერთან“ უხვგოლიანი ფრე ითამაშა – 3:3.
საოცარი, ლამაზი, დაძაბული მატჩი გამოვიდა. სტუმრებმა პირველსავე წუთზე გაიტანეს (თან რა გოლი) და მერე ორი ბურთითაც გავიდნენ წინ, თუმცა მასპინძლებმა უკვე პირველ ტაიმში მოახერხეს წონასწორობის აღდგენა. შესვენების შემდეგ დუმფრისმა დუბლი შეასრულა და „ნერაძური“ ისევ წინ გაიყვანა, მაგრამ „ბარსამ“ კიდევ ერთხელ გაათანაბრა, იღბლის წყალობით: ძელიდან ასხლეტილი ბურთი იან ზომერს ზურგში მოხვდა და კარში აღმოჩნდა.
„ინტერმა“ მეოთხე გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს, რადგან აღმოჩნდა, რომ მხითარიანის ბუცის წვერი თამაშგარეში იყო…
განმეორებითი მატჩი 6 მაისს მილანში გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგა. 1/2 ფინალი. პირველი მატჩი
ბარსელონა – ინტერი 3:3
გოლები: 0:1 ტიურამი (1), 0:2 დუმფრისი (21), 1:2 იამალი (24), 2:2 ფერანი (38), 2:2 დუმფრისი (63), 3:3 ზომერი (65, საკ. კარში)
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დუმფრისი გახდა, რომელმაც დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.
ეს მატჩი გახდა ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფრე ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპებზე. ანალოგიური ანგარიში დაფიქსირდა 1999 წლის აპრილში კიევის “დინამოსა” და “ბაიერნის” დაპირისპირებაში.
2000 წლის მაისის (“ვალენსია”-“ბარსელონა”) შემდეგ, “ბარსელონა”-“ინტერის” მატჩი გახდა ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, რომლის პირველ ტაიმში 4 გოლი გავიდა.
“ბარსელონა” დაუმარცხებელია ჩემპიონთა ლიგაში “ინტერთან” ჩატარებულ 6 საშინაო შეხვედრაში (5 მოგება, 1 ფრე). ამ ტურნირზე ეს 5 მოგება მათი ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ერთი და იმავე მეტოქის წინააღმდეგ – ასევე 5 მოგება “მილანთან”.
17 წლის და 291 დღის ლამინ იამალი გახდა ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მან გადაასწრო კილიან მბაპეს, რომელსაც რეკორდი 2017 წელს ჰქონდა დამყარებული, როცა 18 წლის და 140 დღის იყო.
იამალმა ამ სეზონში „ბარსაში“ 54 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მარკუს ტიურამმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა – 31-ე წამზე.
მხოლოდ კრიშტიანო რონალდო მონაწილეობდა უფრო მეტ გოლში (21, 2013/14 წლების სეზონი) ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში, ვიდრე რაფინია – მიმდინარე სეზონში (20).
უესლი სნეიდერის შემდეგ, დენზელ დუმფრისი გახდა პირველი ნიდერლანდელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გოლიც გაიტანა და საგოლე პასიც შეასრულა. სნეიდერმა ეს “ბარსელონასთან” მატჩში “ინტერში” ყოფნის დროს შეძლო. დუმფრისი ასევე გახდა “ინტერის” პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დუბლი გაიფორმა.
“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგაში 50-ე მატჩი ჩაატარა და გახდა მეშვიდე იტალიელი მწვრთნელი, ვინც ამ ნიშნულს მიაღწია.


GIPHY App Key not set. Please check settings