2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნიდერლანდებში გაილაღა.
პორტუგალიასთან ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა ამსტედამის სარაგბო კომპლექსში ნიდერლანდები 72:10 დაამარცხეს და რუსეთთან პრინციპულ დაპირისპირებას კარგ ხასიათზე ხვდებიან.
ამ მატჩის ერთ-ერთი გმირი საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ბრივის” მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე გახლდათ, რომელმაც ნიდერლანდელთა ჩათვლის მოედანში სამი ლელო დაამიწა.
Sport4me.ge მატჩის დასრულების შემდეგ ოთარ გიორგაძეს დაუკავშირდა და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ნიდერლანდებთან მატჩის შეფასება
“მარტივად მოვახერხეთ გამარჯვების მოპოვება და ბედნიერი ვარ.
პორტუგალიის თამაშის შემდეგ, მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ვიპოვეთ ძალა კარგი, სანახაობრივი რაგბი გვეთამაშა. მართალია ძლიერი მეტოქე არ ყოფილა, მაგრამ გუნდურად ბევრი რაღაც გავაუმჯობესეთ და ამით ყველა გახარებული ვართ, რაც აუცილებლად დაგვეხმარება მომდევნო თამაშებისთვის.
ტრავმა მატჩის მიწურულს
მცირე ტრავმა მივიღე. ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ არა მგონია რაიმე სერიოზული იყოს. უკანა მყესი გამეჭიმა ცოტა.
რუსეთთან მატჩი
რუსეთთან მატჩში რა თქმა უნდა გამარჯვებას ველოდებით. კარგი თამაშის ჩვენებას და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანას ვეცდებით, თავს არ დავზოგავთ და ყველაფერს გავაკეთებთ ქართველი გულშემატკივრების გასახარებლად.
რუსებთან თამაშს ყოველთვის ახლავს გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი. ეს წნეხი უნდა გადავლახოთ, ჩვენი რაგბი ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ რუსებს მარტივად მოვუგებთ.
შეგახსენებთ, საქართველო რუსეთის მატჩი 27 თებერვალს “დინამო არენაზე” გაიმართება. ეს ბორჯღალოსნების საიუბილეო 250-ე მატჩია.
GIPHY App Key not set. Please check settings