საქართველოს ნაკრებმა სომხეთს მეორე თამაშიც მოუგო და ერთა ლიგაზე B დივიზიონში დარჩა – 6:1.
საერთო ჯამში, მეტოქე 9:1 დავამარცხეთ და ამაზე მაგარი რაღა უნდა იყოს. თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ ისეთი ანგარიში დაფიქსირდა, რომ სრულიად შესაძლებელი იყო საქართველოს ყველა რეკორდი მოეხსნა. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. უშუალოდ მეორე ტაიმი 1:1 დასრულდა, ანუ გოლი გავუშვით, თავად ერთის მეტი ვერ გავიტანეთ და ვეღარც ის 7:0 გავიმეორეთ და ვეღარც სარეკორდო 8:0-ს ავცდით.
ვილი სანიოლმა შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები კი დაანონსა და მართლაც შეცვალა, მაგრამ ძალზე ოპტიმალური შემადგენლობა მივიღეთ და გამოვიდა, რომ ძირითადი ბიჭებით შევუტიეთ. თან შევუტიეთ, მაგრამ რა შევუტიეთ. მე-4 წუთოდან მოყოლებული, სადღაც ნახევარ საათში 5 გოლი გავიტანეთ და ტაიმიც უდიდესი სხვაობით მოვიგეთ.

მე-4 წუთი – 1:0. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კიტეიშვილის დარტყმული ბურთი მცველს მოხვდა და კარში შევიდა.
მე-14 წუთი – 2:0. ქოჩორაშვილის წამოწყებული კომბინაცია გიორგი მიქაუტაძემ დააგვირგვინა.
23-ე წუთი – 3:0. ხვიჩა კვარაცხელია საჯარიმოში სამ ფეხბურთელს გასცდა, ბურთი მიქაუტაძეს გადააწოდა, მან კი ჩაკვეტაძე მონახა და გიორგიმაც შორეულ დაბალ კუთხეში ცაციათი ზუსტად ჩასვა.
27-ე წუთი – 4:0. კვლავ ხვიჩას აქტიურობის შემდეგ ოთარ კიტეიშვილმა მეოთხე გოლი გაიტანა.
35-ე წუთი – 5:0. მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა, მცველის გადაცემა ჩაჭრა და წინ გამოსულ მეკარეს თავზე მოხდენილად გადაუგდო.
48-ე წუთი – 5:1. სომხეთის ნაკრებმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. სევიკიანმა მაკრატელათი ულამაზესი გოლი შეგვიგდო.
63-ე წუთი – 6:1. კვარაცხელია შუიდან მეტოქის საჯარიმოში მარჯვენა მხარეს შეიჭრა და ისე გაიტანა.

საქართველო – სომხეთი 6:1
გოლები: 1:0 აროიანი (4, საკ. კარში), 2:0 მიქაუტაძე (14), 3:0 ჩაკვეტაძე (23), 4:0 კიტეიშვილი (27), 5:0 მიქაუტაძე (35), 5:1 სევიკიანი (48), 6:1 კვარაცხელია (62)
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, გოგლიჩიძე (დვალი 69), კაშია, წიტაიშვილი (გულიაშვილი 69), ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, კიტეიშვილი (ზარია 77), ჩაკვეტაძე (შენგელია 46), კვარაცხელია, მიქაუტაძე (ზივზივაძე 77)
ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელსაც 10 პასი და 10 გოლი აქვს გატანილი.
მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 20 გოლია. იგი ბომბარდირთა დავაში შოთა არველაძეს (26) კიდევ უფრო მიუახლოვდა.
კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრებში მე-18 გოლი გაიტანა და თემურ ქეცბაიას (17) გადაასწრო. ის ნაკრების მესამე ბომბარდირია.

GIPHY App Key not set. Please check settings