“ვოლფსბერგერის” ქართველი მცველის ლუკა ლოჩოშვილის გმირულ საქციელს ავსტრიაში დიდი გამოხმაურება მოყვა.
შეგახსენებთ, ჩვენიანმა მეტოქის მოთამაშე გადაარჩინა.
„აუსტრიასა“ და „ვოლფსბერგერის“ მატჩის (1:0) დასრულებას ბევრი არ აკლდა, როდესაც შეჯახებისას გეორგ ტაიგლის შემთხვევით სახეში მუხლი მოხვდა და გონება დაკარგა. 23 წლის ლოჩოშვილმა მეტოქეს სასწრაფო დახმარება აღმოუჩინა.
საბოლოოდ, ტაიგლი გონზე მოვიდა, მოედნიდან გავიდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თანაგუნდელები და მეტოქეები კი ლოჩოშვილს გადაეხვივნენ და მადლობა გადაუხადეს.
დღის გმირი: ლოჩოშვილმა მეტოქე გადაარჩინა
ავსტრიული გამოცემა 90minuten იმასაც აღნიშნავს, რომ თამაშის შემდეგ ლოჩოშვილმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა.
„ლუკა ლოჩოშვილის რეაქცია ადასტურებს, რომ ყველა სპორტულ მეტოქეობაზე ბევრად მეტიც არსებობს. ქართველმა ამის შემდეგ უკრაინისადმი სოლიდარობაც გამოავლინა – მას მაისურზე ეწერა Stand with Ukraine – Stay strong („დადექი უკრაინასთან, იყავი მტკიცე“). ცნობისთვის: 2008 წელს პუტინი ლოჩოშვილის სამშობლოს წინააღმდეგ აგრესიას ხელმძღვანელობდა“, – წერს ავსტრიული გამოცემა.
სოციალურ ქსელში კომენტარი თავად ფეხბურთელმაც გააკეთა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა:
„ძალიან ვაფასებ, რომ ფეხბურთი არის პატივისცემა და სამართლიანი თამაში. მნიშვნელოვანია, რომ „აუსტრიას“ მოთამაშე თავს კარგად გრძნობს და მისი სიცოცხლე გადავარჩინეთ. ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას. ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერს აქვს მნიშვნელობა, განსაკუთრებით იმას, რაც ახლა ხდება უკრაინაში – იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელთაც ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვთ. ამიტომ გადავწყვიტე მათი მხარდაჭერა, რომ შეჩერდეს ომი – ყველა ადამიანის სიცოცხლე ძვირფასია!“, – წერს ლოჩოშვილი.
GIPHY App Key not set. Please check settings