„მილანი“ ცენტრალურ მცველს ეძებს და საბა გოგლიჩიძის ტრანსფერზე „ემპოლისთან“ და ქართველის აგენტთან მოლაპარაკებებს აწარმოებს – ინფორმაციას Calciomercato.com-ი ავრცელებს.
„გასულ კვირას ჯანლუკა დი მარციომ განაცხადა, რომ „მილანმა“ დაიწყო მოლაპარაკებები გოგლიჩიძესთან, რომელმაც „ემპოლიში“ თამაშით კარგი შთაბეჭდილება მოახდინა და სულ რაღაც 20 წლის ასაკში დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.
გარდამტეხი იყო 30 ნოემბერს „სან სიროზე“ გამართული მატჩი. მიუხედავად იმისა, რომ „ემპოლი“ „მილანთან“ 0:3 დამარცხდა, გოგლიჩიძემ შთამბეჭდავად ითამაშა. მან La Gazzetta dello Sport-ისგან „ემპოლის“ მოთამაშეებში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.
ზლატან იბრაჰიმოვიჩი („მილანის“ მფლობელის მრჩეველი) და ჯეფრი მონკადა („მილანის“ ტექნიკური დირექტორი) აღფრთოვანებული არიან ქართველით და თვლიან, რომ ის ისეთი მცველია, რომელზეც მომავალში ყურადღების გამახვილება ღირს.
გოგლიჩიძის აგენტი ლუკა პუჩინელი „როსონერის“ ხელმძღვანელობასთან, რამდენიმე დღეა, კონტაქტობს. კლუბი ფიქრობს, დაიწყოს თუ არა მოლაპარაკებები „ემპოლისთან“, რომელთანაც წარსულში ინტენსიურად მუშაობდნენ.
მილანელები ამჟამად ორიენტირებულნი არიან თავდამსხმელის შეძენაზე, მაგრამ შემდეგ მცველის დამატებაც სურთ. თავის მხრივ, „ემპოლის“ მიზანია, ტალანტი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნოს, ამიტომ ტრანსფერი და შემდეგ ტოსკანელებისთვის ექვსთვიანი იჯარით გოგლიჩიძის დათმობა სასურველი გამოსავალი იქნება.
თუმცა ამ ბრძოლას, „მილანთან“ ერთად, „იუვენტუსიც“ შეუერთდა. ტურინელების სპორტული დირექტორი კრიშტიანო ჯუნტოლი ბოლო დღეებში დაინტერესდა მცველით, რომელიც ქუთაისის „ტორპედოდან“ იტალიაში 12 თვის წინ ჩამოვიდა. მისი მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა, მაგრამ ქართველი მზადაა ნახტომისთვის“, – წერს იტალიური გამოცემა.
1tv.ge
GIPHY App Key not set. Please check settings