in

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია… ბორჯღალოსნები ხარვეზებს გამოასწორებენ და ჩემპიონატს მოიგებენ: ფინალისთვის მზადება დაიწყო

ბორჯღალოსნებმა 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას შეუდგნენ.

კვირას, 20 მარტს, საქართველო არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს „დინამო არენაზე“ მასპინძლობს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. მოცემული მომენტისთვის სატურნირო ცხრილს ესპანეთი 17 ქულით ლიდერობს, ჩვენები კი მას 2 ქულით ჩამორჩებიან.

ბუქარესტში 26:23 გამარჯვების შემდეგ, საქართველო 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე ევროპა1-ის სტატუსით გავიდა და ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და პლეი-ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს.

მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსანთა გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშებს თორნიკე ჯალაღონია, ხოლო ნიკა აფციაური „შავ ლომს“ შეუერთდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი ქარი ქაფისთვის ემზადება.

სამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდა ბექა გორგაძე, რომელმაც რუმინეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ასევე ოთარ გიორგაძე, რომელსაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გაუცდა.

ლევან მაისაშვილი – რუმინეთთან უკმაყოფილოა და ესპანეთთან იმედიანად

ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი, რუმინეთთან მოგებული მატჩის შემდეგ, მთელი რიგი სათამაშო კომპონენტებით უკმაყოფილო დარჩა:

„რუმინეთთან გასვლით შეხვედრაში გამარჯვებას ვგეგმავდით და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან კარგია, თუმცა არ იყო მარტივი თამაში. ამას ველოდით, რადგან რუმინეთისთვის გამარჯვება ბოლო შანსი იყო, რეპეშაჟის გვერდის ავლით მოხვედრილიყო მსოფლიო თასზე. მათი მოთამაშეები ფიზიკურად მძიმეები არიან და ზუსტად ვიცოდით რას დაგვიპირისპირებდნენ. მიუხედავად ამისა, მთელ რიგ კომპონენტებში გაგვიჭირდა.

კრიტიკას ვერ უძლებდა შეჯგუფებებში თამაში – რაქშიც, მოლშიც და შერკინებაშიც პრობლემები გვქონდა, რაც ძალიან საწყენია, რადგან მზადების პროცესში სწორედ ამაზე ვაკეთებდით აქცენტს. ვეცდებით შემდეგი თამაშისთვის ამ არეალში უკეთესები ვიყოთ.

გვქონდა ინდივიდუალური პრობლემებიც. ტექნიკური წუნის გამო რამდენჯერმე პირველი ბურთი ვერ ავიღეთ. როგორც წესი, ამ მოთამაშეებს მსგავს სიტუაციებში ასეთი შეცდომები არ მოსდით ხოლმე, თუმცა ხანდახან ასეც ხდება. ბევრი ჯარიმა ავიღეთ, რაც გარკვეულწილად იმით იყო განპირობებული, რომ შეჯგუფებებში მეტოქემ პრობლემები შეგვიქმნა და 20 წუთი კაცნაკლულები ვიყავით. გვქონდა 3 საწყენი ჯარიმა.

ესპანეთთან ფაქტობრივად ფინალი, განსაკუთრებული შეხვედრა გვექნება. მეტოქე მსოფლიო თასზე უკვე გავიდა და ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე ითამაშებს. ის თბილისში მოსაგებად ჩამოვა, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. კარგად გვესმის, რომ ამ ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე რთული მატჩი გველის, რადგან ესპანეთი დაბალანსებული გუნდია, როგორც ძალისმიერი, ასევე ტექნიკური კუთხით და სრული მონდომებით ვემზადებით.

საკუთარი გულშემატკივრების წინაშე ვთამაშობთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ასევე გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რაც განვლილ შეხვედრებში გვქონდა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოვიგოთ 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამისათვის კი ესპანეთთან მხოლოდ გამარჯვება გვჭირდება.

ურთიერთშეხვედრები

საქართველოს „ლომებთან“ აქამდე 22-ჯერ უთამაშია და მათგან 18-ში გამარჯვება იზეიმა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში კი გამარჯვებული მეტოქე გახდა.

ურთიერთშეხვედრების ისტორია 2000 წლიდან იღებს სათავეს და მეტოქემ მადრიდში 36:32 იმარჯვა. „ლომებმა“ დანარჩენი ორი მატჩიც მადრიდში მოიგეს – 2007 და 2012 წლებში, ფრე კი 2004 წელს ტარაგონაში დაფიქსირდა. სხვა შემთხვევაში, შინ თუ გარეთ გამარჯვება საქართველოს რჩებოდა და ბოლოს 10-მატჩიანი სერიაც მოუგროვდა.

„დინამო არენაზე“ ესპანეთს სამჯერ ვუმასპინძლეთ და სამივეჯერ გავიმარჯვეთ – 2003 წელს 34:3, 2008 წელს 22:20 და 2010 წელს 17:9.

ყველაზე დიდი სხვაობით „ლომებს“ 2011 წელს „მიხეილ მესხზე“ ვძლიეთ – 60:0. თბილისში მათ ბოლოს 2019 წელს ვუმასპინძლეთ და „ავჭალაზე“ 24:10 დავამარცხეთ, შარშანწინ და შარშან კი მადრიდში, შესაბამისად, 23:10 და 25:19 ვაჯობეთ.

ურთიერთშეხვედრების ჯამში საქართველომ ესპანეთს გაუტანა 90 ლელო და 662 ქულა, ხოლო მიიღო 34 ლელო და 319 ქულა.

გაფართოებული შემადგენლობა ესპანეთთან

შერკინება

ბურჯები: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, 28 კეპი, 10 ქულა), მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, 70 კეპი, 10 ქულა), ნიკა აბულაძე (შავი ლომი, უკეპო), ბექა გიგაშვილი (ტულონი, 27 კეპი, 10 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (შავი ლომი, 8 კეპი), გია ხარაიშვილი (რასინგ 92, 5 კეპი);

კვაჭები: შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 87 კეპი, 55 ქულა), ჯაბა ბრეგვაძე (აჟენი, 68 კეპი, 25 ქულა), გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივ-პენზა, 20 კეპი, 15 ქულა);

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 71 კეპი, 10 ქულა), ლაშა ჯაიანი (შავი ლომი, 15 კეპი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი, 35 კეპი), გრიგორ ქერდიყოშვილი (აჟენი, 9 კეპი, 10 ქულა);

მესამე ხაზი: ბექა გორგაძე (პო, 33 კეპი, 40 ქულა), გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, 24 კეპი, 15 ქულა), ოთარ გიორგაძე (ბრივი, 31 კეპი, 40 ქულა), ბექა საღინაძე (ლიონი, 26 კეპი, 15 ქულა), ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 2 კეპი);

ხაზი

ღერძი: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 63 კეპი, 70 ქულა), გელა აფრასიძე (მონპელიე, 38 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (ორიაკი, 6 კეპი), თედო აბჟანდაძე (ბრივი, 31 კეპი, 216 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 4 კეპი, 9 ქულა);

ცენტრები, ფრთები და 15: მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, 83 კეპი, 65 ქულა), გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 38 კეპი, 25 ქულა), აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 80 ქულა), დემე თაფლაძე (შავი ლომი, 14 კეპი, 5 ქულა), მირიან მოდებაძე (შავი ლომი, 18 კეპი, 40 ქულა), თორნიკე კახოიძე (ლელო, 1 კეპი), სანდრო თოდუა (შავი ლომი, 96 კეპი, 70 ქულა), დავით მესხი (ენისეი, 2 კეპი), ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 90 კეპი, 53 ქულა), დავით ნინიაშვილი (ლიონი, 10 კეპი, 23 ქულა).

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

უნდა გვქონდეს ამბიცია, რომ შორს წავიდეთ – პროგნოზი, კომენტარები

მეკარე ფრანგული ლიგა 1-ის გამოცდილებით: დილა ევროპის ჩემპიონს იმატებს