კვირას, 6 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2022 წლის “რაგბი ევროპის ჩემპიონატს” დაიწყებს. ბორჯღალოსნებისა და „ლობოშის“ გზები პირველად 1997 წელს, “ფირას თასზე” (რაგბი ევროპის ჩემპიონატების წინამორბედი) გადაიკვეთა და ლისაბონში მასპინძლებმა 21:17 მოიგეს.
2000 წლიდან ორივე გუნდი “ევროპის ერთა თასზე” ჩაერთო და 2017 წლამდე ერთმანეთთან რეგულარულად თამაშობდა. პირველი სამი მატჩი – ორჯერ სტუმრად და ერთხელ თბილისში ბორჯღალოსნების გამარჯვებით დასრულდა, რასაც მეტოქის მიჯრით სამი გამარჯვება მოყვა. 2009 წლის შემდეგ პორტუგალიას 9-ჯერ ვეთამაშეთ და ყველა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.
2016 წელს „ლობოში“ რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან „ალაფაზე“ დაქვეითდა და უძლიერესთა შორის 2020 წელსღა დაბრუნდა. აღსანიშნავია, რომ მასთან ბოლო 3 თამაში (2016, 2020 და 2021 წლებში) სტუმრად გვქონდა – ორჯერ ლისაბონში, ერთხელ კი მასპინძლობისთვის პარიზი აირჩია. ჩემპიონატზე დაბრუნების შემდეგ მომავალ მეტოქეს ორივეჯერ ბონუსით ვძლიეთ – 39:24 და 29:16.
მეტოქეს ყველაზე დიდი სხვაობით 2006 წელს „დინამოზე“ მოვუგეთ – 40:0. 2008 წელს, „მიხეილ მესხზე“ სხვაობა 28 ქულა იყო (31:3). მას ჯამში 9-ჯერ ვუმასპინძლეთ – 4-4-ჯერ „დინამოსა“ და „მესხზე“, ერთხელ კი „ავჭალაზე“.
ჯამში ბორჯღალოსნებს პორტუგალია 16-ჯერ ჰყავს დამარცხებული, ორჯერ კი ფრე დაფიქსირდა. ლელოების სხვაობა 67/20-ზე, ხოლო ქულათა ბალანსი 537:308-ზეა.
GIPHY App Key not set. Please check settings