ჩემპიონთა ლიგის ფინალი? – ალბათ, მკითხველთა უმრავლესობას სწორედ ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ჩემპიონატის ფინალი გაახსენდა, თუმცა, სულ ტყუილად. 28 მაისს, “სტად დე ფრანსზე” მადრიდის “რეალი” და “ლივერპული” დაეჭიდებიან ერთმანეთს და ევროპული ფეხბურთის უახლეს გვირგვინოსანსაც გამოავლენენ, თუმცა ხსენებული ფინალიდან მეორე დღეს “უემბლიზე” – ჩემპიონშიფის პლეი ოფის ფინალი გაიმართება. “ჰადერსფილდ თაუნი” “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ.
კარგი, ახლა იმის შესახებ თუ რატომაა ეს მატჩი ყველაზე ძვირადღირებული. მიზეზი ტრივიალურია: სასწორის პინაზე პრემიერლიგის მესამე, დასკვნითი საგზური დევს, რაც მიახლოებით კლუბის ბიუჯეტის 170 მილიონ გირვანქიან ზრდას ნიშნავს. ამიტომაცაა, რომ ჩემპიონშიფის ფინალი ყველაზე ძვირად ფასობს.
ახლა კი ორიოდ სიტყვით ფინალში გასულ გუნდებზე: “ნოტინგემ ფორესტი” ბრაიან კლაფი და მისი დიდების წლები სტაჟიან გულშემატკივარს ემახსოვრება. 1979 და 1980 წლებში ზედიზედ ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი (ახლანდელი ჩემპიონთა ლიგა), ასევე ინგლისის ჩემპიონობა და ა.შ. ეს ყველაფერი გარიბალდიანთა ტკბილი მოგონებების მუზეუმში ბინადრობს, დღეის მოცემულობით კი გუნდს 23 წელია პრემიერლიგაში არ უთამაშია. სეზონის სტარტზე ვინმეს რომ ეთქვა “ფორესტი” ფინალში გავაო, ალბათ, შლეგად შერაცხავდნენ. მიზეზი? – იმ 108 წლის განმავლობაში, რომელიც გუნდმა ინგლისის საფეხბურთო ლიგებში გაატარა, მიმდინარეზე უარესი სტარტი არასოდეს ჰქონია. საწყის 7 ტურში 1 კინკილა ქულა და პოზიცია ცხრილის ფსკერზე. ამის შემდეგ კი საქმეში სტივ კუპერის მაგია ერთვება, ‘’ექსპელიარმუს’’ და ლამის მთელი ლიგა განაიარაღა.
რაც შეეხება კარლოს კორბერანის ‘’ჰადერსფილდს’’. ეს გუნდი ინგლისის სამგზის ჩემპიონია, ოღონდ 1920-იან წლებში, მაშინ, როცა ყველას ჯერ კიდევ ტიტანიკის ტრაგედია ეკერა პირზე. აწმყოში კი გამოსარჩევია 2018/19 წლების სეზონი. დავიდ ვაგნერის ტერიერები პრემიერლიგაში აღზევდნენ, მაგრამ სეზონი კატასტროფული გამოდგა. ჩემპიონ “მანჩესტერ სიტისთან” სხვაობა მთელი 82 ქულა (რაც სრული ანტირეკორდია). მიმდინარე სეზონში კი 39 წლის კარლოს კორბერანმა ლამის შეუძლებელი მოახერხა. მარსელო ბიელსას ნაასისტენტარმა ესპანელმა არაფრისმთქმელი შემადგენლობა პრემიერლიგის პრეტენდენტად აქცია.
მოკლედ, ამბიციური კარლოს კორბერანისა და მეტამორფოზისტ კუპერს შორის ვინ გაილაღებს და რომელი მოუპოვებს გუნდს 170 მილიონ გირვანქას, 29 მაისს ვიხილავთ…
GIPHY App Key not set. Please check settings