ინგლისური ფეხბურთის გრანდი “მანჩესტერ სიტი” სოციალურ ქსელში თავის ოფიციალურ პლატფორმებზე ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის გიორგი ქინქლაძის გოლს იხსენებს.
სწორედ 16 მარტს გაუტანა ქინქლაძემ “საუთჰემპტონს” ის ბრწყინვალე გოლი, რომელიც მეოცე საუკუნის ინგლისის პრემიერლიგის 101 საუკეთესო გოლს შორის შეიყვანეს.
ქინქლაძის გოლი გავიხსენოთო, ამ დღეს, 1996 წელს “სიტის” ისტორიაში ყველაზე ლეგენდარული გოლი გაიტანაო, – წერს კლუბის საიტი.
ეს ჯადოსნობა ქართველის ტალანტის გამოვლინება იყო: ბურთი აიღო და რამდენიმე დაბრკოლების გადალახვით, სულ ცეკვა-ცეკვით გაიტანა – ვკითხულობთ “სიტის” გვერდზე.
გიორგი ქინქლაძე “მანჩესტერ სიტის” ღირსებას 1995-1998 წლებში იცავდა და ამ გუნდის მაისურით ჩატარებულ 106 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.
“სიტის” გარდა, ქინქლაძე თბილისის “მრეტებში”, თბილისის “დინამოში”, “ზაარბრიუკენში”, “ბოკა ხუნიორსში”, “აიაქსში”, “დერბიში”, “ანორთოსისსა” და “რუბინში” თამაშობდა.
ქინქლაძეს საქართველოს ნაკრებში 52 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გოლია.
GIPHY App Key not set. Please check settings