2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში, ბორჯღალოსნებმა შვეიცარიას 16 უპასუხო ლელო და 110 ქულა გაუტანეს, რითაც გუნდის არსებობის ისტორიაში საკუთარი რეკორდი გააუმჯობესეს და დებიუტანტ მეტოქეს 110:0 ძლიეს.
აქამდე ყველაზე დიდი სხვაობით ჩეხეთი გვყავდა დამარცხებული (98:3), ახლა კი ეს მიღწევა 15 ქულით გაუმჯობესდა და ამასთან, ბორჯღალოსნებმა ერთ მატჩში პირველად გადააბიჯეს 100-ქულიან ზღვარს. მოგება და რეკორდები რა თქმა უნდა სასიამოვნოა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ საქართველოსა და ამ ტურნირის სხვა ბინადრებს შორის უფსკრული სულ უფრო იზრდება და ქართულ რაგბს ჰაერივით ჭირდება უფრო მაღალი დონის ტურნირები…
აღსანიშნავია, რომ აქამდე შვეიცარიას ერთადერთხელ, 1994 წელს ვეთამაშეთ და მაშინ სტუმრად მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით ვძლიეთ (22:21), განვლილ 30 წელიწადში კი ქართული რაგბი შვეიცარიულთან შედარებით 100-მაგად გაიზარდა.
შვეიცარიის წინააღმდეგ რიჩარდ ქოქრილმა ოთხი დებიუტანტი ათამაშა და ორმა მათგანმა ეს მოვლენა ლელოებით აღნიშნა – შალვა აფციაურმა თავი ორჯერ გამოიჩინა, შეცვლაზე შესულმა გიორგი ხაინდრავამ კი მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მათ გარდა პირველი სანაკრებო კეპი მოიხვეჭეს ირაკლი ქვათაძემ და დაჩი პაპუნაშვილმა.
შვეიცარიას ორი ლელო გაუტანა აკაკი ტაბუცაძემ, რითაც სანაკრებო მონაგარი 43-მდე გაზარდა და მსოფლიოს საუკეთესო მელელოვეთა ათეულში შესასვლელად სამი ლელოღა ჭირდება. მის წინ 5 ზელანდიელია – ჯულიან სავეა, კრისტიან კულენი, ჯო როკოკოკო (სამივე 46), ბოდენ ბარეტი (45) და ჯეფ უილსონი (44). ტაბუცაძე ამჟამად მე-15 ადგილზეა.
პირველი ტაიმი
მიუხედავად იმისა, რომ წლის პირველ მატჩში სუსტი მეტოქე გვყავდა და მატჩის ბედიც პრაქტიკულად მის დაწყებამდე იყო გადაწყვეტილი, ბილეთები თამაშის დაწყებამდე ერთი დღით ადრე გაიყიდა და „ავჭალას“ ტრიბუნებიც პირთამდე შეივსო. გულშემატკივართა შორის 50-მდე შვეიცარიელი სტუმარიც იყო და ისინი საკუთარ გუნდს მთელი 80 წუთის განმავლობაში ამხნევებდნენ, მაგრამ მათი მცდელობა ამაო გამოდგა და შვეიცარია არსებობის ისტორიაში ყველაზე დიდი სხვაობით დამარცხდა.
ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. სტუმრები საკუთარ ლელოში შეცდნენ, ბურთი ვერ დაიმორჩილეს და ის გელა აფრასიძემ დაამიწა. ამის შემდეგ გარკვეული დრო თამაშის დალაგებამ წაიღო, მე-16 წუთზე კი მეორე ლელო გავიდა – შერკინების შემდეგ გიორგი კვესელაძემ შეუტია და ლელოში მბოჭავებთან ერთად შევიდა. 23-ე წუთზე მეტოქის 5-მეტრიანში მათივე დერეფანი მოვიგეთ, ფორვარდები სწრაფად გადაერთვნენ შეტევაზე და ლუკა ჯაფარიძემ ძალისმიერი ლელო შეიტანა.
26-ე წუთზე თავისი პირველი სანაკრებო ლელო თორნიკე კახოიძემ მიითვალა და ის ტაბუცაძის შესანიშნავ გარღვევას მოყვა. მან ბურთი თავის ნახევარზე მიიღო, ერთი მოძრაობით სამი მცველი დააწვინა და ხაზი გაჭრა, გზად ორ მბოჭავს გასცდა, 22-ში შესულმა კი კახოიძეს ოფლოუდი გაუხერხა. ორიოდე წუთში ტაბუცაძე ფრთაზე ერთხელაც გაიქცა, ბურთი ფეხით გადაკიდა და ის ლუკა მატკავამ დაამიწა. ტაიმის ბოლოს მოლით შევუტიეთ და 5 ქულა ლუკა ივანიშვილმა მიითვალა. მატკავამ, რომელსაც დღეს კარში დარტყმების მხრივ 100%-იანი მაჩვენებელი ქონდა, ექვსივე გარდასახვა გამოიყენა, რასაც მეორე ტაიმში (შეცვლამდე) კიდევ ორი ზუსტი დარტყმა შემატა და ჯამში 21 ქულა მოაგროვა, ტაიმი კი 42:0 დასრულდა.
მეორე ტაიმი
მეორე ტაიმი 7 წუთის დაწყებული იყო, როდესაც ბურთი ფრთაზე ჩავათამაშეთ, სადაც ტაბუცაძე გაიქცა და მისი გამჩერებელი აღარავინ იყო. 5 წუთში ლუკა ივანიშვილმა თავისი მეორე ძალისმიერი ლელო გაიტანა და მატკავამ გარდასახა, რის შემდეგაც მის ნაცვლად მგეზავად დავით ნინიაშვილი შევიდა.
დასკვნით 25 წუთში გულშემატკივარმა კიდევ 8 ლელო იხილა. 55-ე წუთზე ნინიაშვილმა გაიბრწყინა. ფაქტობრივად პირველსავე შეტევაში მან იოლად გაჭრა ხაზი და მარცხენა ფრთაზე ბურთი შალვა აფციაურს გაატანა, რომელიც ზედ ხაზზე შეაჩერეს, თუმცა „ნინი“ იქვე გაჩნდა და მისი პასით აფრასიძემ დუბლი შეასრულა. ტაიმის შუაში ფეხით შეცურებულ ბურთს შალვა აფციაური მიყვა და სადებიუტო თამაში ლელოთი აღნიშნა, ორიოდე წუთში კი მარჯვენა ფრთაზე ილია სპანდერაშვილი გაიქცა და თავისი წილი ლელო მიითვალა.
შემდეგ ეპიზოდებში ჯერ მიხეილ ალანიამ გაჭრა ხაზი და ლელომდე ირბინა, მერე ტაბუცაძე გაიქცა ფრთაზე და დუბლი მიითვალა. 71-ე წუთზე შალვა აფციაურმა კარგი გათამაშების შემდეგ დუბლი შეასრულა, რასაც დაჩი პაპუნაშვილის გარღვევა მოყვა და სადებიუტო ლელომდე სულ ცოტა დააკლდა, თუმცა მას გარჯა მაინც დაუფასდა და თავისი პირველი სანაკრებო ლელო ბექა შვანგირაძემ მიითვალა, რომელმაც მეოთხე კეპი მოიხვეჭა.
საბოლოო წერტილი შეცვლაზე შესულმა კიდევ ერთმა დებიუტანტმა ხაინდრავამ დასვა. 19 წლის ცენტრმა მანამდეც რამდენჯერმე გაჭრა ხაზი, ბოლოს კი ჩვეულ სტილში, თამამად შეუტია და ლელო მიითვალა. ნინიაშვილმა 8-იდან 7 გარდასახვა გამოიყენა – 110:0.
ბორჯღალოსნები მეორე თამაშს 8 თებერვალს გამართავენ და „ავჭალაზე“ ამჯერად ნიდერლანდებს დაუხვდებიან, რომელიც პირველ თამაშს ხვალ ესპანეთთან, მადრიდში გამართავს. საქართველოსა და ნიდერლანდების შეხვედრა 15 საათზე დაიწყება და გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი 2027 წლის მსოფლიო თასის საგზურს ოფიციალურად მოიპოვებს.
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი
(2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი)
ა ჯგუფი. I რაუნდი. 1 თებერვალი (შაბათი)
თბილისი. ავჭალა. 3200 მაყურებელი
საქართველო – შვეიცარია 110:0 (42:0)
საქართველო
ხაზი: 15. დაჩი პაპუნაშვილი (ორიაკი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი), 12. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), 11. შალვა აფციაური (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. გელა აფრასიძე (პერპინიანი);
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (მონპელიე), 2. ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი), 3. ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 6. ბექა შვანგირაძე (ლიონი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, კაპ.), 8. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი).
მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე), 17. ლუკა გოგინავა (მონ დე მარსანი), 18. ირაკლი აფციაური (ლიონი), 19. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 20. ილია სპანდერაშვილი (ვალანსი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 23. გიორგი ხაინდრავა (ბორდო).
16 ლელო: აფრასიძე (2), კვესელაძე, ჯაფარიძე, კახოიძე, მატკავა, ივანიშვილი (2), ტაბუცაძე (2), შ. აფციაური (2), სპანდერაშვილი, ალანია, შვანგირაძე, ხაინდრავა
15 გარდასახვა: მატკავა (8), ნინიაშვილი (7)
GIPHY App Key not set. Please check settings